in

“ჩვენ ნეგატიურ ინფორმაციაზე უარი ვთქვით” – aww.ge

Startauperi
Startauperi

ბოლო პერიოდში ქართულ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა საიტების თუ საინფორმაციო სააგენტოების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ონლაინ ბიზნესი საქართველოშიც აქტუალური გახდა და რეკლამის დამკვეთები ამ სფეროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. თუმცა, საკითხავია რამდენად ხარისხიანია ის პროდუქტი, რასაც ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელს და რეკლამის დამკვეთს სხვადასხვა საიტის ავტორები აწვდიან. ქართული საიტის, Aww.ge -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების დირექტორი, გიორგი რომანაძე მარკეტერს საიტ Aww.ge-ს შექმნის ისტორიასა და ამ სფეროში მიღებულ გამოცდილებაზე ესაუბრა.

 M: გიორგი, როდის და რატომ გაჩნდა ქართული საიტი aww.ge-ს შექმნის იდეა?

ამ საიტის შექმნამდე, ორი წლით ადრე, უცხოური საიტი გვქონდა, რომელიც ძირითადად ამერიკულ და ბრიტანულ ტრაფიკზე (მომხარებელზე) იყო გათვლილი. ეს საიტი, Fulltrain.net, საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და დღესაც ფუნქციონირებს. დროთა განმავლობაში ვიფიქრეთ, რომ ამგვარი საიტი საქართველოშიც გაამართლებდა, თუ მოვარგებდით ქართველ მომხმარებელს. შესაბამისად შევქმენით aww.ge, რომელზეც მხოლოდ დადებითი შინაარსის სტატიებს ვაქვეყნებთ. ეს ჩვენს საიტზე რეკლამის განთავსების მსურველებისთვისაც მომგებიანია, რადგან როცა ადამიანი დადებითად არის დამუხტული, სარეკლამო ბანერსაც დადებითად აღიქვამს.

M: ინტერნეტ სივრცეში ოპერირების სურვილი რატომ გაგიჩნდათ, ონლაინ ბიზნესი დღეს ე.წ. ტრადიციულ ბიზნესზე მომგებიანია?

ონლაინ ბიზნესი დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. შევიკრიბეთ მეგობრები, რომლებმაც ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა რაღაცის გაკეთება დავიწყეთ. მაშინ, როცა ვიწყებდით, საკმაოდ შეზღუდული გვქონდა როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური იგივე facebook, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ რომ ონლაინ სივრცეში უნდა გადავსულიყავით. თავიდან facebook გვერდი გავაკეთეთ, შემდეგ-უცხოური საიტი, რომელსაც მეტი მომხმარებელი ჰყავდა. საკმაო დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, მათ შორის- მედია მარკეტინგში და დღეს მხოლოდ დიდ კომპანიებთან ვთანამრომლობთ.

ქართული საიტი Aww.ge კი წლის დასაწყისში გავუშვით ინტერნეტ სივრცეში.

M: რატომ შეარჩიეთ საიტისთვის სახელი aww ?

ეს ინგლისური meme-დან არის და ნიშნავს ემოციას-: “რა საყვარელია! რა მაგარია!”-ს.

aww.geM: რა ფინანსური და ადამიანური რესურსი დაგჭირდათ თავიდან?

როცა უცხოურ საიტს ვაკეთებდით, მცირე რესურსები გვქონდა. Aww.ge-ს შექმნისას ამ მხრივ უკვე მეტად ძლიერები ვიყავით. თავიდან მხოლოდ დამფუძნებლები და ორი ჟურნალისტი ვმუშაობდით, ახლა კი ამ პროექტს მენეჯერი და ოთხი ჟურნალისტი უძღვება.

M: რა ასაკის და ინტერესების მქონე მომხმარებელზეა საიტი გათვლილი?

საიტი ძირითადად გათვლილია შუახნის ასაკის მომხმარებელზე. სტატიების მთავარი ღირებულებაა მასალის არსი და არა ფორმა, ამიტომ მომხმარებელთა მცირე დროით მოზიდვის მიზნით არ ვიყენებთ გამომწვევ ვიზუალებს და სხვა სახის მასალებს, არამედ ღირებული შინაარის სტატიებს ვაქვეყნებთ, საიდანაც მომხმარებელი მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს.

M: რა არის თქვენი ნიშა, განსხვავებულს რას სთავაზობთ მომხმარებელს?

აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ მიერ შექმნილ ხარისხიან პროდუქტზე. საიტზე არ იდება გადაკოპირებული მასალები. შესაბამისად, მომხმარებელი ჩვენს საიტზე შემთხვევით არ ხვდება. გაცნობიერებულად, მასალის შინაარსიდან გამომდინარე შემოდიან და ეცნობიან საიტს. აქედან გამომდინარე, რეკლამის დამკვეთებს ჩვენთან აქვთ ის პირობები, რასაც სხვა საიტები ხშირ შემთხვევაში ვერ სთავაზობენ.

M: ბევრი ქართული საიტია. როგორ ფიქრობთ, გყავთ კონკურენტები?

რაც შეეხება ჩვენი სტილის საიტებს, დიდი განსხვავებაა ხარისხს შორის. ბევრი მომართულია მხოლოდ მომხმარებლის საიტზე გადასაყვანად და აზიარებს არასწორ, მცდარ ინფორმაციებს. რეკლამის განმთავსებლები სამწუხაროდ ხშირად არ უყურებენ, ტრაფიკი, ანუ საიტის სტუმართა რაოდენობა რამ გამოიწვია; ისინი დარჩნენ თუ არა საიტზე, გაეცნენ თუ არა მასალას და ა.შ. თუ რეკლამის დამკვეთები საიტის დონეს გაეცნობიან და დააკვირდებიან, ალბათ ბევრ საიტზე აღარ განათავსებენ რეკლამებს. ამიტომ ამგვარ საიტებს კონკურენტებად არ აღვიქვამთ. ასეთი საიტები ძირითადად აკოპირებენ მასალებს.

როცა ბაზარზე შემოვედით, ზუსტად ოთხ დღეში top.ge-ზე (პოპულარული ქართული საიტების რეიტინგის მაჩვენებლი. ავტ.) რეიტინგით მეორე ადგილზე ვიყავით და ორ კვირაში ყველა საიტი ჩვენნაირი სტილით დებდა სათაურებსაც და ტექსტებსაც. ამის არ გვეშინია, რადგან ვიცით რომ პირველები ვამბობთ ჩვენს სიტყვას და ინტერნეტ სივრცეში გარკვეულ რეალობას ჩვენ ვქმნით, შესაბამისად ნაღებსაც ვხსნით.

ახლო მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი საიტების გაკეთებას, ასევე ვაპირებთ საინფორმაციო საიტების გაკეთებას.

M: საინფორმაციო საიტის გაკეთებას რატომ გეგმავთ, aww.ge არ არის ამდენად კომერციული?

Aww.ge კომერციული თვალსაზრისით საკმაოდ კარგი საიტია, ხარისხი მაღალია, შესაბამისად ძვირად იყიდება. უბრალოდ, გვინდა რომ გვყავდეს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელი. არამარტო საინფორმაციო, სექტემბრიდან სპორტული შინაარისს საიტს ვაკეთებთ. თანდათან ყველა მიმართულების მოცვა გვინდა. საინფორმაციო საიტის გაკეთებას მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი უნდა, ამიტომ ჯერ არ ვჩქარობთ და ამისთვის კარგად ვემზადებით.

ავტორი: მანანა ნოდია

ლუდი ნატახტარის გიგანტი ბოთლები

Moon candles – საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი დეკორატიული სანთლები