in

ნეგატიურ უკუკავშირზე ყველაზე ადეკვატური პასუხი „მადლობაა“

უკუკავშირის მიღება, პირადი თუ საქმიანი ურთიერთობებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა მის ადეკვატურ მიღებას გამოცდილება სჭირდება. ვცადოთ და უკუკავშირის განსაზღვრებებად გამოვიყენოთ: პოზიტიური – რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი დიდი სიამოვნებით იღებს და კონსტრუქციული (და არა – ნეგატიური), რომლის შემთხვევაშიც, უკუკავშირის რეციპიენტი, დიდი ალბათობაა, რომ თავდაცვაზე გადავიდეს. მაგალითად, როგორც კი ჩვენი სუბიექტური აღქმის შეუსაბამო უკუკავშირს ვიღებთ, ჩვენ გარეგნულად/შინაგანად თუ ინტუიციურად, მას არ ვეთანხმებით. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს. „არასწორი“ უკუკავშირი კი, იძულებულს გვხდის, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი ჩავრთოთ და რეაქცია სხვადასხვა ფორმით გამოვხატოთ.

საკითხის უკეთ შესასწავლად, ქოუჩმა, პიტერ ბრეგმანმა გადაწყვიტა, საკუთარ თავდაცვით რეაქციებში გარკვეულიყო და თანამშრომელს მისთვის გულწრფელი ნეგატიური უკუკავშირის მიცემა სთხოვა.

„ღრმად ჩავისუნთქე და მოსასმენად მოვემზადე. მინდოდა, ყველაფერი შემემჩნია, რაც ჩემს გონებასა და სხეულში მოხდებოდა“.

შენ ზედმეტად ბევრს მუშაობ“, – მითხრა თანამშრომელმა და რატომღაც, ეს შეფასება კომპლიმენტად მივიღე. სინამდვილეში, ის ჩემთვის იმის თქმას ცდილობდა, რომ ასეთ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება არახელსაყრელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ორგანიზაციისთვისაც. თუმცა ამაზე ჩემი თავდაცვითი რეაქცია სიამაყის განცდა აღმოჩნდა. ამას სწრაფადვე მოჰყვა შემდეგი ფიქრები, რომ  ჩემი თანამშრომელი თვითონ, საკმარისად ბევრს არ მუშაობდა და ჩემს შრომას ამიტომ აფასებდა გადამეტებულად. მოკლედ, მისი უკუკავშირი, როგორც ჩემს ეგოს ერჩია, ისე გადავხარშე და ჩემი სუბიექტური დაშვებებით, სარწმუნო გავხადე. შემდეგ, ამომიტივტივდა ფიქრები, რომ აუცილებლად კარგად უნდა ვიმუშაო იმიტომ, რომ ბიზნესი ჩემზეა დამოკიდებული. და დიახ, მე ნამდვილად ბევრს ვმუშაობდი, თუმცა ეს ჩემი შეცდომა სულაც არ იყო.

ამასობაში კი, მუცელი ამტკივდა. თავს დაუცველად ვგრძნობდი იმის გამო, რომ არ შემეძლო, იდეალური ვყოფილიყავი. ეს იყო ფიზიკური რეაქცია იმაზე, რომ აღმოვაჩინე, რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი.

როგორც ქოუჩი, ხშირად, ადამიანებს ისეთ უკუკავშირს ვაძლევ ხოლმე, რომლის მოსმენაც არც ისე მარტივია და ახლა მე ვიყავი მსგავს სიტუაციაში. ვფიქრობდი რა ჩემს რეაქციაზე, რომელიც კლიენტებისგანაც ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, გადავწყვიტე, ის საერთო თავდაცვითი რეაქციები გამეზიარებინა, რომელსაც უკუკავშირის რეციპიენტები ვამბობთ ხოლმე. იმისთვის, რომ არც ისე სასიამოვნო პროცესს რაღაცნაირად გავუმკლავდეთ:

მსხვერპლის როლის თამაში: „კი, ეს მართალია, მაგრამ ჩემი ბრალი არა“;
სიამაყე: „ხო, მართალია, მაგრამ ეს ხომ კარგია“;
მინიმიზაცია: „ეს რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს“;
უარყოფა: „მე ამას ასე არ ვაკეთებ“;
თავიდან აცილება: „ეს სამსახური არ მჭირდება“;
დადანაშაულება: „პრობლემა ჩემ გარშემო ხალხია“;
წინააღმდეგობის გაწევა: „ძალიან ბევრი მაგალითია, როცა მსგავს სიტუაციაში სხვანაირად მოვქცეულვარ“;
შეტევა: „მე შეიძლება ასე მოვიქეცი, მაგრამ შენ უარესიც გაგიკეთებია“;
დაკნინება: „შენ არაფერი გაგეგება“;
თემის გადატანა: „ეს, რეალურად, მნიშვნელოვანი თემა არც არის“;
გადაბრალება: „მე რამდენიმეს ვკითხე აზრი და არავინ დამთანხმდა უკუკავშირზე“;
ხუმრობა: „არ ვიცოდი, ასეთი სულელი თუ ვიყავი“;
გაზვიადება: „ეს საშინელებაა. გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი“.

თუ უკუკავშირის მიღების პროცესში ზემოჩამოთვლილი ფრაზებიდან, რომელიმე გამოგიყენებია, ეს დასტურია იმისა, რომ შენი ეგო სწავლების ძალიან მნიშვნელოვან გზას ადგას და მალე იმასაც გაიაზრებს, რომ ამ პროცესში, ყველაზე გულწრფელი და ადეკვატური პასუხი უნდა იყოს „მადლობა – გულწრფელად ვაფასებ, რომ ჩემთვის დრო და ძალისხმევა დახარჯე“.

რა პასუხის მოლოდინი გექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს რაიმე საჩუქარს გაუკეთებდი? ალბათ, „მადლობის“ ხომ?! – უკუკავშირი ჩვენთვის მორთმეული ძალიან ძვირფასი საჩუქარია, რადგან ის გვეხმარება, უკეთესები გავხდეთ და განვვითარდეთ.

მოუსმინე, მიიღე და იყავი ამისთვის მადლიერი. შედეგად, მიიღებ იმას, რომ სათქმელს პირადად შენ გეტყვიან და არა – ზურგსუკან. რაც იმის შესაძლებლობასაც მოგცემს, რომ ყოველი მომდევნო კონსტრუქციული უკუკავშირი დაძაბულობისა და ნეგატიური განცდების გარეშე მიიღო, ანუ აღარ მოგიწიოს თავდაცვით პოზიციაში ყოფნა.

მას შემდეგ, რაც კოლეგამ მითხრა: „შენ ზედმეტად ბევრს მუშაობ“ და მე ჩემს თავდაცვით რეაქციებს დავაკვირდი, მივყევი ჩემივე რჩევას და ვუთხარი: „მადლობა“.

წყარო: HBR



Lenovo-მ დასაკეცი ეკრანის მქონე ლეპტოპი წარადგინა

ღვინო „ძველი თბილისი“ ახალი ეტიკეტით