კოქტეილების მოყვარულებმა კარგად ვიცით, რა არის ნეგრონი. ეს ცნობილი იტალიური კოქტეილია, რომელიც კამპარით, ჯინითა და ვერმუტით მზადდება, ფორთოხლის ნაჭრით ფორმდება და, როგორც წესი, აპერიტივოდ გამოიყენება, რადგან მისი არომატები აღძრავს მადას. ნეგრონს, ასევე, ძალიან უხდება ყინული.
თუ ამ შესავლის წაკითხვისას ნერწყვი მოგადგათ და ნეგრონის გემო გაგახსენდათ, გეტყვით სიახლეს, რომელიც მოტივაციას მოგცემთ, 16 სექტემბრიდან აქტიურად ესტუმროთ სხვადასხვა სივრცეს და დააგემოვნოთ საყვარელი სასმელი.
მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ…
2013 წელს Imbibe Magazine-მა და Campari Group-მა ერთობლივი ინიციატივა გამოიჩინეს და დააორგანიზეს Negroni Week – კვირეული, რომელიც ცნობილი იტალიური კოქტეილის პატივსაცემად ტარდება და, ამავდროულად, საქველმოქმედო მიზნებიც აქვს. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და დღეს ეს კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ის სასმლისა და ქველმოქმედების მოყვარულებს აერთიანებს და ასე, ერთობლივი ძალებით, ორგანიზაცია Slow Food-საც ეხმარება. ამ ხნის განმავლობაში კვირეულმა 5 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
Slow Food არის კომპანია, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღ, ბიომრავალფეროვან საკვებს და იბრძვის თანამშრომლებისთვის სამართლიანი შრომითი პირობების შექმნისთვის. ამიტომ ყველა ბარი თუ ობიექტი, რომელიც Campari Group-ისა და Imbibe Magazine-ის დაორგანიზებულ კვირეულში ერთვება, თავის მხრივ, მხარს უჭერს Slow Food-ის დიად მისიას. Negroni Week-ში სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უკვე მეორე წელია, მათ შორის საქართველოც არის.
წლევანდელი კვირეული 16 სექტემბერს დაიწყო და 22-ის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოდან მასში 20 ბარ-რესტორანია ჩართული. ესენია: Cocktail Factory Tbilisi, Suzie Wong, Saint-Tropez Restaurant, Izikaya Restaurant, Blanc Tbilisi, Left Bank, Kikodze და სხვა. სრული სიის ნახვა Negroni Week-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ. აქვე, ისიც შესაძლებელია, მიუთითოთ თქვენი მდებარეობა და საიტი გიპოვით თქვენთან ახლოს მყოფ ობიექტებს.
მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია კვირეულის ვებგვერდზე ხდება და ობიექტები დონაციაც აკეთებენ, რომელიც საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. წელს კვირეულში მსოფლიოში წამყვანი ბარები მონაწილეობენ მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. ამ ეტაპზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ცნობილია, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის კვირეულში. თავის მხრივ, Negroni Week ხელს უწყობს იმ ობიექტების პოპულარიზაციას, რომლებიც აქციაში არიან ჩართულები, ამიტომ საქართველოდან მონაწილე სივრცეებსაც შეუძლიათ, საკუთარი სახელი და ბრენდი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ 2023 წელს 600 000$-ზე მეტი მოგროვდა და საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. შარშან მხოლოდ 60 ქვეყანა მონაწილეობდა და 12 000-ამდე ობიექტი იყო დარეგისტრირებული.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ კვირეულის ნაწილად თქვენც იქცეთ? ბევრი არაფერი, უბრალოდ შესაბამის ობიექტში მისვლა, Campari-ით მომზადებული ნეგრონის შეკვეთა და ერთ-ერთი საუკეთესო სასმლის დალევა. თუ კოქტეილების მოყვარული ხართ, მოინიშნეთ კალენდარში 16-22 სექტემბერი, გადაამოწმეთ ვებგვერდზე, რომელ ობიექტში შეიძლება წასვლა და ისიამოვნეთ იტალიური გემოებით.
[R]