25
Oct
2019

“ნეონის ძვირადღირებულ განათებას ბიუჯეტური ალტერნატივა მოვუძებნეთ” – სტარტაპი Neon Gallery

25 Oct 2019

Startauperi
Startauperi


რა არის საჭირო ბიზნესის წამოსაწყებად? პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა შევუდგეთ საქმეს, თუ პირდაპირ დიდ მასშტაბზე დავიწყოთ მუშაობა? თუკი, ანტრეპრენერ მარიო ბერტას დავუჯერებთ, სტარტაპის წამოსაწყებად ისიც საკმარისია, რომ საწყის ეტაპზე, ბიზნესი შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ და მასშტაბებიც ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით განვსაზღვროთ. სწორედ ეს პრინციპი გამოიყენა ორმა დამ, ნინუცა და სალომე ხვადაგიანებმა. მათ ნეონის განათებას ბიუჯეტური ალტერნატივა მოუფიქრეს. სახელიც მარტივი – Neon Gallery – შეურჩიეს და უკვე ორი წელია, ავითარებენ საკუთარ საქმეს.

“თავიდან არც კი გვიფიქრია საკუთარ ბიზნესზე ან რაიმე სახის შემოსავალზე, უბრალოდ ღამით, უძილობის დროს ინტერნეტში “ძრომიალისას”, ყურადღება მიიქცია ფერადმა განათებამ, რომელიც ტრადიციულ ნეონთან შედარებით, ხელმისაწვდომი იყო. თან გვიყვარს ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ერთგვარი ჰობია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ოთახი გაგველამაზებინა. ჩვენმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა მეგობრებში. ჩვენც დავფიქრდით, მოგვინდა ჩვენი ქმნილებები სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. ინსტაგრამის გვერდი შევქმენით, არ ვიყავით ძალიან აქტიურები, ამის მიუხედავად ინტერესი ვიგრძენით უცხო ადამიანებისგან” – გვიამბო სალომე ხვადაგიანმა.

ნინუცა და სალომე ხვადაგიანები ბიზნესს სწავლას უთავსებენ. ორივე სტუდენტია – ნინუცა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსზე სწავლობს, სალომე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესს ეუფლება. სწავლასა და ბიზნესს სამსახურებსაც უთავსებენ. მარკეტერის შეკითხვებს სალომე ხვადაგიანმა უპასუხა.

M: ამ საქმის წამოწყება რამ გადაგაწყვეტინათ?

მივხვდით, რომ ხალხს უნდოდა ნეონის განათება ჰქონოდათ სახლში, თუმცა ტრადიციული ნეონი შედარებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ყველას არ სურს ამხელა თანხის გადახდა. ვიფიქრეთ, რომ ეს იდეალური ალტერნატივა იქნებოდა, როგორც სახლის დეკორაცია, ორიგინალური საჩუქარი, განათება ღონისძიებაზე…

ძალიან სასიამოვნოა განათების შექმნის პროცესი და შემდეგ რეაქცია, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ. აღტაცება, კომპლიმენტები არის ის, რაც კიდევ გვიჩენს იმის სურვილს, რომ ახალი ნამუშევრები შევთავაზოთ მათ.

M: ვისზეა გათვლილი ეს სერვისი?

რთულია ერთ სეგმენტზე ვკონცენტრირდეთ, რადგან სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები გვიკავშირდებიან მუდმივად. ფერებს ჩვენ არ ვირჩევთ, მომხმარებელზეა დამოკიდებული, როგორი დიზაინის და რა ფერის განათება სურთ. ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ ვარიანტებს, უპირატესობას წითელსა და ვარდისფერს ანიჭებენ. ჩვენს ფავორიტებს რაც შეეხება, ცივი ლურჯი შემიძლია გამოვყო (ice blue).

M: დაინტერესებულ ადამიანებს სად და როგორ შეუძლიათ შეკვეთა?

გვაქვს ინსტაგრამ გვერდი, სადაც ვიღებთ შეკვეთებს. ამჟამად, ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ. არ გვაქვს კონკრეტული ლოკაცია, თუმცა ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, რომ უფრო მარტივი იყოს მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეკვეთა და შეძენა.

M: როგორია საფასო პოლიტიკა?

ყოველთვის რთულია ფასებზე კონკრეტული პასუხის გაცემა. ყველა ნამუშევრის ფასი ინდივიდუალურია, რადგან განსხვავდება, ზომისა და დიზაინის მიხედვით. თუმცა სტანდარტულად გვიკვეთავენ 50 სმ-იან განათებას ერთ ფერში, რაც ჯდება 65 ლარი.

M: ამ ეტაპზე, რა გამოწვევების წინაშეა სტარტაპი?

მასალებს ვიღებთ უცხოეთიდან, ამიტომ ძირითადი გამოწვევა დამკვეთისთვის პროდუქტის დროულად ჩაბარებაა, რის გაუმჯობესებაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. თავად განათების დამზადებას არ უნდა დიდი დრო, დამკვეთის საჭიროებას გააჩნია. ასევე, პატარა პრობლემას ქმნის ისიც, რომ არ გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ უბრალოდ დაათვალიერონ და შეიძინონ სასურველი განათება.

M: ორივე მუშაობთ, სტარტაპის პარალელურად. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ბიზნესს?

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ყველაფრის შეთავსება სხვა დანარჩენთან საკმაოდ რთულია, მოითხოვს ათმაგ ძალისხმევას. ხშირად ვაკლდებით მნიშვნელოვან მოვლენებს, თუმცა ამ ეტაპზე ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. სამსახურს რაც შეეხება, მე ვმუშაობ Evolution Gaming-ში, ვარ თამაშის წარმდგენი, რაც სრულიად განსხვავებული სფეროა ამ საქმიანობისგან. ნინუცა კი, დაინტერესებულია მოდის სფეროთი და ცდილობს ამ კუთხით განავითაროს თავი, ამ ყველაფერთან ერთად. სამუშაო სივრცე სახლში გვაქვს მოწყობილი. იქვე გვაქვს მასალებიც და ტექნიკაც, ნეონის განათების შესაქმნელად.

M: რა პოტენციალს ხედავთ, ამ ბიზნესის განვითარების კუთხით?

უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ორი წლის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში, გვქონდა ხარვეზები, ჩავარდნები, წარუმატებლობა, იმედგაცრუება, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესისთვის, არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში! მთავარია, არ შეუშინდე გამოწვევებს, გადალახო ყველა წინააღმდეგობა, ახლაც განვითარების პროცესში ვართ, ვცდილობთ ყოველდღიურად დავხვეწოთ პროდუქტი და მომსახურება. დღეს, ამ ბიზნესში ვხედავთ დიდ პოტენციალს, ყველაფერი ჩვენს და ჩვენი მომხმარებლების წარმოსახვაზეა დამოკიდებული. ნეონის შესაძლებლობა უსაზღვროა.

სამომავლო გეგმას რაც შეეხება, გვინდა გვქონდეს “შოუ რუმი” და სახელოსნო გაერთიანებული, რათა უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია ჩვენსა და მომხმარებლებს შორის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა