in

ნესტან მიქელაძის ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოფინეს


საბედნიეროდ, დღევანდელმა სამყარომ ისეთი შესაძლებლობები გააჩინა, რომ ყოველგვარ საზღვრებს მიღმა გავდივართ და საკუთარ შემოქმედებითობას მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვანებისთვის — ისინი ფართო აუდიტორიამდე აღწევენ, მხოლოდ მცირე მასშტაბებით არ შემოიფარგლებიან. დღეს სწორედ ასეთ ამბავზე უნდა გიამბოთ: ქართველი მხატვრის, ნესტან მიქელაძის ნამუშევრები ნიუ-იორკის კოლექტიურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

ყველაფერი ესპანური კულტურის სახლის ინიციატივით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ გამორჩეულ არტისტებს. საკუთარი ნამუშევრების გაგზავნა ყველას შეეძლო, ორგანიზატორები კი თავად არჩევდნენ, რას გაიტანდნენ ნიუ-იორკის გამოფენაზე. ზოგადად, ამ ორგანიზაციას გამოფენების მოწყობის უდიდესი ისტორია აქვს, შესაბამისად, ნესტანისთვისაც სასიხარულო ამბად იქცა მათი მხრიდან გამოვლენილი ინტერესი.

„ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაზე მოხვედრა მნიშვნელოვანი მომენტია როგორც პირადად ჩემთვის, ისე ზოგადად საქართველოსთვის და ქართველი ხელოვანებისთვის. ჩვენი ხალხის პრობლემატიკა რჩება ჩვენთანვე, თუმცა ის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი პრობლემების უმნიშვნელობას არ ნიშნავს. თითოეული საკითხი გლობალური მნიშვნელობისაა — უთანასწორობა, ფემიციდი, ხმაწართმეული საზოგადოება და ა. შ. ამიტომაც, ჩემი იდეებისა და შემოქმედების წარმოსაჩენად მსოფლიო არტ სცენაზე წვდომა, სხვადასხვა ქვეყნის არტისტებთან შეხების წერტილის გაჩენა ძალიან საინტერესოა“, — აღნიშნავს ნესტანი.

რეალურად, ამ გამოფენის მიღმა ისეთი მულტიკულტურული სივრცე შეიქმნა, სადაც ხელოვანები საკუთარ შემოქმედებას არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ ერთმანეთსაც უზიარებდნენ. არტისთვის კი ეს განსაკუთრებით საინტერესოა ერთგვარი თვითრეფლექსიისთვის — ფართო პრიზმით აფასებენ, აკვირდებიან, როგორ ხედავენ სხვადასხვა თემას. ან საერთოდ რაზე ფიქრობენ, რა აინტერესებთ და ა. შ.

„განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტიც, რომ მაკა ბართაიაც, საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში, ესტუმრა შოუს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მისი და საკონსულოს მხრიდან. მსგავსი ნაბიჯები აუცილებელია ქართველი ხელოვანების შემოქმედების ზრდისთვის“, — ამბობს ნესტანი.


ავტორი: ქეთია ბელქანია


რა ზიანს აყენებს გარემოს პლასტმასა და რამდენი წელი რჩება მისი ნარჩენები ბუნებაში

„გრადა ვილას” გაყიდვები დაიწყო! – კეთილმოწყობილი საცხოვრებელი უბანი დიღომში