არიან ხელოვანები, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ თავში შემოქმედების ნიჭს… ნესტან მიქელაძეზე საუბარიც ასე უნდა დავიწყოთ — დაახლოებით 10 წელია ხატავს, ხელოვნება ყოველთვის არსებობდა მის ყოველდღიურობაში, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ძველი კარიერა, ანუ ფინანსისტობა.
ხატოვნად თუ ვიტყვით, მხატვრობა მისთვის ერთგვარი გაქცევის საშუალება იყო და ერთხელაც ასე გაიქცა სამუდამოდ: „მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი: ან პროფესიულ საქმიანობას უნდა გავყოლოდი, ან სრულიად შემეცვალა საქმიანობის სფერო და მთელი რესურსი ხელოვნებისკენ მიმემართა. ასე ჩამოვშორდი ძველს და დავიწყე ახალი“, — ამბობს ნესტანი. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ამჟამად ბერლინში მისი გამოფენა გაიხსნა Galeria Azur-ში, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევაა ყველა მხატვრისთვის.
ალბათ, რთულია ზრდასრულ ასაკში, როცა უკვე გაკვალულ გზას მიჰყვები, ადგე და რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში გადაინაცვლო. თუმცა შინაგანი მოწოდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ზუსტად იქ მივყავართ, სადაც უნდა ვიყოთ. „ხატვას მივუძღვენი-მეთქი თავი რომ ვთქვა, ცოტა არასწორი ფორმულირება იქნება. რეალურად, საკუთარ თავს მივუძღვენი. მივხვდი, საკუთარ თავთან არ ვიყავი მართალი და გადავწყვიტე, დამეწყო ის ცხოვრება, რომელიც მართლა ძალიან მინდოდა“.
M: ნესტან, ერთია ოცნებას მიჰყვე, მაგრამ მეორე — რეალობაში შეეჯახო იმ სირთულეს, რომელსაც თავის თავიდან დამკვიდრება ჰქვია. როგორი იყო შენთვის ეს პირველი ეტაპი?
სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში ყოველთვის ვემზადებოდი იმ მომენტისთვის, როცა საკუთარ თავს ამ კომფორტს შევუქმნიდი — ვიცხოვრებდი საქმიანობით, რომელიც ასე მიყვარს. მართლა არ ვიცოდი რა მოხდებოდა ან რას გავაკეთებდი, მაგრამ ვიქირავე სახელოსნო და თავიდან აქ რომ მოვდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რეალობად ქცეულ ოცნებაში ვცხოვრობდი და ეს ახლაც ასეა. მომეცა შესაძლებლობა, ნებისმიერ წამს ამეღო ტილო, ფუნჯი და ჩემი ემოცია თუ შეგრძნებები ასე გამომეხატა.
ნელ-ნელა საოცრად ბუნებრივი გახდა ეს მდგომარეობა და დავრწმუნდი, რომ ამგვარი ნესტანი ყოველთვის ცხოვრობდა ჩემში, „ძველ მეს“ გადაუსწრო, ძალიან გაიზარდა და ერთ მომენტში ამოხეთქა. მართალია, ბავშვობაში არ მქონია რაღაც განსაკუთრებული მიდრეკილება, მაგრამ ბოლო წლებია, ერთიანად შემოიჭრა ხელოვნება, მისი გავლით საკუთარი თავის ფილოსოფიური კვლევა და ამან მომიცვა მთლიანად.
ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ შემოქმედებითობის გარეშე სამყაროს ვერ აღვიქვამ — ზოგადად, მგონია, რომ ყოველი ჩვენგანი ძალიან შემოქმედებითია, თავად სამყაროც კი, თავისი არსით.
M: რა არის შენი ხელოვნება — რა განწყობებითაა სავსე?
ჩემი მხატვრობა საკუთარი თავის კვლევებზე დგას, ეს არის განვლილი გზები და ემოციები. მთელი პროცესი იმის ირგვლივ ტრიალებს, რომ ჩემი შინაგანი „მე“ უკეთ გავიცნო. ასევე, გულწრფელად გითხრათ, სამყაროს ვაძლევ საშუალებას, რომ ინტუიტიურად და არაცნობიერად რასაც ვგრძნობ, ის გამაკეთებინოს — ყველა ადამიანი რაღაცის გამტარი ვართ, ერთგვარი ენერგიების. ამრიგად, მთელი გონება იმისკენ მაქვს მომართული, რომ ჩემი თავი აღმოვაჩინო და ეს ძიება-მიგნებები გადმოვიტანო ტილოზე.
ზოგადად, ნესტანს ძალიან უყვარს ფერები, მრავალფეროვანი პალიტრით მეტყველება — თითოეულ მათგანს ხომ განსაკუთრებული სიმბოლური, იდეური თუ ემოციურ-გრძნობითი არსი აქვს. მაგალითად, წითელი რომ აღძრავს ისეთ განწყობას, ყვითლით ვერ მივიღებთ… თუმცა უახლეს სერიაზე მუშაობისას, გადაწყვიტა, შავ-თეთრ ტონალობაზე შეეჩერებინა არჩევანი.
M: ნესტან, ხშირად ფერადოვანი პალიტრის მოყვარულებს უჭირთ მხოლოდ შავ-თეთრის გამოყენებით მუშაობა, მაგრამ ახალი სერია სწორედ ამ ორი ფერით შექმენი — გვიამბე მასზე.
თითქოს, ბევრი ფერის გამოყენება რაღაც გაქცევის საშუალებას გაძლევს. მხოლოდ შავ-თეთრის გამოყენებისას კი მეტად უნდა დაუფიქრდე თითოეულ მონასმს. შესაძლოა, სხვა ფერსაც ჰქონდეს ასეთი მომენტი, მაგარამ ჩემ შემთხვევაში ამ ორს შეეხო. ამ სერიაზე მუშაობისას, ავტომატურად დავიწყე ყველაფერი, გარკვეული შიშის მომენტებიც მქონდა, რადგან უცბად შევეტაკე რაღაც სიახლეს და ასეთ დროს ხშირად ფიქრობ შენთვის ნაცნობთან დაბრუნებაზე.
თუმცა ვიცოდი, რომ გზა მხოლოდ წინ უნდა გამეგრძელებინა და შიშთან შეხვედრა ამოფრქვევის მომენტად მექცა — ამ გათავისუფლებას დაბნეულობა მოჰყვა. ზოგადად, როცა რაღაცისგან თავისუფლდები, ტვირთი კი გეხსნება, მაგრამ შენს ასეთ თავს არ იცნობ და ხელახლა გყავს შესასწავლი. ხოლო დროთა განმავლობაში არა თუ ერთი, არამედ რამდენიმე თავი ვიპოვე — ერთგვაროვნები ხომ არ ვართ, პირიქით, მრავალფეროვანები… მთელი ეს პროცესი დევს ამ „შავ-თეთრ სერიაში“.
M: გქონია ისეთი მომენტი, როცა ფიქრობ, რომ შემოქმედებითი „მარაგი“ ამოწურე და ვეღარაფერ ახალს შექმნი?
საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ აღმოვჩენილვარ მსგავსი განცდის წინაშე, მაგრამ ალბათ, ესეც ბუნებრივი იქნება, რადგან იმდენად დიდი ენერგია და ემოცია მიაქვს ამ პროცესს, რომ რაღაც მომენტში უნდა ჩაცხრეს. ახლა ეს სერია რომ დავასრულე, ჯერ ახალს ვერ ვიწყებ, მაგრამ ამას კრიზისს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, ის ძიება, რომელიც ტილოზე ნამუშევრებად დასრულდა, ჩემში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როცა მოცემულობას გააზრებულად აფასებ, ეს კრიზისიც ბუნებრივი, ლოგიკური და სასიამოვნო გვეჩვენება.
რა თქმა უნდა, ყველა ხელოვანთან საუბრისას საინტერესოა მათი შთაგონების გაგება, ის, თუ საიდან იღებენ იდეებს, როგორ უჩნდებათ რაღაც განსაკუთრებული ხედვა და ა. შ. ნესტანის შემთხვევაში ინსპირაციის წყაროდ ნებისმიერი რამის დასახელება შეგვიძლია — დილას ფანჯრიდან დანახული ხედით დაწყებული და ასე გაღვიძებული შორეული მოგონებებით დაწყებული, საკუთარ ემოციებზე დაკვირვებით დასრულებული. როგორც იხსენებს, წლების წინ იოგაზე დადიოდა და იქ ისწავლა, რომ როცა გონება თავისუფალია ნეგატივისგან, გაქვს უნარი, ყველაფერი ზუსტად იცოდე, ყველაფერი დაინახო და მიიღო. „როდესაც გონება ამ მდგომარეობაშია, ამოუწურავი წყარო გაქვს იდეებისთვის. შემიძლია, ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავი წარმოვიდგინო, ჩემივე ემოციები შევასხა და ჩემს ამბად ვაქციო“.
აქვე, პარალელისთვის, მართალია, ჯერ არ იწყებს ახალ სერიაზე მუშაობას, მაგრამ უკვე ერთგვარი წარმოდგენა აქვს მომავალ ნამუშევრებზე, რომლებიც 2019 წელს ბერლინში მოგზაურობას უკავშირდება.
M: შენთვის ბედნიერება უფრო ძლიერი ემოციაა შემოქმედებისთვის თუ ცოტა მწუხარება?
იცი, ბედნიერ ადამიანს რომ ჰკითხავ როგორ ხარო, სულ ორი სიტყვით გეტყვის — თითქოს, აქ არაფერია მეტი სათქმელი. ხოლო როცა უბედურს ჰკითხავ, შეიძლება, საათობით გელაპარაკოს… ცალსახად, თუ რაღაც გაწუხებს, აუცილებლად ბევრი რამ გაქვს გამოსახატი, მაგრამ ზოგჯერ იმის გამოხატვაც გინდა, როგორ არ გაწუხებს ის რაღაც.
ჩემს მაგალითზეც რომ ვთქვა, ერთი კონკრეტული ასპექტი რომ მოგიყვეთ, რაღაც მხრივ ბედნიერი ვარ, რაღაც მხრივ არა. უბრალოდ, ყველაფრის მოცემულობად მიღება ვისწავლე — თუ რამის შეცვლა შემიძლია, ვცვლი, თუ არადა, ამაზე დარდს არ მივყვები.
ალბათ, ნესტანის, როგორც აბსტრაქციების მოყვარული ხელოვანის შემოქმედებაში, აუცილებელი არც არის კონკრეტული ემოციებით შემოფარგვლა, რადგან მათი ყურებისას ყველა იმას აღიქვამს, რასაც შინაგანად განიცდის. აბსტრაქცია, ეს არის საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე რეფლექსიის საშუალება.
აღსანიშნავია, რომ ნესტანის შემოქმედებითი გზა უკვე ფართოდ გაიხსნა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ბერლინის გარდა, გამოფენების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- 2023. Van Gogh Art gallery – Madrid, Spain (Group show)
- 2023. International Contemporary Art Fair – Paris, France
- 2023. Daa Art PLatform – London, UK (online group show)
- 2022. December – Las Laguna Art Gallery – LA, California (online group show)
„ბოლოს ვიტყვი, რომ ყველაფერი გულწრფელად უნდა გამოხატო. თუ რაღაც ასე უნდა თქვა საკუთარი თავის გამოსახატად, აუცილებლად ასე უნდა გააკეთო. ეს რთულიცაა, რადგან გარშემო უამრავი სტერეოტიპი არსებობს და ავტომატურად სადღაც ვიდრიკებით, სადღაც უკან ვიხევთ… მაგრამ მე ვიცი რაში ვარ მაგარი — იმაში, რომ ვიყო ის, რაც ვარ. ვფიქრობ, რაც უფრო ავთენტური ხარ, მეტად გიღებს ხალხიც“.
ავტორი: ქეთია ბელქანია