24
Jan
2020

მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის ხმა აღადგინეს

24 Jan 2020

Alta
Alta


თუ ოდესმე ინგლისის ჩრდილოეთით, ქალაქ ლიდსსა და მის მთავარ მუზეუმს ეწვევით, ეგვიპტელი მღვდელმსახურის – ნესიამანის მუმიის მონახულებასაც შეძლებთ. მის სარკოფაგზე კი ნახავთ ერთ განსაკუთრებულ წარწერას, ნესიამანის სიკვდილისწინა სურვილს – მისი ხმა გაეგოთ იმ სიცოცხლეში, რომელიც სიკვდილის შემდეგ ელოდა.

მუმიფიცირებიდან 3000 წლის შემდეგ, ეს სურვილი მას თანამედროვე მეცნიერებმა შეუსრულეს. ამისათვის კი დაასკანერეს და შეისწავლეს მისი საყლაპავი მილი, ხმის იოგების განლაგება და შექმნეს ნესიამანის საყლაპავი მილის ასლი 3D პრინტერით. ამის შემდეგ, მეცნიერებმა 3D პრინტერით დაბეჭდილ ნესიამანის ხელოვნურ ხორხში ხელოვნური, ხორხისთვის სახასიათო ხმა გაუშვეს, რომელიც ნესიამანის ხორხის ასლმა გარდაქმნა. ასე მოხერხდა 3000 წლის წინ მუმიფიცირებული ეგვიპტელი მღვდელმსახურის ხმის მიღება.

ეს პირველი პროექტია, რომელიც მუმიის ხმის აღდგენის კუთხით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ ერთი ბგერის მოსმენა, თუმცა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, კომპიუტერული მოდელების გამოყენებით, ნესიამანის ხმით სრული წინადადებების გენერირებას შეძლებენ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ მუმიის ხმას მოუსმინოთ. ნესიამანისა და მისი ხმის აღდგენის დეტალებზე კი ქვემოთ, BBC-ზე დაყრდნობით, უფრო ვრცლად მოგიყვებით.

უფრო კონკრეტულად, როგორ აღადგინეს ნესიამანის ხმა?
ადამიანებში ვოკალური ტრაქტი წარმოადგენს კომპლექსს, სადაც ხმა ერთგვარ ფილტრაციას გადის. ხმა, რომელიც წარმოიქმნება ხორხში გადაუმუშავებელია და ის თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურ, სახასიათო ჟღერადობას ამ ვოკალური სისტემის გავლით იღებს. როგორც უკვე ვთქვით, ნესიამანს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მისთვის დამახასიათებელი ხმა ჰქონდა და სწორედ ამიტომ, ამ ხმის რეპროდუქციისთვის, მეცნიერებმა მისი ვოკალური ტრაქტის შესწავლისა და მისი ასლის დამზადების ხერხს მიმართეს. თუმცა, ეს პროცესი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ვოკალური ტრაქტი კარგადაა შენახული.

გამომდინარე იქიდან, რომ ნესიამანი მუმიფიცირებული იყო და მისი საყლაპავი მილის რბილი ქსოვილები – ხმის იოგები, ფაქტობრივად, ხელუხლებელი, შესაძლებელი გახდა მისი ასლის შექმნა. ხოლო ასლის შექმნის პირველი ეტაპი მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფია იყო (ხორხის სრული სკანირებისთვის). სხვა მხრივ, ხორხის ხელოვნური ხმა კომპიუტერული მოდელის მიერ იყო გენერირებული. ეს იგივე მეთოდია, რასაც თანამედროვე საუბრის სინთეზის სისტემაში იყენებენ.

პროექტში ლიდსის მუზეუმი, ნიუ-იორკისა და ლონდონის უნივერსიტეტების მეცნიერები იყვნენ ჩართულები.

ნესიამანის ვოკალური ტრაქტის 3D მოდელი

ვინ იყო ნესიამანი?
ნესიამანი მღვდელმსახური იყო, რომელიც რამზეს XI-ის ფარაონობის პერიოდში მოღვაწეობდა. ეს იყო ძველი წელთაღრიცხვით 1099-1069 წლები. როგორც მღვდელმსახურს, ნესიამანს ძლიერი ხმა და სიმღერის უნარი უნდა ჰქონოდა. ის იყო მღვდელსახური ამუნის ტაძარში, რომელიც კარნაკის კომპლექსის ნაწილია და უძველეს ეგვიპტურ ქალაქ თებესში მდებარეობს. ცნობილია, რომ ის უფროსი მღვდელმსახური იყო, რადგან ტაძარში ყველაზე საკრალურ ადგილთან – ამუნის ქანდაკებასთან მისვლა შეეძლო. მეცნიერების თქმით, მისი სიკვდილის მიზეზი ალერგიული რეაქცია იყო, ამ დროს კი ის 50 წელს იყო გადაცილებული.

განხილვა