„ნეტავ, სად ვართ და სად მივდივართ?“ — ამ კითხვას მეტისმეტად ფილოსოფიურად ნუ ჩაუღრმავდებით და ნურც ეგზისტენციალურ კრიზისს აჰყვებით… ყოველ შემთხვევაში, სტატიის კითხვისას მაინც, რადგან ქართულ სივრცეში გამოჩენილ ახალ პოდკასტზე უნდა მოგიყვეთ. ეს არის იუთუბ-შოუ, რომლის ფარგლებშიც იმის გარკვევას ცდილობენ, რა ხდება დღეს ჩვენ ირგვლივ, რა გვახარებს და გვავითარებს.
NETAV Media-ს მიზანია, შეიქმნას ახალი ფორმატები, რომლებიც ზოგადად კულტურას, მეცნიერებას, მომავალს ეხება და აქტუალურია
„ნეტავ“ პოდკასტის განვითარებაზე გიგი ჯანელიძე (TBC დიზაინისა და UX-ის ხელმძღვანელი, დიზაინი ტრანსფორმაციის ლიდერი. NETAV-ის თანაპროდიუსერი) და ზაალ დანელია (NETAV-ის პროდიუსერი და რეჟისორი) ზრუნავენ, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მედია კონტენტის შექმნაში. თუმცა თავდაპირველად „ნეტავ“ Gzadagza Media-ს ნაწილი იყო — მის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს „გზადაგზას“ პროდიუსერმა გიური ჯოხაძემ და პოდკასტის თანაწამყვანმა, სტენდაპ-კომიკოსმა, ლუკა ხინიკაძემ.
„ჩვენ გვაერთიანებს დიდი მიზანი, რომ ქართულ YouTube-ზე გავაჩინოთ აქტუალური, ხარისხიანი და საინტერესო კონტენტი, სადაც, ერთი მხრივ, იქნება საგანმანათლებლო ფორმატები. ხოლო, მეორე მხრივ — ფორმატები, რომლებიც ჩვენს მაყურებელს გაართობს. გვჯერა, ქართულ მედიასივრცეში რაც უფრო მეტი თანამედროვე ფორმატი გაჩნდება, და რაც უფრო მეტ საინტერესო სახეებს აღმოვაჩენთ, მით უფრო დიდ წვლილს შევიტანთ კულტურის განვითარებაში“, — აღნიშნავს გიგი ჯანელიძე.
გარდა გართობისა და განვითარებისა, NETAV ერთგვარი „დაცული სივრცეა“, სადაც ნებისმიერ თემაზე საუბარი დასაშვებია; ყველა აზრი მისაღებია — არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა. უბრალოდ, ძირითადი ორიენტირი მაინც დღევანდელი რეალობა და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ტენდენციებია, იქნება ეს ფსიქოლოგია, მუსიკა, კინო, მეცნიერება, ოჯახური ურთიერთობები, წარმატების ისტორიები თუ თვითრეფლექსია.
როგორც გუნდის წევრები აღნიშნავენ, ამჟამად მსგავსი ფორმატი ნაკლებად გვხვდება. ასევე ამჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება საგანმანათლებლო და, ამავდროულად, გასართობი კონტენტი. მით უმეტეს, NETAV-ის გუნდისთვის კონტენტისა და ფროდაქშენის ხარისხზე აქცენტი ყველაზე პრიორიტეტულია — შესაბამისად, კარგ იდეას+ხარისხი=წარმატებას.
ამჟამად სამომავლო დეტალებს კი ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გუნდის წევრების თქმით, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. სავარაუდოდ, „ნეტავ, სად ვართ და სად მივდივართ“ ძიება, კარგი ამბებისკენ მიგვაქანებს!