This Is A True Story – ეს ნამდვილი ამბავია, ასე ეწოდება Netflix-ის ვიდეოთამაშს, რომლის სიუჟეტიც აფრიკაში ვითარდება და კონტინენტზე არსებულ მძიმე ვითარებას გვახსენებს.
ჩვენს პლანეტაზე 771 მილიონ ადამიანს სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არ აქვს. Netflix-ის თამაშს საფუძვლად, სწორედ ეს სტატისტიკა დაედო. This is A True Story-ზე ვიდეოთამაშების შემქმნელმა Frosty Pop-მა, ორგანიზაცია Charity Water-თან ერთად იმუშავა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ადამიანებს სასმელი წყლით ეხმარება.This Is A True Story ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მომხმარებლისთვის იქნება.
ვიდეოთამაში რეალური ინტერვიუებისა და ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. წლების განმავლობაში, Charity Water-ის გუნდის წარმომადგენლები სუბსაჰარული (საჰარას უდაბნოს სამხრეთი) აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობდნენ, მათ მიერ მოსმენილი რამდენიმე ქალის ისტორია, ვიდეოთამაშში სრული სიზუსტითაა ასახული.
This Is A True Story-ს სიუჟეტი ნარატიული თავსატეხია, რომელიც სუბსაჰარაში, აფრიკელი ქალის ირგვლივ ვითარდება. მთავარ გმირს ყოველდღიური ბრძოლა უწევს, რათა ოჯახისთვის სასმელი წყალი მოიპოვოს. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სუბსაჰარას ეგზოტიკური ბუნებით, სანამ მოულოდნელად თავს ქარიშხალი დაგატყდებათ ან ბრაკონიერები გამოჩნდებიან. ექსტრემალური სიტუაციებით დატვირთულ თავგადასავალში, დაბრკოლებებთან ერთად, მეგობრობის ხაზსაც შეხვდებით. თქვენ პატარა, საყვარელ ცხვართან დამეგობრება გელით.










