2007 წლიდან მოყოლებული, ანუ, მას შემდეგ, რაც Netflix-მა პირველად გამოუშვა თავისი სტრიმინგის სერვისი, ის ადამიანებისთვის ერთ-ერთ საყვარელ პლატფორმად იქცა. მომხმარებლები ერთმანეთს საკუთარი ანგარიშის მონაცემებსაც კი უზიარებდნენ და ასე გახდა ბევრი ჩვენგანი მასზე „დამოკიდებული“.
თუმცა მიმდინარე დღეებში კომპანიის თავს რაღაც უჩვეულო ხდება — The Wall Street Journal-ის თანახმად, ნეტფლიქსის აქციები 24 საათის განმავლობაში 32%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 222 მილიონი აბონენტიდან დაახლოებით 200 000 დაკარგა, რის გამოც ინვესტორებშიც დაისადგურა ერთგვარმა შიშმა.
ამის პარალელურად, გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეტფლიქსი აქტიურად ცდილობს თვითგანადგურებას. კომპანიის შეფასებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი იყენებს მის სერვისს სხვისი ანგარიშიდან. აქედან 100 მილიონი სხვისი ფულით უყურებს ფილმებს. ეს კი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის მომხმარებლების თითქმის მესამედს წარმოადგენს.
„ანგარიშის გაზიარება, როგორც ჩვენი ფასიანი წევრობის პროცენტი, დიდად არ შეცვლილა წლების განმავლობაში. თუმცა ბევრ ბაზარზე უფრო რთული გახდა წევრობის გაფართოება“, — ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები. ამიტომაც, Netflix-ის განცხადებით, ისინი გამოწერების ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ჩვენი ანგარიშების გაზიარებასაც შეგვიზღუდავს. კომპანიამ მარტში, მათთვის, ვინც საკუთარ ანგარიშს სხვას უზიარებს, დამატებითი გადასახადი დააწესა. ეს ექსპერიმენტული პროგრამა ჩილეში, კოსტა რიკასა და პერუშიც გააქტიურდა. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გადაიხადონ დამატებით საფასური, რათა თავიანთი ანგარიში ორ ადამიანს გაუზიარონ.










