მწვანე ეკრანის ტექნოლოგიამ დიდი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც 1930-იან წლებში პირველად დაინერგა. მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ისეთ პრიმიტიულ ვიზუალურ ეფექტებს იყენებდნენ, როგორიცაა მსახიობის მთვარეზე მოთავსება ან ლოს-ანჯელესის სტუდიიდან პარიზის ქუჩებში თუ კოსმოსში გადანაცვლება. დროთა განმავლობაში კი ტექნოლოგია მეტი შესაძლებლობებით დაიხვეწა…
მიუხედავად იმისა, რომ დეტალების დამუშავებაზე საგულდაგულოდ მუშაობენ, მწვანე ეკრანი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს იდეალურ სიზუსტეს — შესაძლოა, მაყურებელმა ზოგჯერ ადვილად შეამჩნიოს რეალური წარმოების საიდუმლოებები… საპასუხოდ, Netflix-ის მკველვრებმა დამატებითი ფერის ინტეგრირება გადაწყვიტა, რომელსაც Magneta-ს სახელით ვიცნობთ.
კომპანიის რამდენიმე სატესტო კადრში ორი მსახიობი ჩანს, რომლებიც ტრადიციული მწვანე ეკრანის წინ დგანან. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივი, საკუთარი ფერი ჰქონდეთ, მეწამულად „ანათებენ“ — წითელი და ლურჯი განათებების ნაზავი პირდაპირ მათზე ირეკლება, რაც შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარად შესამჩნევია. ამას ხელოვნური ინტელექტის მეთოდთან სინთეზში სამუშაოდ აკეთებენ, რომელსაც მარტივად შეუძლია გამოსახულებებისთვის კონკრეტული ფერის მოშორება.
ამ ეტაპისთვის გადამღები სტუდიები მწვანე ფერის ეფექტს იყენებენ — მაგალითად, მსახიობებსაც მწვანით მოსავენ, რათა ადვილად დაამატონ კონკრეტული სპეცეფექტები და მსახიობი დრაკონად აქციონ; ანალოგიურ გადაწყვეტად უძებნიან საგნებსაც. უბრალოდ, დამუშავების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, დიდ ძალისხმევას საჭიროებს და ზოგჯერ ყველა დეტალის სრულყოფილად გათვალისწინება ვერ ხდება. ამიტომაც გახდა საჭირო რაღაც ინოვაციურის შემუშავება, რაც ამჟამად AI-სა და Magneta-ს ერთობლიობას გულისხმობს.
მიუხედავად წარმატებული ექსპერიმენტებისა, საპროდიუსერო კომპანია Geiger Post-მა ტექნიკასთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვა: „აღსანიშნავია ამ მეთოდის კონტროლირებად სივრცეებში მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა კვლევის მიღმა დარჩა მწვანე ეკრანის გამოყენების უფრო სწრაფი და ზუსტი მეთოდების პოვნა, რაც დამატებით საჭიროებებს გამორიცხავდა…“.