in

არ იცით, რას უყუროთ? — Netflix რედიზაინით ამ კითხვას პასუხობს

მაყურებელი მრავალფეროვანი არჩევანით რომ არ გადატვირთონ, გამოსავალს AI-ით მიღებულ მარტივ ინტერფეისში ხედავენ — Netflix-მა აპლიკაციის რედიზაინი შემოგვთავაზა, პროცესი კი სრულად ხელოვნურ ინტელექტს მიანდო, რათა მომხმარებლებისთვის მუდმივად განახლებად კატალოგში ნავიგაცია გაეადვილებინა. ეს მოიცავს უფრო მარტივ განლაგებებსა და საძიებო ძრავას, რათა მომხმარებლებმა ნაკლები დრო დაუთმონ სქროლვას, მეტი კი ყურებას. 

BOG
BOG

ცვლილებებს შორის ყველაზე თვალსაჩინოა ჭკვიანი ტელევიზორების მთავარი გვერდი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არსებულ გვერდითა მენიუს ჩანართს ზედა სივრცეში მოთავსებული სანავიგაციო ზოლით ცვლის. ახლა ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა Shows, Movies, Games და My Netflix უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება. ხოლო, თუ სათაურზე მაუსს მიიტანთ, ისეთ ვარიანტებს დაინახავთ, როგორებიცაა #1 in TV Shows ან Emmy Award Winner, რათა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა მოგცეთ.

რაც შეეხება მობილურ ვერსიას, ნეტფლიქსი ვერტიკალურ გვერდს ტიკტოკიდან იღებს, სადაც სერიალებისა თუ ფილმების მოკლე ფრაგმენტებს გვაჩვენებს. ფორმატი სწრაფი დათვალიერებისთვისაა შექმნილი, რითაც მომხმარებლებს მცირე ფრაგმენტის ყურების შესაძლებლობას სთავაზობენ მანამ, სანამ სრულად ნახავენ ფილმს. 

როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი ცვლილება მომხმარებლების ძიების გამოცდილებაში იქნება. Netflix AI საძიებო ხელსაწყოს გვაცნობს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები OpenAI-ისთან ერთად შექმნა. შედეგად კი ახლა მაყურებლებს შეუძლიათ ფილმები, ჟანრისა და სათაურის მითითების მაგივრად, ისეთი ფრაზებით მოძებნონ, როგორებიცაა: რაღაც მსუბუქი და სასაცილო მინდა, თრილერი, რომელიც ღამით არ დამაძინებს — აღნიშნული ფუნქცია ამჯერად ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვის.

უნდა ითქვას, რომ დიზაინისა თუ ხელსაწყოების განახლებით ნეტფლიქსი მაყურებელთა ცვალებად ჩვევებს პასუხობს, რითაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაც სურთ. ფიქრობენ, რომ მეტად ინტუიციური ხელსაწყოებით მომხმარებელთა ჩართულობას უზრუნველყოფენ და რას ვუყურო? კითხვასაც წარსულს ჩააბარებენ…

პროკრედიტის რეგიონული ბიზნესშეხვედრები იწყება

„საქორწინო ბრინჯი“ — ბერძნული ტრადიცია მდგრად პრაქტიკად აქციეს