პოპულარული ფანტასტიკური დრამის „მხედვარი“ (The Witcher) ახალი სეზონის პრემიერამდე, Netflix-მა ნამდვილ ჯადოქრებს, წინასწარი პროგნოზების გასაკეთებლად, ჯადოსნური ძალების გამოყენება სთხოვა.
სერიალ The Witcher-ში გერალტ რივიელის, მარტოსული მონსტრებზე მონადირის, თავგადასავალია გადმოცემული. იგი ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს სამყაროში, სადაც ადამიანები ურჩხულებსა და მხეცებზე უფრო ბოროტები არიან.
წინასწარმეტყველებისთვის, Netflix-მა რუმინეთი აირჩია. ამის მიზეზი ეროვნული ფოლკლორი გახდა, რომელიც მოიცავს ზღაპრებს ტრანსილვანიის ვამპირების, დამარხული გიგანტებისა და ტრადიციული შელოცვების შესახებ.
სამი ცნობილი ჯადოქარი სახელად კასანდრა, არანკა და კრინა აირჩიეს. მათ სერიალის ფანები სოციალურ მედიაში The Witcher-ის უახლესი სეზონის შესახებ კითხვებს უსვამდნენ. ჯადოქრები კი საკუთარ უნიკალურ ხელსაწყოებს – გამდნარ ტყვიას, ტაროს ბარათებსა და ბროლის ბურთს იყენებდნენ, რომ დაენახათ თუ რა ხდებოდა შემდეგ სეზონში.
48 საათის შემდეგ, სეზონის ოფიციალურად გამოშვებამდე ერთი დღით ადრე, ჯადოქრებმა თავიანთი რეალური, დაუწერელი პასუხები სერიალის ფანებს მისცეს. იმის გასაგებად, მართლები იყვნენ თუ არა, ერთადერთი გზა სერიალის ყურება იყო.
იდეა, Netflix-ისთვის, კრეატიულმა სააგენტომ „Publicis Italy – Le Pub Milan-მა“ განახორციელა.












