Netflix იმ კომპანიათა რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც რუსეთში საკუთარი სერვისის გაუქმება გადაწყვიტა. მიზეზი კი ამ შემთხვევაშიც ერთია — რუსეთ-უკრაინის ომი. “არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რუსეთში ჩვენი სერვისი შევაჩეროთ”, — განმარტა ნეტფლიქსის სპიკერმა, ემილი ფეინგოლდმა.
გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ ახალ რუსულ კანონს არ დაემორჩილებოდა, რომელიც მას 20 პროპაგანდისტული არხის მასპინძლობას ავალდებულებდა, როგორიცაა NTV და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირველი არხი. ამას მოჰყვა განცხადება რუსეთში ყველა წარმოებისა და შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. Bloomberg-ის თანახმად, Netflix-ს ამ დროისთვის რუსეთში 1 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
საგულისხმოა, რომ კინოინდუსტრიის სხვა გიგანტებმა, მათ შორის Disney-მ, Warner Brothers-მა, Paramount Pictures-მა და Sony-მ, გადადო ახალი ფილმების რუსეთის კინოთეატრებში ჩვენება.
ასევე, გუშინ შეზღუდვების დაწესება დაიწყო TikTok-მა, რაც დეზინფორმაციის გავრცელების საპასუხო რეაგირებას წარმოადგენს.