in

Netflix ვიდეო თამაშების მიმართულებას ავითარებს!

მისთვის მომხმარებლები დამატებით საფასურს არ გადაიხდიან

veon
veon

Netflix პირველ დიდ ნაბიჯს დგამს სატელევიზიო შოუებისა და ფილმებს მიღმა – კომპანია ვიდეო თამაშების მიმართულების განვითარებას გეგმავს, რასაც “ელექტრონიკ არტსისა” და “ფეისბუქის” ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკ ვერდუ, ჩაუდგება სათავეში.

მართალია, ნეტფლიქსმა, თავისი შოუების საფუძველზე, თამაშების ლიცენზირება ადრეც მიიღო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო ფართო სახეს იძენს. როგორც ცნობილია, ნეტფლიქსის სტრიმინგ პლატფორმაზე ვიდეო თამაშების შეთავაზება მომდევნო წლიდან დაიწყება. თანაც, თამაშები მიმდინარე ტარიფების ფარგლებში გამოჩნდება და დამატებითი საფასური არ დაწესდება. მანამდე კი კომპანია თამაშებისთვის განკუთვნილ გუნდს უახლოეს თვეებში შექმნის. ამას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიები მოწმობს.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ნეტფლიქსის აქციები 3.3%-ით გაიზარდა, გუშინ კი ამას 1.3%-იანი ზრდა დაემატა. ბუნებრივია, კომპანია მეტი განვითარების გზას ეძებს, რაც მოიცავს როგორც საბავშვო პროგრამების შემუშავებას, ისე ონლაინ სავაჭრო მაღაზიის გახსნას.

მართალია, კომპანია ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს, როგორიცაა Disney + ან HBO Max, თუმცა ბოლო პერიოდში მოსალოდნელზე ნაკლები აბონენტი ჰყავს. ვიდეო თამაშების დანერგვა კი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს, რაც, სავარაუდოდ, წარმატებული აღმოჩნდება.

როგორც ვიცით, მრავალი უდიდესი ტექნიკური კომპანია ავითარებს სათამაშო შესაძლებლობებს. მაგალითად, Apple-ის თამაშების პლატფორმა Arcade, ასევე TV + მომსახურება ორიგინალური ვიდეოპროექტებისთვის. თუმცა ნეტფლიქსისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დამატებითი გადასახადია დაწესებული.

“მიუხედავად იმისა, რომ ამან, შესაძლოა, არ მოიტანოს დამატებითი შემოსავლები, ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზრდის მომსახურების მიმზიდველობასა თუ ფასებს” – აცხადებენ კომპანიაში.

თავის მხრივ, ამ სიახლემ GameStop-ში ფასების კლება გამოიწვია – ვიდეო თამაშების საცალო ვაჭრობის კომპანიაში ფასები 10%-ით დაეცა.

ინტერაქციული შოუები

გარდა ამისა, კომპანიამ ადრეული ინტერაქციული პროგრამირების მცდელობებიც განახორციელა. ამ ფორმატში შეიქმნა პროგრამების ისეთი ვერსიები, როგორიცაა Carmen Sandiego და Black Mirror.

ნეტფლიქსის გენერალურმა დირექტორებმა რიდ ჰასტინგსმა და ტედ სარანდოსმა ანალიტიკოსებთან ბოლოდროინდელ საუბრებში ღიად გააზიარეს თამაშების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ინტერესები. ამასთან, ჰოლივუდის სტუდიებს ვიდეო თამაშების ბიზნესში არაერთგვაროვანი გამოცდილება აქვს – რამდენიმე კომპანიამ წარმატებით განავითარა ეს ხაზი, მათ შორის, Warner Bros.-მა.

ამის საპირისპიროდ, მსოფლიოს უდიდესმა გასართობმა კომპანიამ, “დისნეი”, მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეწყვიტა შიდა თამაშების უმეტესობის ფუნქციონირება. ძირითადი ყურადღება კი Marvel-ისა და Stars Wars-ის თამაშების ლიცენზირებაზე გააკეთა.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიისა” და “სუხიშვილების” ერთობლივი ნაამბობი განვითარებასა და ტრადიციაზე

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს ოფისში დაბრუნების შფოთვის დაძლევაში?