პანდემიურ რეალობაში ნეთვორქინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მილიონობით ადამიანი უსამსახუროდ დარჩა. ნეთვორქინგი იმ ბიზნეს ლიდერებისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომლებიც ზრდის შესაძლებლობებს – ახალ მომხმარებლებს, პარტნიორებს, ტალანტებს ეძებენ. არსებულ პირობებში, ეფექტური ნეთვორქინგისთვის საჭიროა გააკეთოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც პანდემიამდეც სასარგებლო იყო, მხოლოდ, ფიზიკური დისტანციით.
გამოიყენეთ თქვენი კონტაქტები კავშირების დასამყარებლად
სთხოვეთ შუამავალს, ვინც თქვენთვის საინტერესო პიროვნებას იცნობს, წარგადგინოთ მასთან. თუ კი შუამავალი სანდოა და ორივეს გიცნობთ, შეხვედრა ყოველმხრივ სასარგებლოდ წარიმართება. ასეთი გაცნობა, როგორც წესი, ბიზნეს კონფერენციებზე ხდება ხოლმე, სრულიად ბუნებრივად. განვიხილოთ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტ მარაია კამაზინის ამბავი, რომელიც ტრავმის ქირურგიის კონფერენციაზე ცდილობდა მოხვედრას. კონფერენცია რომ ცოცხალ რეჟიმში ჩატარებულიყო, ის ბევრ ადამიანს თავად გაიცნობდა და ისევე გაერთობოდა, როგორც ადრე, პანდემიამდე. სამწუხაროდ, ონლაინ კონფერენცია პასიური კომუნიკაციის ადგილი აღმოჩნდა. არაა მარტივი, ასეთ სიტუაციაში, გამოსავლის პრობლემა. თუმცა, შეგიძლიათ, კონფერენციაზე დასწრების ნაცვლად, მეგობრებს/კოლეგებს სთხოვოთ, გაგაცნონ ადამიანი, ვინც ნამყოფია მსგავს ღონისძიებაზე, როცა ის ცოცხალ რეჟიმში ტარდებოდა. წარდგენის შემდეგ, ჩაატარეთ ვიდეოკონფერენცია ნაცნობთან. მართალია, ასეთი შეხვედრისთვის ნაკლებად იქნება დამახასიათებელი სპონტანურობა, პირისპირ ურთიერთობისგან განსხვავებით, თუმცა, შედეგის მიღწევა და ერთით მეტი ნაცნობის შეძენა მაინც შესაძლებელია.
აღადგინეთ კავშირი მათთან, ვისთანაც დიდი ხანია არ გქონიათ კონტაქტი
თუკი ბიზნესში საკმარისად დიდი ხანია ხართ, შესაძლოა ბევრ ადამიანთან ერთად გიმუშავიათ. ზოგთან ახლოს იყავით, ზოგთან უფრო ნაკლებად, მაგრამ ურთიერთობა დიდი ხანია არ გქონიათ. პანდემიის პერიოდი შესანიშნავი დროა კავშირის აღსადგენად. სასაუბროც ბევრი იქნება დაგროვილი და ახალი გამოცდილების გაზიარებასაც შეძლებთ.
შეფუთეთ თქვენი სათქმელი ისე, რომ მოსაუბრემ თავისი სარგებელი დაინახოს
თუკი დამწყები ანტრეპრენერი ხართ და ფართო აუდიტორიას ნაკლებად იცნობთ, გირჩევთ, “ცივი კონტაქტის” ნატიფ ხელოვნებას დაეუფლოთ. პანდემიის პირობებში, ეს უშუალო კონტაქტით ძნელადაა შესაძლებელი. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ LinkedIn ან სხვა სოციალური ქსელი. მთავარია, სწორად წარუდგინოთ სათქმელი ისე, რომ მან თავისი ინტერესი დაინახოს, თქვენი თხოვნის ნაცვლად. ამისათვის, არ დაიზაროთ და კარგად შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო თითოეული პიროვნება და იფიქრეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ მისთვის.
თვალი ადევნეთ, მაგრამ ნუ შეაწუხებთ
თუკი თქვენთვის საინტერესო პიროვნება თქვენთან კონტაქტზე არ გამოდის, არ დანებდეთ. თვალი ადევნეთ და ეცადეთ მკვირცხლად იმოქმედოთ, საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს შეწუხებას. მაგალითად, შეგიძლიათ საკუთარი თავის წარსადგენად, წერილი მისწეროთ, თან დაურთოთ ბმულები და სტატიები, რაც დააინტერესებს და დაანახებს, რომ საინტერესო პიროვნება ხართ.
შესაძლოა, ამგვარმა მიყურადებამ ყოველთვის არ იმუშაოს, თუმცა, მნიშვნელოვნად გაზრდის სანაცნობო წრის გაზრდის შანსებს და ონლაინ ნეთვორქინგის დახვეწაშიც დაგეხმარებათ.
წყარო: inc