პროფესიული თუ ბიზნესის განვითარებისთვის ეს ეფექტური გზა არ საჭიროებს ძვირადღირებულ სავიზიტო ბარათებს, პრესტიჟულ ოფისს ან უახლეს ტექნოლოგიურ აპლიკაციას მონაცემთა რეალურ დროში დასათვლელად. ნეთვორქინგი ურთიერთობების ხელოვნებაა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის ზრდას, ქმნის მყარ კონტაქტებს და წარმატების გრძელვადიან პერსპექტივას.
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც სამყარო უპრეცედენტოდ სწრაფად იცვლება, ნეთვორქინგის ხერხებიც ევოლუციას განიცდის. თუმცა, სანამ თანამედროვე მიდგომებს დავნერგავთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც წარმატებული ნეთვორქინგის საფუძველს წარმოადგენს.
ყოველი ადამიანი, ვისაც ვხვდებით, ფლობს ცოდნას ან კონტაქტებს, რომელიც ჩვენთვის შეიძლება ახალი და ღირებული აღმოჩნდეს. წარმატებული ნეთვორქერები ადამიანებს ეცნობიან ღრმა, პიროვნულ დონეზე და თუკი გულწრფელად აფასებენ მათ საქმიანობას, ეძებენ გზებს მხარდაჭერის გამოსახატავად.
გამოცდილი პროფესიონალები ყოველთვის ღია არიან არაფორმალური საუბრებისთვის მოულოდნელ ადგილებში, მათ შორის, მოგზაურობისას. ბიზნეს ექსპერტებს ხშირად დაუჯავშნიათ სიტყვით გამოსვლები, გაუჩენიათ მნიშვნელოვანი კონტაქტები და აღმოუჩენიათ საუკეთესო შესაძლებლობები უბრალოდ თვითმფრინავში გვერდით მჯდომთან საუბრისას.
შესაძლებლობების შექმნა
წარმატებული ადამიანები თვითონ ერგებიან იმ სივრცეებს, რომლებიც ნამდვილად აინტერესებთ. მაგალითად, ადამიანს შეუძლია შეუერთდეს მუზეუმის მოყვარულთა ჯგუფს, ჭადრაკის კლუბს, მორბენალთა ჯგუფს ან სხვა კომუნას, სადაც ახალი ადამიანების გაცნობის საშუალება მიეცემა.
საერთო ინტერესები ქმნის მყარ კავშირებს, რომლებიც ავტომატურად აფართოებს ადამიანის პროფესიულ ქსელს. ყველაზე ეფექტური ნეთვორქინგი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც სამსახური და პირადი ცხოვრება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ავთენტური კავშირების მნიშვნელობა
ციფრული ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში ადამიანებს სწყურიათ ნამდვილი, ავთენტური ურთიერთობები. პროფესიული ქსელის გაფართოება ხშირად იწყება სწორედ იმ წრეებში, სადაც ადამიანები უკვე არსებობენ. თუ ვინმეს მოსწონს საკუთარი მეგობარი, დიდი ალბათობით, მოეწონება ამ მეგობრის სხვა ნაცნობებიც. ამ მიდგომას დამატებითი სარგებელიც აქვს – სადღესასწაულო ღონისძიებები ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება, როდესაც სტუმრების დიდ ნაწილს უკვე იცნობ.
ტექნოლოგია, როგორც მუდმივი კონტაქტის საშუალება
საკუთარი პროფესიული წრისთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება არსებითია. გამოცდილი პროფესიონალები კომუნიკაციას მართავენ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით, სადაც აშუქებენ საკუთარ სამუშაოს, გამოსვლებს, პროექტებსა და სხვა საინტერესო ინფორმაციას.
გაცემის ძალა
ნეთვორქინგი ორმხრივი პროცესია, რომელიც გულისხმობს როგორც მიღებას, ისე გაცემას. კარიერულ კიბეზე ასვლასთან ერთად, წარმატებული პროფესიონალები ხდებიან მენტორები ახალი თაობებისთვის. ხშირად, ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც დახმარების ხელი გაუწოდე, მოგვიანებით კვლავ ჩნდებიან შენს პროფესიულ გზაზე, უკვე სხვა როლით.
წყარო: Fastcompany











