in ,

ილონ მასკის თქმით, Neuralink-ის ნეირონული ინტერფეისი მუსიკას პირდაპირ ტვინს მიაწვდის

ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია Neuralink-ის მიერ შექმნილი ნეირონული ინტერფეისი მუსიკას პირდაპირ ტვინს, ყურსასმენების გარეშე მიაწვდის. ამის შესახებ მას ტვიტერზე, კომპიუტერულმა მეცნიერმა – ოსტინ ჰოვარდმა ჰკითხა. ამ კითხვაზე მასკის პასუხი დადებითი იყო. თუ ნევრალინკი ნამდვილად შეძლებს ტვინს პირდაპირ მიაწოდოს მუსიკა, ეს ერთი მხრივ, აუდიოს მოსმენის ახალ პრაქტიკას გვთავაზობს, მეორე მხრივ კი დიდი შესაძლებლობაა სმენადაქვეითებულებისთვის. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემულ ტვიტზე მისი პასუხიდან ჩანს, ამ ფუნქციის რეალობასთან მისაახლოვებლად, მასკს მეტი ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანი სჭირდება. „თუ ტელეფონებთან ან სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე გიმუშავიათ, Neuralink-ში მუშაობაზე იფიქრეთ”, – უპასუხა მან კომპიუტერულ მეცნიერს.

Neuralink-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გასული წლის შემდეგ არ მიგვიღია. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობა ადამიანის ყურის უკან მოთავსდება, ხოლო ტვინს წვრილი ძაფებით დაუკავშირდება და იმპულსებს მიაწვდის. თავის მხრივ, ძაფების ტვინთან დასაკავშირებლად ლაზერებს გამოიყენებენ. წელს, 2020 წლის 28 აგვისტოს კი, ამ ნეირონული ინტერფეისის შესახებ სიახლეების გაგებას შევძლებთ.

მოწყობილობის პირველადი მიზანი დაზიანებული ნეირონული კავშირების აღდგენაა სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მასკის პასუხის მიხედვით, ეს ნეირონული ინტერფეისი, მიზნისმიერად, ოქსიტოცინისა და სერატონინის გამოყოფის სტიმულირებასაც შეძლებს. თუმცა, ეს ტვიტზე პასუხია და არა ოფიციალური განცხადება. ამ დეტალზეც მეტი ინფორმაციის მიღებას 28 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებიდან ველოდებით.

მუსიკის ტვინისთვის მიწოდებას რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე მაღალტექნოლოგიური ყურსასმენის მწარმოებელი აცხადებს, რომ ამ ეფექტის მიღწევა ვიბრაციის დახმარებით შეუძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვიბრაციები Neuralink-ის ინტერფეისის ნეირონებზე ზემოქმედებისგან განსხვავებულია.

Mymarket-ზე ქეშბექის აქცია დაიწყო

Leo Burnett-მა Fiat-ის რეკლამაში ელვის პრესლი გააცოცხლა