ილონ მასკის კომპანია Neuralink ადამიანების ტვინზე მორგებულ მოწყობილობებსა და ინტერფეისებს ქმნის. ისტორიაში პირველად, კომპანიამ მისი ერთ-ერთი ამბიციური პროექტის პრეზენტაცია გამართა, სადაც ილონ მასკმა სპეციალური მოწყობილობა წარადგინა. ეს არის ჩიპი, რომელიც ადამიანის ყურის უკან მაგრდება და ის შესაძლებელს ხდის სხვადასხვა მოწყობილობა (კომპიუტერი, ტელეფონი) გონებით, შეხების გარეშე ვმართოთ. ჩიპს თმის ღერზე წვრილი ძაფები ექნება, რომლითაც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება.
კომპანია Neuralink-ში მომუშავე მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ადამიანის თავის ქალაში შეღწევას ლაზერის მეშვეობით შეძლებენ, ნაცვლად ქალის გახვრეტისა. The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისინი ამბობენ, რომ პირველადი ექსპერიმენტები სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებთან თანამშრომლობით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ცდები ცხოველებზე ტარდება, შემდეგი წლის ბოლოდან კი, იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის ადამიანზე გამოცდასაც შეძლებენ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას, მასკმა გაამხილა ისეთი შედეგი, რომლის შესახებაც კომპანიის არც ერთ მეცნიერს არ განუცხადებია – „მაიმუნმა შეძლო კომპიუტერის გონებით გაკონტროლება“.
ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი მასალის გამოყენებაა, რომელიც ტვინის დაზიანებას არ გამოიწვევს. ამასთან, ეს მასალა დიდი მოცულობის ინფორმაციის გამტარიც უნდა იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწყობილობაზე დატანილი ძაფები თმის ღერზე წვრილია, მისი 92 ძაფი კი 3072 ელექტროდს მოიცავს.
აღსანიშნავია ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. პირველი პარალიზებული ადამიანი, რომელმაც ტვინის იმპლანტი კომპიუტერის კურსორის სამართავად გამოიყენა მეთიუ ნეგლი იყო. ეს მოხდა 2006 წელს. მეთიუს შეეძლო გონებისა და კომპიუტერის გამოყენებით პინგ-პონგის თამაში, რის სასწავლადაც მას მხოლოდ 4 დღე დასჭირდა. ტექნოლოგიას, რომელსაც 2006 წლიდან დღემდე პარალიზებული ადამიანები იყენებენ BrainGate ჰქვია და ის ბრაუნის უნივერსიტეტში შეიქმნა. Neuralink-ის მოწყობილობამ კი, ამ კუთხით, შესაძლოა ახალი შესაძლებლობები შექმნას. თუმცა, უცნობია, როდის.