ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა კომპანია Neuralink-მა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა და თავის ტვინის პირველი ჩიპი ადამიანს წარმატებით გადაუნერგა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ წელს კომპანიამ US Food & Drug Administration-ის ნებართვა მიიღო. გადანერგვა ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მძიმედ პარალიზებული ადამიანების დახმარებას, მაგალითად როგორიცაა კვადრიპლეგია, ოთხივე კიდურის დამბლა, რათა მოწყობილობების დამოუკიდებლად მუშაობა შეძლონ.
რეციპიენტი ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია და იმას განიცდის, რაც სამედიცინო ტექნოლოგიების ახალი ეპოქის დასაწყისი შეიძლება, იყოს. როგორც მასკი ამბობს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რომელიც, თავის მხრივ, Precise Robotically Implanted Brain-Computer Interface (PRIME)-ის კვლევის ნაწილია და პარალიზებულ ადამიანებში Neuralink-ის BCI-ს უსაფრთხოებისა და ფუნქციონალობის შემოწმებას ისახავს მიზნად.
როგორც ვიგებთ, კომპანიის პირველ პროდუქტს Telepathy ჰქვია და იგი მომხმარებლებს თავიანთი ტელეფონებისა თუ კომპიუტერების ფიქრებით მართვაში დაეხმარება.
„წარმოიდგინეთ სტივენ ჰოკინგს უფრო სწრაფად რომ შესძლებოდა კომუნიკაცია… სწორედ ეს არის მიზანი“, — აცხადებს მასკი.
მომავალში კი ტვინში ისეთი მოწყობილობის ჩანერგვას აპირებენ, რომელსაც ტვინის უჯრედების წაკითხვა და სტიმულირება შეეძლება. ამგვარად, კვადრიპლეგიით დაავადებულმა ადამიანებმა შეიძლება დამოუკიდებლობაც აღიდგინონ… თუმცა პარალიზებასთან ბრძოლა მასკისთვის მხოლოდ დასაწყისია, მას სურს ისეთ დაავადებებსაც შეეხოს, როგორებიცაა პარკინსონი, ეპილეფსია და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები.