in

Neuralink-მა ტვინის ჩიპი უკვე მეორე პაციენტს გადაუნერგა!

ცოტა ხნის წინ რომ მოგიყევით, ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა თავის ტვინის ჩიპი ადამიანს გადაუნერგაო, ახლაც ასეთი ამბავი გვაქვს თქვენთვის — ჩიპი უკვე მეორე პაციენტს გადაუნერგეს წარმატებით! ცოტა უჩვეულოდ კი ჟღერს, მაგრამ კარგ მიზანს ემსახურება — თუ ილონ მასკს დავუჯერებთ, პარალიზებულ ადამიანებს ციფრული მოწყობილობების საშუალებით დამოუკიდებლობას მისცემს. 

M2
M2

ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ Neuralink მოწყობილობის ტესტირების ფაზაშია. სურს დაეხმაროს მათ, ვისაც ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. მაგალითისთვის პირველ პაციენტს მოწყობილობამ ვიდეო თამაშებით გართობის, ინტერნეტში ჩართვის, სოციალურ მედიაში პოსტების განთავსებისა და ლეპტოპზე კურსორის მოძრაობის საშუალება მისცა. თანაც ეს უკანასკნელი ისე მოახერხა, რომ თავისი წინა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ფიქრებით კურსორის კონტროლი უფრო სწრაფად შეძლო! ამ პროცესში, მასკის თქმით, მხოლოდ ელექტროდების 10/15% თუ მუშაობდა…

მეორე გადანერგვაზეც მასკი გვიზიარებს ინფორმაციებს და აცხადებს, რომ ამ პაციენტსაც პირველის მსგავსი ხერხემლის დაზიანება ჰქონდა, რომელიც მან ყვინთვისას მიიღო. მეორე პაციენტის ტვინში ახლა იმპლანტის 400 ელექტროდი მუშაობს. თუმცა Neuralink-ის ვებგვერდზე გვეუბნებიან, რომ მოწყობილობა სულ 1024 ელექტროდს იყენებს.

არ მინდა, ამაზე საუბრით რაიმე გავაფუჭო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე იმპლანტის შემთხვევაში ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. მრავალი სიგნალი და მრავალი ელექტროდია. საოცრად კარგად მუშაობს, — აცხადებს მასკი.

მართალია, არ გაუმხელია ზუსტად როდის შესრულდა მეორე ოპერაცია, მაგრამ, მისივე თქმით, წელს Neuralink ჩიპის გადანერგვას კიდევ 8 პაციენტში აპირებს…

რაც შეეხება სულ პირველ პაციენტს, იგი ნოლად არბაუგია, რომელსაც იმპლანტი იანვარში გადაუნერგეს — თუ მანამდე პლანშეტის გამოსაყენებლად ჯოხის ჩადება პირში უწევდა, ახლა იმპლანტის დახმარებით, უბრალოდ ფიქრი სჭირდება, მოწყობილობა კი ყველაფერს თავისით ასრულებს. როგორც უკვე გითხარით, ასე მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ამბობს კიდეც, რომ მოწყობილობამ დამოუკიდებლობა მისცა, ყველაფერზე მომვლელების შეწუხება აღარ უწევს და ასე ცხოვრებაც მეტად სასიამოვნო გახდა.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

PANTONE-ის ახალი ხელსაწყო ტრენდულ ფერებს გაგაცნობთ