in

ილონ მასკმა პარალიზებულ ადამიანს საუბარი კვლავ შეაძლებინა — Neuralink-ის მესამე პაციენტი თავის ამბავს YouTube-ზე ჰყვება

Neuralink-ის პირველი არავერბალური პაციენტი, რომელსაც ტვინის ჩიპის იმპლანტი აქვს დამაგრებული, ახლა თავისით გვიყვება, როგორ იყენებს ტექნოლოგიას. უფრო ზუსტად, ტვინიდან მიღებული სიგნალების გამოყენებით YouTube ვიდეოს არედაქტირებს და თავის ამბავს გვიზიარებს. ბრედ სმითი მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც ილონ მასკის ჩიპი მიიღო და პირველი ადამიანი ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით, რომელმაც ეს მოახერხა.

M2
M2

აღნიშნული პროგრესული ნეიროდეგენერაციული დარღვევაა, რომელიც ძირითადად მოტორულ ნეირონებს აზიანებს — ნერვულ უჯრედებს თავისა და ზურგის ტვინში, რომლებიც კუნთების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები მოძრაობის უნარს კარგავენ, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება, საუბარი, ჭამა და სუნთქვაც კი აღარ შეუძლიათ. 

გასულ კვირას კი სმიტმა ტექნოლოგიების ძალაში დაგვარწმუნა და თავადვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გვაჩვენებს, როგორ იყენებს ტვინის იმპლანტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჰყვება, როგორ აძლევს BCI სისტემა ტვინის სიგნალების გამოყენების შესაძლებლობას მაუსის გასაკონტროლებლად თავისსავე MacBook Pro-ზე, რათა დაარედაქტიროს ვიდეო:

მის მოტორულ ქერქში მოთავსებული იმპლანტი 1000-ზე მეტ ელექტროდს შეიცავს. Neuralink კი ტვინის სიგნალების ინტერპრეტაციებს კითხულობს, რაც მიუთითებს თუ როგორ და სად სურს კურსორის გადაადგილება. თავდაპირველად ცდილობდა, წარმოედგინა, თუ როგორ მოძრაობდა ხელი კურსორის სამართავად, თუმცა, მისთვის ამაზე ეფექტური ენის მოძრაობაზე ფიქრი გამოდგა, რომლითაც კურსორის მოძრაობაც შეძლო და მაუსის ვირტუალურად დაწკაპუნებაც.

დღეს ტექნოლოგიებში არცერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ხელოვნური ინტელექტის გარეშე და არც ესაა გამონაკლისი. ამ შემთხვევაში AI სმითის ხმის ჩანაწერებისთვის გამოიყენებოდა მანამ, სანამ იგი მეტყველების უნარს დაკარგავდა. ასე პაციენტის ხმის სინთეზური ვერსიის შექმნა მოახერხეს, რამაც საშუალება მისცა, ეფექტურად მოეყოლა ვიდეო საკუთარი ხმით. 

ამ ამბავში კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო არსებობს, მასკმა სმითს მაშინ დაურეკა, როცა სახლში Neuralink-ის გუნდი სტუმრობდა:

საინტერესოა, რომ ტვინის იმპლანტი სმითს ახლა უკვე შვილებთან ვიდეო თამაშებით გართობის შესაძლებლობას სთავაზობს, კადრებშიც ასახულია, რომ იგი Mario Kart-ით ერთობა.

წლები დამჭირდა აქამდე მოსასვლელად და ახლაც ვტირი. სასიამოვნოა, როცა საკუთარ თავზე დიდი მიზანი გაქვს, აღელვებული ვარ იმ შესაძლებლობით, რომ ამ საქმით მომავალში შემიძლია სხვასაც ვემსახურო, — ამბობს სმითი.

როგორც ზემოთ გითხარით, ბრედი მესამე პაციენტია, რომელსაც Neuralink-ის ტვინის ჩიპი გადაუნერგეს. სულ პირველი იმპლანტაცია ერთი წლის წინ შესრულდა და იგი პაციენტმა ენების შესასწავლად გამოიყენა, სამ თვეში კი ამას მეორე გადანერგვა მოჰყვა. თუმცა, სანამ მესამე პაციენტის შესახებ გავიგებდით, ილონ მასკს კონკურენტიც გამოუჩნდა და FDA-მ ახალი ტვინის ჩიპი დაამტკიცა.

გლობალური ინოვაციები CERN-იდან სტეპში

ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი – პროფესიონალიზმის გარანტია