VR ტექნოლოგიის როლი საკუთარ თავში სამოგზაუროდ და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ფსიქოთერაპევტმა მაია ცქიტიშვილმა დაინახა. მან შეიმუშავა თერაპიის უნიკალური მეთოდი, რომელიც ვიზუალიზაციაზეა დაფუძნებული. მეთოდი ეფექტიანი აღმოჩნდა შფოთვის სამართავად. ამ თერაპიულ მეთოდს ქვია წადილის თერაპია (The Desire Therapy TDT). ასეულობით ადამიანის დახმარების შემდეგ, ფსიქოთერაპევტს მოუვიდა იდეა, რომ ამ მეთოდზე დაფუძნებით შეექმნა მობილური აპლიკაცია და მეტი ადამიანისთვის მიეცა თერაპიით სარგებლობის საშუალება. საქმე ორ შვილთან, თინისთან და ანისთან ერთად წამოიწყო. შექმნეს მობილური აპლიკაცია და პროტოტიპზე მუშაობისას, VR ტექნოლოგიის ჩართვა მიიჩნიეს ეფექტურად. ასე გაჩნდა Neuropilot VR-ის იდეა.
„VR ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, მაია ჩვენთან მოვიდა (ვირექსის დამფუძნებლებთან), რადგანაც VR-ის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება გვქონდა. რა თქმა უნდა, იდეა საინტერესოდ ჟღერდა, მაგრამ პირველ რიგში, გამოვცადეთ TDT მეთოდი გამოვცადეთ. როგორც კი საკუთარ თავებზე ვიგრძენით მეთოდის ეფექტიანობა, მაშინვე შემოვუერთდით ნეიროპილოტის გუნდს, რადგანაც რეალურად ნეიროპილოტი არის ზუსტად ის, რისთვისაც თავიდანვე ჩავიფიქრეთ ვირექსის შექმნა: ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების სამსახურში. დღესდღეობით, „ნეიროპილოტის“ დამფუძნებელ გუნდს შეადგენენ: მაია ცქიტიშვილი, თინი მამუჩაშვილი, ანი მამუჩაშვილი, ნიკა როსტომაშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური,“ – გვიამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური.
ცოტა ხნის წინ, „ნეიროპოლოტმა“ იაპონიის ღია ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვა და ჯილდოს გარდა, სამიზნე აუდიტორიის მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამ სტატიაში, ნიკოლოზ გოგოჭურთან ერთად, „ნეიროპილოტსა“ და მის პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, რაც იაპონიაში გამარჯვებამ კიდევ უფრო გააფართოვა.
და მაინც, რა არის „ნეიროპილოტი?
ნიკოლოზ გოგოჭურის თქმით: „ნეიროპილოტი არის ვირტუალური რეალობის აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ათლეტებს და ბიზნეს პროფესიონალებს შფოთვითი აშლილობის მართვასა და სტრესის დონის შემცირებაში უნიკალური თერაპიული მეთოდით შექმნილი VR გამოცდილებით. მარტივად რომ ვთქვათ, სპეციალური მეთოდით დამზადებულ ანიმაციას ვაყურებინებთ ადამიანებს VR-ში, რომელიც ამშვიდებს მათ და გრძელ ვადაში ეხმარება სტრესის დაძლევაში, უკეთესად მუშაობაში და შფოთვის მართვაში“.
M: რამ განაპირობა, რომ სწორედ ეს მიმართულება აირჩიეთ სტარტაპისთვის. რით დაგაინტერესათ ამ მიმართულებამ?
ხედვა ყოველთვის იყო ასეთი: გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია მხოლოდ გასართობი მედიუმი არაა და ის მომავალში აუცილებლად მოახდენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ყოფაში. ამიტომ ჩვენ ვირექსის დაფუძნების დღიდან ვცდილობთ ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომელიც VR ტექნოლოგიას ბიზნესისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ამავე დროს მაია უკვე მრავალი წელია, თავისი უნიკალური მეთოდით ეხმარება ასობით ადამიანს შფოთვის დაძლევასა და საკუთარი თავის გაძლიერებაში. ტექნოლოგიური გადაწყვეტების გარეშე კი ამ სიკეთის გაზიარებას ვერ შეძლებდა გაცილებით მეტი ადამიანისთვის. ასე შეიქმნა წადილის თერაპიისა და ვირტუალური რეალობის შერწყმა, რამაც ძალიან საინტერესო სახე მიიღო.
M: როგორია ფუნქციონალი და რა გამოარჩევს კონკურენტებს შორის?
ჩვენი კონკურენტები ორ ნაწილად იყოფა: 1. CBT მეთოდზე დაფუძნებული თერაპიული აპლიკაციები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ თერაპიას, წარსულ ტრავმებში მენტალურად დაბრუნებას და ზოგჯერ ცხოვრების წესის შეცვლასაც კი. 2. Wellness აპლიკაციები, რომელიც ადამიენს ეხმარება მოკლევადიან მოდუნებასა და მედიტაციაში.
ჩვენი მეთოდი და აპლიკაცია ამ ორი სამყაროს საუკეთესო ნაზავია, რადგანაც ნეიროპილოტის სესია 5-10 წუთიანია და საერთოდ არ საჭიროებს წარსული ტრავმების გახსენებას ან დღის წესრიგის შეცვლას. ამავე დროს ნეიროპილოტის თერაპიული ეფექტი გრძელვადიანია და არ საჭიროებს ხშირ გამეორებას.
M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?
პირველ ეტაპზე ვფოკუსირდით ათლეტებსა და ანტრეპრენერებზე ან მენეჯერებზე ორი ძირითადი მიზეზის გამო: კვლევები აჩვენებს, რომ მუდმივი სტრესის დონე და შფოთვის რისკი ამ ხალხში ძალიან მაღალია; და მეორე – ორივე სეგმენტი ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და ახლოა. მაია წლებია, ეხმარება ათლეტებს და გუნდური სპორტის წარმომადგენლებს საკუთარი შფოთვის მართვაში, ხოლო ჩვენ 15 წელია ანტრეპრენერები ვართ და ძალიან ახლოდან ვიცნობთ ბიზნესის პროფესიონალების წუხილებს.
M: როგორ დაიწყეთ და როგორია განვითარების დინამიკა?
მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს მივიღეთ 150 ათასიანი გრანტი მსოფლიო ბანკისგან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან, შევქმენით პირველი მუშა პროტოტიპები და დავიწყეთ მათი ტესტირება კლინიკურ გარემოში.
პროტოტიპების მოქმედება შემოწმდა ლაბორატორიულად, როცა პროფესიონალ მორაგბეებში გავზომეთ შფოთვის დონე ელექტრო ენცეფალოგრაფიით (QEEG) და აღმოვაჩინეთ, რომ ყველა მორაგბეს მაღალი შფოთვის დონე ქონდა მაშინაც კი, როცა უბრალოდ სავარძელში იჯდა.
შემდეგ ვაჩვენეთ მათ Neuropilot VR აპლიკაცია და აღმოჩნდა, რომ თვითონ აპლიკაციის ყურების მომენტშივე შფოთვის დონეებმა დაიწია საგრძნობლად. შემდეგ ორი კვირის მერე ისევ გავზომეთ მორაგბეების შფოთვის დონეები და აღმოვაჩინეთ, რომ დაბალი დონე შენარჩუნებულია.
ამ ექსპერიმენტის შემდეგ მალევე ნეიროპილოტს, GITA-ს და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც რაგბის კავშირს უნდა, რომ ნეიროპილოტის ტექნოლოგია გამოიყენოს საქართველოში რაგბის განვითარებასა და მორაგბეების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
შემდეგ ასეთივე ექსპერიმენტები ჩავატარეთ მრავალ ორგანიზაციასა თუ სპორტულ გუნდში, მათ შორის ქვეყნის გარეთაც და ყველგან ძალიან დიდი დაინტერესება გამოვიწვიეთ.
2023 წელს მაია ასევე მიიწვიეს აშშ-ში სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც მან ნეიროპილოტი წარადგინა და უდიდესი ინტერესი გამოიწვია აშშ-ს ფსიქოფიზიოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების სამეცნიერო საზოგადოებაში.
მოკლედ, ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენი მომსახურება და პროდუქტი მალე შევთავაზოთ კორპორატიულ მომხმარებლებს, როგორც სპორტულ გუნდებსა და ორგანიზაციებს, ასევე ბიზნესებსა და კორპორაციებს.
M: იაპონურ კონკურსზე გვიამბეთ – რატომ იყო პროგრამაში მონაწილეობა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
იაპონიაში გამართულ ღია ინოვაციების კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის. გარდა იმ ჯილდოსი, რაც მივიღეთ – სპეციალური აუდიტორიის სიმპათია (ინვესტორები, ბიზნეს სუბიექტები), ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები შედგა იაპონიის უდიდეს კორპორაციებთან და იმ ორგანიზაციებთან, ვისთანაც თანამშრომლობა უდიდესი ნახტომი იქნება ჩვენთვის.
გარდა ამისა დაიწყო მოლაპარაკებები რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან, ვისაც სჯერა ნეიროპილოტის მომავალი წარმატების და ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბაზარზე, იაპონიაზე გასასვლელი გზა გაგვეხსნა.
გარდა ამისა ჩვენთვის ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ ამ კონკურსში ჩვენ ერთადერთი გამარჯვებული სტარტაპი აღმოვჩნდით, რომელიც იაპონური არაა.
M: როგორია ნეიროპილოტის მასშტაბირების პერსპექტივა და როგორ გეგმავთ მის განვითარებას სამომავლოდ?
ახლა ვამუშავებთ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ფსიქოთერაპევტებისთვის და სპორტსმენების ფსიქოლოგებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ ნეიროპილოტის ტექნოლოგიის დანერგვაში საკუთარ პრაქტიკაში. ეს იქნება ჩვენი მასშტაბირების ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა – საპარტნიორო ქსელი, რომელიც ნეიროპილოტის ტექნოლოგიას იყენებს თავის პრაქტიკაში.
ზოგადად ჩვენი მიზანია, ნეიროპილოტის ტექნოლოგია გლობალურად მთელს მსოფლიოს მოედოს და არა მარტო ათლეტებს და ანტრეპრენერებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს საკუთარ თავზე მუშაობაში სახლიდანვე. ჩვენ გვჯერა, რომ როდისმე ნეიროპილოტი იქნება მრავალი მილიონი ადამიანისთვის თვითგანვითარების და თვითდახმარების მთავარი ინსტრუმენტი.