18
Jan
2019

როგორ არ დავტოვოთ ცუდი პირველი შთაბეჭდილება – ორი ტექნიკა ფსიქოლოგებისგან

18 Jan 2019

ბიზნესში, ისევე, როგორც ცხოვრებაში პირველი შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ხელს ართმევთ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორს, თუ სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანს პირველად ხვდებით. გაცნობის, საკუთარი თავის სხვა ადამიანის წინაშე პირველად წარმოჩენის მომენტი ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე, შესაბამისად კი, განაპირობებს იმას, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები. როცა სოციალურ ქცევაზე მიდგება საქმე, ზოგი ჩვენგანი კომუნიკაციის ბუნებრივი ნიჭითა და შარმითაა დაჯილდოებული, თუმცა, ზოგს ეს საერთოდაც არ გამოსდის

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს ორი სასიცოცხლო ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ განსხვავებული და კარგი შთაბეჭდილება შექმნათ: ეს არის არავერბალური სიგნალები და საუბრის ტონი.

არავერბალური სიგნალები
ხვდებით ადამიანებს და პირველივე წუთიდან გექმნებათ გარკვეული შთაბეჭდილება მათ შესახებ? ყველა ასე იქცევა. მიუხედავად იმისა, ეს წარმოდგენა კარგია, თუ ცუდი და მიუხედავად იმისა, ვიაზრებთ, თუ არა რასაც ვაკეთებთ, ადამიანის ტვინი მიჩვეულია რაღაცების მყისიერად დაკავშირებასა და წინარწმენის შექმნას. ის ამას 3/100 წამში აკეთებს. უმეტესობისთვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და პრობლემას არ წარმოადგენს. ფსიქოლოგი, ალექსანდრე ტოდოროვი ამბობს, რომ ადამიანებს მყისიერად უჩნდებათ აზრი მეორე ადამიანის შესახებ, სახის მოყვანილობის მიხედვით. მისი თქმით, ახალგაცნობილ ადამიანს სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს ვარგებთ: მომხიბვლელობა, დომინირება და სანდოობა. „ჩვენ ვწყვეტთ ამას ძალიან სწრაფად, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა ადამიანი სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან თვისებებს, მაგალითად კომპეტენციას“, – აღნიშნავს ტოდოროვი თავის კვლევაში. 

ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანზე, რომელსაც ქვია „კარგი ლუქი“. ეს უფრო ღრმა და ხასიათთან დაკავშრებული რამეა. რამდენად მომხიბვლელს წარმოგაჩენთ თქვენი სხეულის ენა თქვენ, სოციალური სიტუაციების კონტექსტში? მაგალითად, თუ თქვენ ხართ მოხრილი, შეჭმუხნული, ეს უგზავნის თქვენ გარშემომყოფებს ძალიან მკვეთრ სიგნალს თქვენს განწყობასა და აზროვნებასთან დაკავშირებით. შემდეგში, როცა შეხვედრაზე მიხვალთ, ყურადღება მიაქციეთ სხეულის მდგომარეობას, თვალის კონტაქტსა და თუნდაც, სუნთქვის სიხშირეს.

იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ პირველი შთაბეჭდილება, გაიმართეთ, მხრები მოუშვით და ეცადეთ, მშვიდი გამომეტყველება გქონდეთ. ღიმილი სანდოობის განცდას აუმჯობესებს, თანაც, ნებისმიერ კულტურაში, თუმცა, იყავით ფრთხილად. ბევრი ღიმილი, თუ სიცილი თქვენ ნაკლებ დომინანტ ადამიანად, ან საერთოდ, უქნარად წარმოგაჩენთ.

საუბრის ტონი 
არავერბალური კომუნიკაცია ყველაფერი როდია. საუბრის ტონსა და ხმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 2014 წელს, Glasgow-ს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მეტყველება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ასოციაციებისა და აღქმების შესაქმნელად. კვლევაში 320 მონაწილე რამდენიმე ხმას უსმენდა, რომელიც „გამარჯობას“, სხვადასხვა ტონალობაში ამბობდა. მეცნიერები აკვირდებოდნენ მონაწილეების რეაქციებს. თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ ერთ-ერთი მამაკაცის მიერ ნათქვამი გამარჯობა უნდობლობას იწვევდა. ეს ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია აღქმის დონეზე ერთ რამეზე შევთანხმდეთ და ეს მხოლოდ ერთი სიტყვის მოსმენის საფუძველზეც შეგვიძლია.

ბიზნესშეხვედრებისას, სადაც ნდობა აუცილებელი კომპონენტია, ხმა შესაძლოა ძირითად ფაქტორად მოგვევლინოს. კვლევის მიხედვით, როდესაც მეტყველებისას წინადადების ბოლოსკენ ჩვენი ხმა დაბლდება, ანუ ლამის „ვყლაპავთ“ ბოლო სიტყვებს, ეს ძირს უთხრის თანამოსაუბრის ნდობას ჩვენ მიმართ.

ის, რომ ყველასთვის მოსაწონი გავხადოთ ჩვენი არავერბალური სიგნალები და საუბრის ტონი, ძალიან არარეალურია. თუმცა, ამ საკითხებზე დაფიქრება და ფოკუსირება დაგეხმარებათ ყურადღება მიაქციოთ მათ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ.

წყარო: Inc



განხილვა