in ,

ნეირომარკეტინგი დღეს – სოციალური ექსპერიმენტი თბილისში [ვიდეო]

ადამიანის ტვინი, ხშირად, ავტომატურად/გაუცნობიერებლად ახარისხებს გარემოდან მიღებულ იმპულსებს. მიღებული ინფორმაციის კლასიფიცირება და მათი მარტივ კატეგორიებში მოქცევა ჩვენი ტვინის ყოველდღიური საქმეა და ხშირად, ეს საქმე „ჩვენგან დამოუკიდებლად“ სრულდება. ამ წინადადების ერთ-ერთ ეფექტურ ილუსტრაციად ვიზუალური ინფორმაციის აღქმისა და გადამუშავების პროცესი გამოდგება. ეს სწორედ ისაა, რასაც ხშირად იყენებენ მარკეტინგში. კომპანიებმა კარგად იციან, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, უფრო კონკრეტულად კი, როგორ შეიძლება წინსწრებით, გარედან მიწოდებული ვიზუალური ინფორმაცია (ერთგვარი პრაიმინგი) გავლენას ახდენდეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

ამ საკითხების შესწავლა კლინიკურმა ფსიქოლოგმა – ავთანდილ გოგეშვილმა და კოგნიტური ნეირომეცნიერების მიმართულების სტუდენტმა (Eötvös Loránd University, უნგრეთი) – სალომე ნიკოლეიშვილმა, სოციალური ექსპერიმენტის გზით სცადეს. კვლევა რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ერთ-ერთ სანაყინეში ჩაატარეს. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეომასალა, რომელიც ექსპერიმენტის მიმდინარეობასა და შედეგებს დეტალურად აღწერს. 

ექსპერიმენტში 40-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათმა 80%-მა კი სანაყინეში, ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებული სასაჩუქრე ოთხი ყუთიდან ერთი – ნარინჯისფერი სტიკერის მქონე აირჩია. ექსპერიმენტატორებს სწორედ ამის „მიღწევა“ უნდოდათ, მაშინ, როცა ქუჩაში, სანაყინესთან მოსასვლელ გზასა თუ კარებზე ნარინჯისფერი სტიკერები (სტიმულები) გააკრეს. მონაწილეთა უმეტესობას (ვინც ნარინჯისფერი საჩუქარი აირჩია), გზად ამავე ფერის მინიშნებები არ შეუნიშნავს (ეს სტიმული მათი ცნობიერების ველის მიღმა დარჩა, რადგან მათი ყურადღება სხვა რამეზე იყო მომართული, თუმცა, მაინც იქონია გავლენა გადაწყვეტილებაზე). 

„დავდიოდი საზაფხულო პრაქტიკაზე ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში, სადაც უფრო სიღრმისეულად დავინტერესდი განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებით – თუ როგორ ხდება შიდა სტრუქტურული რეპრეზენტაციების ფორმირება მიღებული სენსორული ინფორმაციის საფუძველზე, რამაც, საბოლოოდ, ნეირომარკეტინგის ლაბორატორიამდე მიმიყვანა. ამ ვიდეოპროექტით გვსურდა ყურადღება გაგვემახვილებინა არაცნობიერი აღქმის ფენომენსა და მარკეტინგის მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურობაში“, – ამბობს სალომე ნიკოლეიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეგვიძლია ეს შედეგი მთელ მოსახლეობაზე განვაზოგადოთ, სალომე ამბობს, რომ ამისთვის გაცილებით ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო (დაახლოებით, 2000-3000 მონაწილე საქართველოს შემთხვევაში). ზემოთ მოცემული ექსპერიმენტის დანიშნულება კი მაყურებლისთვის უბრალოდ PWA-ს, ანუ გაუცნობიერებელი აღქმის ფენომენის ვიზუალური დემონსტრაცია გახლავთ. 

Protected: დასაქმების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვინც პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა

4 საათიანი უწყვეტი მოგზაურობა ბუნების ხმებისა და კადრების თანხლებით