in

„ართქმული“ — ანასტასია ახვლედიანის პირველი სოლო გამოფენა საქართველოში


ალბათ, „ართქმული“ მრავალ თემაზე გაფიქრებთ — იქნებ, იმაზე, რასაც არ ან ვერ ვამბობთ და უთქმელ სიტყვებად გვრჩება… თუმცა ამ შემთხვევაში ართქმული” ქართველი ხელოვანის ანასტასია ახვლედიანის პირველი სოლო გამოფენის სახელია, მისი ნახვა კი 25 მარტამდე „ღია სივრცეში“ შეგეძლებათ.

როგორც თავად ანასტასია, აღნიშნავს, ბავშვობიდან ხატავს და არასდროს უფიქრია სხვა პროფესიაზე. ამიტომ, არც კი ახსოვს, როდის მიხვდა, რომ მხატვრობა უნდოდა. „რეალურად, ხელოვნება ჩემთვის თვითგამოხატვისთვის ერთადერთი საშუალებაა და არჩევანის წინაშეც არასდროს ვყოფილვარ“. 

M: რატომ აირჩიე გამოფენისთვის სახელი Nevertold? 

Nevertold ჩემთვის ძალიან პერსონალურია. თითქოს, ის ყველა იმ ვიზუალური თუ ვერბალური ინფორმაციის ერთობაა, რომელსაც ჩემს თავში ვინახავ და შემდეგ ნამუშევრებში ვავლენ. გამოფენაზე კი ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, იქნება ეს ფერწერა, ნაქარგი თუ ინსტალაცია.

ფოტო: გიორგი ყოლბაია

M: რა არის შენი ინსპირაცია და რის მიხედვით ქმნი ნამუშევრებს?

ინსპირაცია არის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ და ის, რასაც ჩემ გარშემო ვხედავ, შესაბამისად, იგი მუდმივად ცვალებადია… ნამუშევრებს ძირითადად ვიზუალურ მეხსიერებაზე დაყრდნობით ვაკეთებ, მაგალითად, არის სიმბოლოები და ფორმები, რომლებიც ბევრ ნამუშევარში მეორდება. მათ შორისაა ლურჯი სანთელი, ვარდი ან ხელი, 6 თითით… ფორმების გამეორება და მათი ინტერპრეტაცია, ჩემთვის მათი შესწავლის ერთ-ერთი გზაა. შეიძლება, ბევრისთვის სიურრეალისტური განწყობაც იგრძნობოდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ყოველგვარი წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე გამოდის.

M: რა აერთიანებს ან განასხვავებს შენს ნამუშევრებს?

ჩემს ნამუშევრებში მედიუმი ხშირად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ფერწერის მიმართულებით ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, ახალ მასალაში ვიმუშაო. საერთო კი, ალბათ, ის არის, რომ ყველა ნამუშევარში ისტორიები ვითარდება, რომელთა დასასრულიც სულ იცვლება.

ფოტო: გიორგი ყოლბაია

M: რას იტყვი შენ მიერ შექმნილ პერსონაჟებსა და ფორმებზე?

ხშირად ვიყენებ რეალური ადამიანების ვიზუალურ სახეებს ისე, როგორც მამახსოვრდება. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პერსონაჟებს ვქმნი… ჩემს მეხსიერებაში დარჩენილ მათ სახეებს, შესაძლოა, რეალობასთან მჭიდრო კავშირი არც ჰქონდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მეხსიერება ძალიან ცვალებადი და სუბიექტურია. ფორმების გამეორება და მათი ცვლილება კი, ჩემთვის მათი შესწავლის ერთ-ერთი გზაც არის.

M: შენთვის, როგორც შემოქმედისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავსა და ჩემს სამუშაო პროცესზე კონტროლია. ასევე, მუშაობის დროს სისტემატურობა. ერთგვარი რუტინა, რომელიც ძალიან მეხმარება. ამისა, მგონია, რომ სამუშაო პროცესში, მუდმივი სიახლეების შემოტანა, თემისა თუ მასალის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია… 

ფოტო: გიორგი ყოლბაია
ფოტო: გიორგი ყოლბაია
ფოტო: გიორგი ყოლბაია
ფოტო: გიორგი ყოლბაია
ფოტო: გიორგი ყოლბაია

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


ბოდიში ხორცის მოყვარულებს, დაბნეულობისთვის – Burger King-ის კამპანია

გააგონეთ ხმა მთელ მსოფლიოს! – ქალთა დღისადმი მიძღვნილი კამპანია