New Balance-ის ისტორია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ტანსაცმლის ბრენდი. მისი თანამედროვე იმიჯი მაღალი ხარისხი და ამის შესაბამისი ფასებია. მის კატალოგში ასორტიმენტის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა სამი სიმბოლური კოლექციაც აქვს გამოშვებული, რომელიც ბრენდის სავიზიტო ბარათია.
კომპანიის დაარსება
New Balance დაარსდა 1906 წელს ბელმონტში, მასაჩუსეტსის შტატში. კომპანიამ თავდაპირველად The New Balance Arch Company-ს სახელწოდებით დაიწყო მუშაობა და ორთოპედიულ ფეხსაცმელს აწარმოებდა. დასაწყისში ის ფოკუსირებას ამ ვიწრო, ნიშაზე ორიენტირებულ ბიზნესხაზზე აკეთებდა და არ სცილდებოდა მშობლიური სახელმწიფოს საზღვრებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ის ფიზიკურად არ ფართოვდებოდა, ათწლეულების განმავლობაში მისი ფინანსური ზრდაც მცოცავი რეჟიმით მიმდინარეობდა და თითქმის შეუმჩნევლად მიიწევდა წინ. კომპანიის არსებობის პირველი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთადერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სოლიდური რეპუტაციის დამყარება, პოპულარობა სპეციალიზებული ფეხსაცმლის ხარისხით და მჭიდრო სეგმენტი, რომელმაც იცოდა მის შესახებ.
საყოველთაო ცნობადობა
ამ მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1930-იან წლებში, როდესაც New Balance-მა დაიწყო სპეციალურად შექმნილი ორთოპედიული ფეხსაცმლის წარმოება ბეისბოლის მოთამაშეებისთვის და მძლეოსნობის სპორტსმენებისთვის. სპორტულ ბაზარზე შესვლა გადამწყვეტი იყო, რადგან ამან კომპანია გადაიყვანა უფრო ფართო ბიზნესსფეროში, რამაც წლების შემდეგ მისი ზრდა გამოიწვია.
საინტერესოა ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თავად სპორტსმენების მოთხოვნის საფუძველზე და არა იმიტომ, რომ ასე მენეჯმენტმა გადაწყვიტა. ეს იყო ერთგვარი მარცვლის დათესვა მომავალი წარმატებისთვის, რომელიც ცოტა მოგვიანებით, 60-იან წლებში მოვიდა.
60-იანი წლები
1961 წელს ეს მარცვალი აყვავდა და ნაყოფის გამოსხმა დაიწყო. ამჯერად უკვე მენეჯმენტის დირექტივით, New Balance-მა გამოიყენა თავისი გამოცდილება ახალი, სპეციალიზებული სპორტული ფეხსაცმლის გამოსაშვებად, რომელსაც დაარქვა “Trackster” – ტალღოვანძირიანი სავარჯიშო ფეხსაცმელი კაცებისთვის. Trackster უნიკალური დიზაინის მქონე იყო და განსხვავდებოდა ყველა სხვა კონკურენტი ბრენდისგან. მისი წინამორბედი New Balance მოდელების მსგავსად, Trackster-მა მალე მოიპოვა ერთგული მიმდევრები, თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, ეს მოდელიც მხოლოდ გარკვეულ სეგმენტზე იყო მორგებული.
Trackster-ის გაყიდვების უმეტესი ნაწილი მოდიოდა ადგილობრივი უმაღლესი სკოლებიდან და კოლეჯებიდან. თავად ბრენდსაც არ უცდია მისი მარკეტინგული რეკლამირების ბევრნაირი ვარიანტი. იმის მიუხედავად, რომ კომპანიას უკვე ბევრი ცნობდა და მომხმარებლის არეალიც გაიზარდა, ის მაინც ინარჩუნებდა პირვანდელ იდენტობას და არ გამორჩეოდა დიდი ამბიციებით – გამხდარიყო გლობალურად ცნობილი.
ტრანსფორმაცია
1970-იანი წლების დასაწყისში მოხდა მკვეთრი ცვლილება, რომელიც გამოწვეული იყო ახალი მფლობელის, ჯეიმს დევისის მოსვლით. მიდლბერის კოლეჯის კურსდამთავრებული, დევისი 28 წლის იყო, როდესაც მან შეიძინა New Balance. აკადემიური განათლებით, ის ქიმიკოსი და ბიოლოგი იყო, თუმცა აშკარად ბიზნესი და მარკეტინგი უფრო აინტერესებდა. ეს ინტერესი მას გაუჩნდა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ელექტრონიკის კომპანიაში გაყიდვების წარმომადგენლად მუშაობის დროს, სადაც შესაბამისი უნარებიც შეიძინა.
აქ მუშაობის ორი წარმატებული წლის შემდეგ დევისი დაწინაურდა გაყიდვების მენეჯერად, მაგრამ მან დიდხანს არ დააყოვნა თავის ახალ თანამდებობაზე. 1970-იანი წლების დასაწყისისთვის დევისი მზად იყო, აესრულებინა შემდეგი ოცნება, საკუთარი ბიზნესის ფლობა და მართვა.
დევისს მეგობარმა შესთავაზა, დალაპარაკებოდა პოლ კიდს, რომელსაც სურდა პენსიაზე გასვლა და საკუთარი კომპანიის, New Balance Shoes-ის გაყიდვა. დევისი შეხვდა კიდსს და დაიწყო კომპანიისა და მომხმარებელთა მცირე ჯგუფის შესწავლა. საბოლოოდ, გრძელვადიანი საბანკო სესხიდან მიღებული ფულის გამოყენებით, 100 000 დოლარად შეიძინა კომპანია.
ახალმა მფლობელმა 5 მუშახელი დაიქირავა, რომლებიც მუშაობდნენ უოტერთაუნში, მასაჩუსეტსის ავტოფარეხში, რომელიც დღეში დაახლოებით 30 წყვილ Trackster-ს აწარმოებდა. დევისს დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მანამდე გაყიდვების განაწილების სისტემის შექმნა დაიწყო.
1975 წელს ჟურნალი Runner’s World წერდა სპორტული ფეხსაცმლის შესახებ. პირველ ნომერში New Balance-მა მესამე ადგილი დაიკავა, რაც თავისთავად წამახალისებელი შედეგი იყო, მაგრამ მომდევნო წელს, 1976 წლის ოქტომბერში, New Balance 320 შეფასდა, როგორც საუკეთესო სარბენი ფეხსაცმელი მსოფლიოში.
ამ აღიარებამ დიდი წარმატება მოუტანა ბრენდს და კომპანიაში არ წყდებოდა ზარები ფეხსაცმლის მოთხოვნის შესახებ. მას შემდეგ New Balance ერთ-ერთ ლიდერ ბრენდადაა მიჩნეული სპორტულ ინდუსტრიაში.
1982 წელს New Balance 990 გამოვიდა, რომელიც იმ დროს ყველაზე ძვირფას სარბენ ფეხსაცმელად იქნა მიჩნეული. მისი მფლობელობა უკვე ერთგვარ სტატუსს ნიშნავდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა.
მალე ის ქუჩის კულტურაშიც დამკვიდრდა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა რეპისა და ჰიპ-ჰოპის მიმდევრებისთვის. ამავდროულად, ეს იყო ფეხსაცმელი, რომელსაც ირჩევდა ტექნოლოგიების მაგნატი სტივ ჯობსი, რამაც კიდევ უფრო გაუსხვა ხაზი იმას, რომ New Balance იყო ბრენდი ყველასთვის.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი