14
Dec
2018

როგორ ხვდება „ახალი გუდაური“ მსოფლიო ჩემპიონატს

14 Dec 2018

ზამთრის დადგომასთან ერთად, სრიალის მოყვარული ადამიანები უიქენდის, თუ შვებულების დასაგეგმად დიდხანს არ ფიქრობენ. ჯერ კიდევ გათენებამდე, მანქანაში აწყობენ თხილამურებს, გზად კი, ერთ-ერთი სუპერმარკეტის რიგში ხვდებიან ნაცნობ-მეგობრებს. ყველას ერთი მიმართულება აქვს – გუდაური, რომელიც თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე, გუდაურის აქტუალურობა ზამთრის სეზონით შემოიფარგლება… გარდა იმისა, რომ გვინდა მოგიყვეთ გუდაურის ოთხსეზონიან კურორტად ქცევის პერსპექტივებზე, აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს, ეს ქართული კურორტი თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

mBank QR
mBank QR

წელს გუდაური 30 წლის ხდება.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს ჰქონდა ევროპული გუდაური. აღსანიშნავია, რომ  1982-1985 წლებისთვის, გუდაურში აშენდა რამდენიმე პატარა სასტუმრო, რესტორანი და ორი დაბალი წარმადობის, ორსავარძლიანი საბაგირო გზა – ეს იყო გუდაურის, როგორც ტურისტულად აქტიური ადგილის, პირველი ნიშნები. მას შემდეგ, კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და დღემდე, აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უკავია.

გუდაური სეზონს 15 დეკემბერს დაიწყებს. ტურიზმის ადმინისტრაცია, მთის კურორტების განვითარების სააგენტო და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას გეგმავენ. „ასახული იქნება როგორც ძველი გუდაურის კადრები, ასევე ახალი გუდაურის შტრიხები“, – ამბობენ ისინი. გარდა სეზონის გახსნისა, გუდაური მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში ჩატარდება.

გენერალური გეგმის მიხედვით, 2023 წელს, სპორტსმენებსა თუ დამსვენებლებს დახვდება კურორტი კურორტში – „ახალი გუდაური“. „ახალი გუდაური“ ეს არის მზადება ახალი სამთო-სათხილამურო გამოწვევებისთვის და მცდელობა – ზამთრის კურორტმა არ დაკარგოს აქტუალობა სხვა სეზონებზე.

„ახალი გუდაურის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და ამ დროიდან, ამ საკითხზე დეველოპერული კომპანია RED-CO ზრუნავს. „ახალი გუდაურის“ განვითარების გეგმა საერთაშორისო კომპანია Ecosign-ის მიერაა შემუშავებული. პროექტში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული, რომელიც მოიცავს 50 ჰექტარზე გაშენებულ სამთო-სათხილამურო კურორტს თანამედროვე შენობებით, საცხოვრებელი სახლებით, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებით, გასართობი და სპორტული ობიექტებით. მთლიანობაში, „რედ-კო“ გუდაურში 26 ახალ აპარტოტელს ააშენებს.

ურორტზე ექვსი ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. მნიშვნელოვანია აგრეთვე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

დღეისათვის, RED-CO მუშაობს პროექტზე „Radisson Blu Gudauri” და მის მიერ უკვე შესრულებულია „ახალი გუდაურის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების 30%. მათი თქმით, „ახალ გუდაურში“ უკვე ფუნქციონირებს აპარტოტელები, ასევე, სხვადასხვა ტურისტული, გასართობი და კომერციული ობიექტი. აქ უკვე დასრულებულია რვა და შენდება თვრამეტზე მეტი აპარტოტელი. რაც შეეხება, უშუალოდ, აპარტოტელს, ეს არის მსოფლიოში გავრცელებული დეველოპერული პროდუქტი, რომელიც საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს სინთეზია. ის ბინის მფლობელს, მისგან დამოუკიდებლად, დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება ბინის შეძენით მიღებულ სარგებელს. როგორც უკვე ვახსენეთ, აპარტოტელის სისტემა კურორტზე არსებულ კერძო საკუთრების დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცევის შესაძლებლობას იძლევა. ამბობენ, რომ წლიდან წლამდე გუდაური სულ უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს. სხვა მხრივ კი, 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის მოწინავე კურორტებს შორის, გუდაურის პოზიციის გამყარებას, შესაბამისად კი, ტურისტული ნაკადების ზრდას მოასწავებს.

რაც შეეხება გუდაურის ოთხსეზონიან კურორტად ქცევის პერსპექტივას. აქამდე, გუდაურის ტურისტული სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდებოდა. პროექტ „ახალი გუდაურის“ ავტორთა თქმით, ის ყველა სეზონის კურორტია; სპორტული ინფრასტრუქტურის გარდა, აქ განთავსებულია ტურისტებისთვის მიმზიდველი სხვადასხვა წერტილი, რომელიც ორიენტირებულია არამხოლოდ ზამთრის სპორტზე. აქ იფუნქციონირებს ღია აუზები, ასევე, მოეწყობა გაზაფხულისა და შემოდგომის ტურები ვერტმფრენით (ჰელი-სკი) და ა.შ. ეს კი შესაძლებელს ხდის სასტუმროებისა და აპარტამენტების დატვირთვას მთელი წლის განმავლობაში.

[R]

განხილვა