როგორ უნდა მოიქცეს ახლად აყვანილი ლიდერი? საამისოდ ზუსტი წესები არ არსებობს, თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ახალ პოზიციაზე დანიშნული ადამიანების 74% ყოველთვის ამბობს, რომ ახალი როლისთვის მზად არ არის, რის გამოც თავიანთ კარიერას ახალ კომპანიაში დაახლოებით 18 თვეში ასრულებენ. ახალი ლიდერების ქცევას თუ დავაკვირდებით, ისინი ან ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, ან ამჯობინებენ, თავიანთი კოლეგების შესახებ მეტი ფაქტი შეაგროვონ და ამის შემდეგ გადავიდნენ ქმედებაზე.
წარმოგიდგენთ სამ სტრატეგიას, რომლებიც ახალ ლიდერებს დაეხმარებათ, უფრო ეფექტურად მიიღონ გადაწყვეტილებები:
პირველ რიგში, გაერკვიეთ, როდისაა საჭირო, გადახვიდეთ ქმედებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ აქტიური გამოჩნდეთ, არ უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რასაკვირველია, თქვენ გსურთ, რომ თქვენში დარწმუნდნენ და თქვან, რომ არ შემცდარან, მაგრამ თავდაპირველად უნდა ისწავლოთ და შემდეგ იმოქმედოთ. ამის დასადასტურებლად კი, ერთ ისტორიას შეგვიძლია, დავეყრდნოთ: ერთ-ერთ კომპანიაში ისეთი ლიდერი აიყვანეს, რომელიც მარკეტინგის ვუნდერკინდად იყო ცნობილი. მას თავიდანვე საინტერესო იდეები ჰქონდა, თუმცა, იმიტომ, რომ მან არ გაიცნო თავისი კოლეგები და ორგანიზაციული კულტურა, ერთ წელიწადში გაათავისუფლეს.
გამოცდილმა ლიდერებმა ხშირად კომპანიის გაცნობამდეც კი იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ისინი არ ისმენენ, არ აკვირდებიან და ირიდებენ კრიტიკას. ეს ყველაფერი კი, რასაკვირველია ცუდად მოქმედებს როგორც მათ რეპუტაციაზე, ისე – პროფესიონალიზმზე. ასეთ შემთხვევაში, თავდაჯერებულობა ლიდერს უკან ხევს, მიუხედავად იმისა, რამხელა გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს წარსულში. ვერავინ იტყვის იმას, რომ ყველა კომპანიაში ერთნაირი წესებით ხელმძღვანელობაა აუცილებელი. ყველა მათგანს თავისი ორგანიზაციული კულტურა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც კომპანიაში ახალი ლიდერი მოდის, ის თავდაპირველად უნდა მოერგოს ახალ სიტუაციას, დაივიწყოს დროებით გამოცდილება და ახლებურად მიუდგეს ახალ სამუშაო ადგილს.
აუცილებლად დარწმუნდით, რომ ინფორმაციის სწორ წყაროსთან გაქვთ ურთიერთობა. როდესაც კომპანიაში ახალი ხართ, აუცილებლად უნდა მოისმინოთ ყველას აზრი, დამოკიდებულება, ცოდნა ამა თუ იმ საკითხებზე. ხშირად ხდება ისე, რომ ახალ თანამშრომელზე ერთი რომელიმე თანამშრომელი ახდენს დიდ გავლენას და შეცდომაში შეჰყავს ის. გაიხედ-გამოიხედეთ და მოისმინეთ სხვების საუბარიც, ეცადეთ, ყველასთან კარგი დამოკიდებულება გქონდეთ, რომ თქვენამდე სწორმა ინფორმაციამ მოაღწიოს. ასეთ შემთხვევაში კი, რასაკვირველია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
მესამე ნაბიჯი, რომელიც ახალმა ლიდერებმა უნდა გადადგან, არის ფოკუსირება. დიახ, თქვენ ვერ მოაგვარებთ კომპანიის ყველა პრობლემას ერთ დღეში და ერთ თვეში, მაგრამ ეს პროცესი რომელიმე კონკრეტული ადგილიდან უნდა დაიწყოთ. მაგალითად, მოკვლევის ფონზე უნდა დაადგინოთ, სად, რომლელ ნაწილში უჭირს კომპანიას ყველაზე მეტად და ამის მიხედვით დაიწყოთ გადაწყვეტილებების მიღება.
ეცადეთ, მაქსიმალურად გაერკვეთ, რას მოელიან თქვენგან თქვენი თანამშრომლები, როგორი შეიძლება, იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები.. მიზეზი, რის გამოც ახალ როლზე გნიშნავენ ისაა, რომ მათ თქვენი იმედი აქვთ – მიხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც ერთგვარ პრობლემებად დგას. ხშირად კომპანია ერთგვარი უხილავი პრობლემების წინაშე დგას – თითქოს მასში ყველაფერი აყვავებულია და თანამშრომლებს რაიმე “ძვრა” არ სჭირდებათ. ამისთვის ხართ თქვენ – რომ დაარწმუნოთ გუნდი ცვლილებების საჭიროებაში და ეს უხილავი პრობლემები მოაგვაროთ.
ლიდერის პირველი ქმედებები იმ შთაბეჭდილებას ქმნის თქვენზე, რომლის შეცვლაც შემდეგ რთულია. ჭკვიანური და დინჯი ნაბიჯები, სწორი ადამიანებისგან სწორი ინფორმაციის მოპოვება, ფოკუსირება და კონკრეტულ საკითხებზე აქცენტის გაკეთება დაგეხმარებათ, შეიქმნათ იმგვარი რეპუტაცია, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენსავე კარიერაში წარმატებული ადამიანი იყოთ.
წყარო: HBR