მეტროს ახალი, მესამე მიწისზედა ხაზი, ეტაპობრივად, 2021-2022 წლებში შევა ექსპლუატაციაში – სპეციალური შემადგენლობები სამგორიდან აეროპორტისა და ლილოს ბაზრობის მიმართულებით იმოძრავებს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/2064192413883293/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ამ ხაზზე, სულ, იქნება 8 სადგური. პირველი გაჩერება – სამგორი, შემდეგ: კახეთის გზატკეცილი, „ისთ ფოინთი“, ორხევი, აეროპორტის დასახლება. აქედან ერთი შემადგენლობა წავა აეროპორტისკენ და იქ ექნება ბოლო გაჩერება, მეორე კი ლილოსკენ – ჯერ იქნება ლილოს დასახლების, შემდეგ ლილოს ბაზრობის მიმართულებით. რაც შეეხება გადასასვლელს : ახლანდელ მეტროსადგურ „სამგორს“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაუკავშირდება სამგორის ახალ, მიწისზედა ხაზის პირველ სადგურს. როგორც პირველიდან მეორე ხაზზეა გადასასვლელი, დაახლოებით, ასეთი იქნება. მთლიანი ინფრასტრუქტურა მიწის ზემოთ მოეწყობა და ივლის 6 სპეციალური შემადგენლობა, თითო 3 ვაგონიანი. მატარებლები, მხოლოდ მიწისზედა ხაზისთვის იქნება განკუთვნილი და, დაახლოებით, 10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს“, – ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.
მისივე თქმით, ახალი ხაზის საპროექტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. წლის ბოლოსთვის კი იგეგმება, მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება/.
„ექსპლუატაციაში ეს ხაზი, ეტაპობრივად, 2021-დან 2022 წლამდე შევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგ სამგორის მეტროსადგური დაუკავშირდება ქალაქ რუსთავს. 2019 წელს იგეგმება ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევები, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რა მარშრუტით უნდა დაუკავშირდეს – დასახლებების გავლით, თუ უმოკლესი გზით. შემდეგ კი დაიწყება მეორე ეტაპზე მუშაობა“.













