“საირმე მინერალ ვოთერსმა” ერთ-ერთი თავისი პროდუქტის, “საირმის ნაკადულების” ბოთლის დიზაინი რადიკალურად შეცვალა, სახელში კი გაქრა “საირმე” და უბრალოდ “ნაკადული” დარჩა. მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერ ნინო გვანცელაძეს ესაუბრა:
M: „საირმე მინერალ ვოთერსმა“ წყაროს წყალი „ნაკადული“ ქართულ ბაზარზე ახალი ფორმით წარმოადგინა. რატომ გადაწყვიტა კომპანიამ „ნაკადულის“ დიზაინის შეცვლა?
2011 წელს კომპანიამ დაიწყო წყაროს წყალ „ნაკადულის“ წარმოება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პროდუქტმა უნიკალური გემოსა და შემადგენლობის გამო მომხმარებელთა ლოიალურობა დაიმსახურა, რაც პირდაპირპროპორციულად ისახებოდა გაყიდვების ზრდაზე. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა კომპანია ზრუნავს ბრენდის განვითარებაზე, და ოთხ წლიანი პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა ბაზარზე პროდუქტის ახალი, უფრო საინტერესო და მიმზიდველი დიზაინით წარმოდგენა.
მთავარი სტრატეგია კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა. ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებელთა აზრი პროდუქტის ფერთა გამასთან დაკავშირებით და ასევე შევეცადეთ ხაზი გაგვესვა, რომ „ნაკადული“ ქართული ტრადიციული წყაროს წყალია. აღნიშნული მიზეზების გამო, შევცვალეთ პროდუქტის ფერი და ეტიკეტს დავამატეთ ქართული შტრიხები. ეს უკანასკნელი უფრო გამოარჩევს მას კონკურენტებისგან და უფრო მიმზიდველია მომხმარებელთათვის. ჩემი აზრით გამოგვივიდა.
M: ვინ არის ახალი დიზაინის ავტორი?
ჩვენ სააგენტოებთან არ გვითანამშრომლია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი დიზაინერის გიორგი მამულაშვილის ნამუშევარი. ამავდროულად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ვიმუშავეთ თავიდან ბოლომდე იდეაზე, კვლევაზე, სტრატეგიასა და დიზაინზე.
M: როგორ შეხვდა მომხმარებელი სიახლეს?
კომპანიამ „ნაკადული“ ახალი შეფუთვით 2015 წლის 1 ივლისიდან გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ახალია და მომხმარებელი ჯერ პროდუქტის განახლებულ დიზაინს კარგად არ იცნობს, გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა. ეს რეზულტატი ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელი კმაყოფილია ჩვენი ნამუშევრით. პირველივე დღიდან, რაც „ნაკადული“ ახალი შეფუთვით წარსდგა მომხმარებელთა წინაშე, იგი არაერთი ღონისძიების სპონსორია. მაგრამ, ჩვენი გეგმების მთავარი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკეთესს შედეგებს მივაღწევთ.
ავტორი: მანანა ნოდია