23
Dec
2019

Mediacritic.ge – გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის

23 Dec 2019

Mediacritic.ge ახალი ვებ-პლატფორმაა, რომელიც პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას. პროექტის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა“ – ეს ახალი პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიამ შექმნა და უკვე ხელმისაწვდომია. საინფორმაციო კამპანიაზე, რომლითაც მათ Mediacritic.ge წარადგინეს, Nova Productions-მა იმუშავა.

 

„ამ ვიდეორგოლით წარვადგინეთ ჩვენი პლატფორმა. კამპანიის მიზანია, უფრო დეტალურად მიაწოდოს მედიას და საზოგადოებას ინფორმაცია Mediacritic.ge-ის შესახებ. სიმბოლურია, რომ ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობდა „სტამბაში“, ზუსტად იმ ისტორიულ შენობაში, სადაც გამომცემლობა „სამშობლო“ იყო. ამისთვის, „აჭარა ჯგუფს“ გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ“.

Mediacritic.ge-ის კონცეფცია სააგენტო Leavingstone-ის გუნდს ეკუთნის. სწორედ მათ იმუშავეს ვებგვერდის დიზაინზე, რომელიც, მედია აკადემიის წარმომადგენლების თქმით, ნამდვილად უნიკალურია. სიმბოლურია ისიც, რომ პლატფორმის დიზაინი გაზეთის ვიზუალის მიხედვითაა აწყობილი.

მედია აკადემიაში ამბობენ, რომ სურდათ, პლატფორმა მარტივი, პრაქტიკული და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად ორიენტირებული ყოფილიყო.

„სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი და შესაბამისად, ამოსავალი კრეატიული სააგენტოსთვისაც. რაც შეეხება თავად Mediacritic.ge-ს, აღნიშნული ონლაინ – პლატფორმა საკუთარ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება, რომელიც მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად შევქმენით. ამ კოდექსს დაეფუძნება მედია აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესიც. Mediacritic.ge გახდება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის. ონლაინ – პლატფორმა, ასევე, ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას“.

რაც შეეხება Mediacritic.ge-ის პრინციპებს . . . 

ესენია: ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა – Mediacritic.ge სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას და ასევე, ხელს შეუწყობს მედიაკრიტიკოსთა პროფესიული წრის ჩამოყალიბებას.

 

კონკრეტულად რას შესთავაზებს Mediacritic.ge მკითხველს?

მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმაზე სამი ძირითადი განყოფილებაა – რეცენზია, ბლოგი, რეპლიკა;  რეცენზია მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულებაა, ბლოგი – საავტორო პროდუქტი, რეპლიკა – ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული მოკლე სტატია.

რატომ გახდა საჭირო ასეთი პლატფორმის შექმნა?

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში „ონლაინ“ და სოციალური მედია, ხშირად, ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები. საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს. აქამდე, ქართულ მედიასივრცეში არ არსებობდა პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა ექნებოდა საზოგადოებას. ​ მედია აკადემიის მიზანი სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც იმავდროულად დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში.

რა სარგებელს მოუტანს Mediacritic.ge მედიას, საზოგადოებას? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის. ამასთან, „ონლაინ“ პლატფორმა  ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების  პროფესიულ განვითარებას. ვფიქრობთ, საზოგადოებას სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა, რომელიც მისცემს საშუალებას, გააანალიზოს, როგორ მედიაპროდუქტებს მოიხმარს ის. მეორე მხრივ, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კრიტიკა ხელს შეუწყობს მედიას, მაღალი პროფესიული სტანდარტით იხელმძღვანელოს და მიუკერძოებელი, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული მედიაპროდუქტი შესთავაზოს აუდიტორიას.

 

განხილვა