7
Mar
2019

ახალი RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია და Test Drive რუსთავის ავტოდრომზე

7 Mar 2019

„ტოიოტა კავკასიამ“ (TCA), რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ახალი თაობის RAV4 და Corolla წარადგინა. ასევე, ჟურნალისტებს გააცნო უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდ ტექნოლოგია. პრეზენტაციის შემდეგ კი „ტესტ დრაივი“ გაიმართა.

 

„ტოიოტას“ წარმომადგენლების თქმით, ახალი და გაუმჯობესებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი „კოროლა“ აღჭურვილია 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.

 

„მისი შესახედაობა გაბედული და დინამიურია. ამ ეფექტს აძლიერებს 17-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკები, განიერი, შთამბეჭდავი რადიატორის გისოსი და განმასხვავებელი, შუქდიოდიანი წინა ფარები. ასევე ახასიათებს ტევადი და ერგონომიული სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით. პრემიუმ ხარისხის ინტერიერში შემავალი ტექნიკა შეიცავს 8-დუიმიან მულტიმედია სენსორული ეკრანს, 7-დუიმიან საინფორმაციო დისპლეისა და უკანა სავარძლების გათბობის სისტემის ინტუიციურ, ადვილად გამოსაყენებელ კომბინაციას“.

 

რაც შეეხება ახალ RAV4-ს, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მოდელი პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე.

„უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი ) გარდა, ამ მოდელს გააჩნია თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით არის შექმნილი. ახალი 2.0 პირდაპირი შეფრქვევის ბენზინის ძრავის გარდა, ახალი “რავ 4” ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს. ახალი 2.5 ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით) და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში), თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO – 100გ/კმ) გვთავაზობს“.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზენტაციაზე უსაფრთხოების სისტემასა (TSS) და ჰიბრიდ ტექნოლოგიაზეც ისაუბრეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ტოიოტას“ ჰიბრიდებში გამოყენებული ბატარეების ინოვაციური სისტემა შექმნილია იმისთვის, ავტომობილის სრული ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში იმუშაოს.

 

„ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა თვითდამუხტვადია, ის არასდროს საჭიროებს გარეშე წყაროდან დამუხტვას. გარდა ამისა, ისეთი მექანიკური ელემენტები, როგორიცაა გადაბმულობა, ალტერნატორი და ელექტრო „სტარტერი“, სრულად ამოღებულია ჩვენი ავტომობილებიდან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამომავლო გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. გარდა ამისა, „ტოიოტას“ჰიბრიდების სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა შემცირებულია, რის შედეგადაც მათი ტექმომსახურება 5 პროცენტამდე უფრო იაფი ჯდება“.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემას, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ტოიოტამ“ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია Toyota Safety Sense, იგივე TSS, რომელიც სისტემების ნაკრებია და მძღოლებს ეხმარება გზებზე არსებული საშიშროებების აღქმაში და შეჯახებების თავიდან არიდებაში.

 

„ პირველი არის შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა (Pre-Collision System), რომელიც რადარის ტექნოლოგიას იყენებს. თუ ავტომობილი დაასკვნის, რომ წინა მხარეს არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა, მოგცემთ გამაფრთხილებელ ნიშანს. გარკვეულ პირობებში, თუ სისტემა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია, თვითონ დაამუხრუჭებს და დაჭიმავს ავტომობილის ღვედებს. 50 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ისეთ გზაზე გადაადგილებისას, რომელსაც გააჩნია ზოლის მონიშვნა, ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემა (Lane Departure Alert) იყენებს სპეციალურ კამერას, რომელიც ცნობს ზოლის აღმნიშვნელ ხაზებს და ხვდება, თუ თქვენ მათ გადაუხვევთ. ამ დროს, ავტომობილი აჟღერებს ხმოვან შეტყობინებას და ანთებს შესაბამის ნიშანს ხელსაწყოთა პანელზე. რაც შეეხება ავტომატური შორი განათების სისტემას, ის მიზნად ისახავს ღამით ხილვადობის გაზრდას სხვა მძღოლებისთვის ხელის შეშლის გარეშე და ირთვება 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისას. მანქანაში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით, ავტომატური შორი განათების სისტემა აფიქსირებს როგორც საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილების წინა მაშუქების სინათლეს, ისე წინ მიმავალი ავტომობილების უკანა გაბარიტული ფარების სინათლეს და ავტომატურად რთავს ახლო თუ შორი განათების ფარებს. და ბოლოს დინამიური კრუიზ -კონტროლის სისტემა იყენებს მილიმეტრულ ტალღათა დიაპაზონზე მომუშავე რადიოლოკაციურ სენსორს და ერთ ლინზიან კამერას წინმავალი ავტომობილის  დასაფიქსირებლად და მისი გადაადგილების სიჩქარის გამოსათვლელად. შემდეგ, არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს (წინასწარ მითითებულ ფარგლებში) და გეხმარებათ წინასწარ განსაზღვრული მანქანათაშორისი მანძილის დაცვაში“.

 

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, გაიმართა „ტესტ დრაივი“ – სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ ყველა ის სიახლე და ტექნოლოგია, რომელზეც „ტოიოტას“ წარმომადგენლებმა, პრეზენტაციაზე, ისაუბრეს.

 

კოორდინაციისთვის, მონაწილეების თითოეულ ჯგუფს ინდივიდუალური ლიდერი ჰყავდა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად და ერთდროულად მიმდინარეობდა „ტესტ დრაივი“, შესაბამისად, შესაძლებელი იყო თითოეული ეტაპის მაქსიმალურად კომფორტულად და ლოდინის გარეშე გავლა. ასევე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გამოეცადათ Line Change ტექნოლოგია, რომელიც აღიქვამს ხაზებს გზაზე და მასთან მიახლოების შემთხვევაში მძღოლს ანიშნებს ხმოვანი სიგნალით და ოდნავ ცვლის კიდევაც საჭის პოზიციას.

 

შემდეგი იყო ახალი და ძველი Corrola და Rav 4-ის ტესტირება „ტრეკზე“ , ანუ ძველი და ახალი მოდელების შედარება. ყველა მონაწილეს შეეძლო, ავტომობილი Sport და Normal რეჟიმებში გამოეცადა და ის განსხვავება ეგრძნო, რაც ახალ მოდელს გააჩნია.

 

სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ ახალი და ძველი Rav4 უგზოობაზე სიარულის დროს გამოეცადათ და მათი გამავლობა, სიხისტე და დამატბითი ფუნქციები შეედარებინათ.

 

შემდეგ მონაწილეებმა „ტოიოტას“ ადაპტირებული კრუიზ – კონტროლი, ანუ ავტომობილის მიერ წინა ავტომობილის ამოცნობას და ამის მიხედვით სიჩქარის განსაზღვრის სისტემა გამოსცადეს. ახალი ტექნოლოგიით, მანქანა თვითონ აღიქვამს მის წინ მიმავალ ავტომობილს და მიჰყვება, მძღოლის მიერ განსაზღვრულ სიჩქარემდე. იმ შემთხვევაში თუ წინა სატრანსპორტო საშუალება შეანელებს სიჩქარეს ან გაჩერდება, უკანა ავტომობილიც იმავეს გაიმეორებს.

ღონისძიება, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე, გალა ვახშმით დასრულდა.

განხილვა