in

ახალი კვლევა – რა დრო გჭირდებათ მავნე ჩვევის დასამარცხებლად?

ყოველი ადამიანი თვისებებისა და ჩვეულებებისგან შედგება – სწორედ მცირე დეტალების ერთობლიობა აყალიბებს პიროვნების ერთიან სახეს. ეს თვისებები, შესაძლოა, იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. მაგალითად, ზოგიერთ ჩვენგანს ყოველდღიურ რუტინად ექცა სირბილი, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება, მაშინ, როცა ნაწილი არაჯანსაღ კვებას, ალკოჰოლის მიღებას, უძილობასა და სიგარეტის მოწევას ამჯობინებს.

საბედნიეროდ, ადამიანთა უმეტესობა არ უშინდება მავნე ჩვევების აღიარებას და მათ გამოსწორებაზე ზრუნვას სხვადასხვა საშუალებებით იწყებს. ამ საკითხში, ალბათ, ყველაზე აქტუალური სიგარეტისთვის თავის დანებებაა, რისთვისაც მრავალ ხერხს მიმართავენ – ქუჩებში შეხვდებით გამოკრულ წარწერებს: “დარეკეთ და სამუდამოდ დაემშვიდობეთ სიგარეტს”, “როგორ დავანებოთ თავი მოწევას” და ასე შემდეგ…

თუმცა, ყოველი მცდელობის დაწყებისას, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ გარკვეული ჩვევის მოსაშორებლად, აუცილებელია ახალი თვითდისციპლინის შემუშავება. “ჩვევის მოშლა ნამდვილად ნიშნავს ახალი ჩვევის, ახალი წინასწარი ძლიერი რეაქციის დამკვიდრებას” – ფსიქოლოგი ტიმოთი პიჩილი.

საინტერესოა, მაინც რა დროს საჭიროებს სიგარეტისთვის თავის დანებება?

ამის დასადგენად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარები 12 დღის განმავლობაში შეისწავლიდნენ 96 ადამიანს, მათ დამოკიდებულებას ახალი, დადებითი ჩვევებისადმი და დაადგინეს, რომ ახალი ჩვევის შენარჩუნებას საშუალოდ 66 დღე სჭირდება. გარდა ამისა, ინდივიდუალური დრო იცვლებოდა 18–დან 254 დღემდე.

”დიდი ხნის ჩვევები, ფაქტობრივად, ნერვულ დონეზეა დამკვიდრებული, ამიტომ ისინი ქცევის ძლიერი განმსაზღვრელები არიან” – ამბობს ნეირომეცნიერი ელიოტ ბერკმანი.

მართალია, არის შემთხვევები, როცა ახალი ჩვეულებები სწრაფად ან დიდი დროის გასვლის შემდეგაც კი ირღვევა, თუმცა ეს დანებებას არ ნიშნავს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ძლიერ მოტივატორზე ორიენტირება და მიზნისკენ სწრაფვა.

პეტრის ფინჯანში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების კონკურსის გამარჯვებულები

რა ხდება როდესაც თანამშრომლებს მენეჯერზე დიდი გამოცდილება აქვთ?