6
Feb
2020

მექსიკის “ჭკვიანი” ტყის ქალაქი, რომელიც 7 მილიონ მცენარეს გააერთიანებს

6 Feb 2020

დღესდღეობით ურბანული სივრცეების განვითარება ქალაქისა და ბუნების დაშორებას იწვევს. ქალაქის არქიტექტურულ სახეცვლილებასთან ერთად სიმწვანე იკლებს, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი ჰაერის ნაკლებობაა. ეს იმიტომ, რომ ხეები და მცენარეები ჟანგბადის გენერატორები არიან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ქალაქებისთვის, სადაც ჰაერის დაბინძურება გადაუჭრელ პრობლემად დგას. სამყარო ნელ-ნელა ცდილობს, ელექტრომობილებზე გადავიდეს და ნაკლები ნახშირორჟანგი გამოყოს გარემოში, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა არც ისე მარტივია, მით უმეტეს, რომ, ზოგ შემთხვევაში, ქალაქებში ინდუსტრიული საქმიანობაც უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას.

რატომ გვჭირდება უფრო მეტად “მწვანე” ქალაქები?

იმისთვის, რომ უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ. რატომ ხდება ხოლმე ისე, რომ ბუნებაში/სოფლად გაზრდილი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ყოველთვის მეტია იმ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომლებიც მთელ ცხოვრებას ქალაქში ატარებენ? იმიტომ, რომ ის, თუ როგორ ჰაერს ვსუნთქავთ, პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ჩვენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

იტალიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ “Stefano Boeri” ცოტა ხნის წინ მექსიკაში არსებული ქალაქ კანკუნის ალტერნატიული პროტოტიპი შექმნა. ცნობილია, რომ კანკუნის ტყე 1970 წლიდან ბიომრავალფეროვნების ძლიერ შემცირებას განიცდის. სპეციალურად ამ ადგილისთვის შექმნილი პროგრამები კი ქმედუუნარო აღმოჩნდა. არქიტექტურული კომპანია და ამ იდეასთან დაკავშირებული საზოგადოება თვლის, რომ მსგავსი ჭკვიანი ქალაქი კანკუნს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

აღნიშნულ ქალაქში, 1376 ჰექტარ მიწაზე, დაირგვება 7 მილიონამდე მცენარე. ჭკვიანი ქალაქისთვის 130 000 მოსახლე განისაზღვრა და თითოეულზე 2-3 ხე მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაური მოსახლეობის უპირობო ვალდებულება იქნება, აღნიშნულ მცენარეებზე იზრუნონ. მცენარეთა 400 სახეობა გულდასმით გამოიკვლია ბოტანიკოსმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა ლორა გატმა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ამ სახეობებს არ გაუჭირდებათ კანკუნის ბუნებასთან ადაპტირება და ისინი სრულფასოვნად იარსებებენ. ხეები, ბუჩქები, ყვავილები არამარტო საზოგადოებრივ პარკებსა და კერძო ბაღებს დაამშვენებენ, არამედ სახურავებსა და ფასადებსაც გაამწვანებენ. საბოლოო ჯამში კი, დაგეგმილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ჭკვიანი ქალაქი 5 800 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს.

იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ ქალაქი გახდება ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებსა და ახალ ტექნოლოგიებს იკვლევენ. აქ შემუშავდება გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების ამოხსნის გზები და ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა ამავე კუთხით. ეს იქნება ერთ-ერთი მოწინავე კვლევის ცენტრი, რომელსაც შეეძლება, უმასპინძლოს მსოფლიო საუნივერსიტეტო დეპარტამენტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც პლანეტის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. რაც მთავარია, სხვა ქალაქებიდან მოსულ სტუმრებს თავიანთი მანქანების დატოვება ქალაქის ნაპირებში მოუწევთ, თვითონ ქალაქში მოძრაობა კი ელექტრომობილებითა და ნახევრადავტომატური ავტომობილებით იქნება შესაძლებელი.

დაგეგმილია ისიც, რომ აღნიშნული ქალაქი იყოს საკვებისა და ენერგიის მიმართ იყოს თვითკმარი. ამიტომაც, იდეის ავტორებმა ითანამშრომლეს გერმანულ კომპანიასთან Transolar, რომელიც ქალაქის გარშემო მზის პანელებს დაამონტაჟებს. აქვე იქნება სასოფლო-სამეურნეო მინდვრებიც, რომლებიც რეგულარულად მოირწყვება წყლის არხების მეშვეობით.

ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს იქნება ჭკვიანი ქალაქი, რომელიც მზის პანელების მეშვეობით დაზოგავს ენერგიას, შთანთქავს დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს და ჰაერს ჟანგბადით აავსებს, გარდა ამისა, ის იქნება გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარების ერთ-ერთი ცენტრი. და თუმცა, ამგვარი პროექტების განხორციელება დედამიწას ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს, ჩვენს უკვე არსებულ ქალაქებშიც შეგვიძლია, შევიტანოთ ზემოაღნიშნული ქალაქის ელემენტები – ვიზრუნოთ მის გამწვანებაზე, ნაკლები ხეები მოვჭრათ ახალი შენობებისთვის, უარი ვთქვათ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე და ვეცადოთ, საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც ავუმაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა