24 წლის ქართველი მსახიობი – ირაკლი გრძელიშვილი, ნიუ-იორკის კინოაკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე მიიღო. როგორც მსახიობი ამბობს, ამისათვის მან სასწავლებელში ინგლისურ ენაზე შესრულებული მონოლოგები და ამონარიდები გააგზავნა. გამოცემა The Hollywood Reporter-ის მიერ, 2017 წლის საუკეთესო კინოსკოლებს შორის დასახელებულ სასწავლებელში სამსახიობო განათლების მიღებას ირაკლი მას შემდეგ შეძლებს, რაც სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს. მისი კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და მას შემედეგ, რუსთაველის სცენაზე თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული ჯილდოებით გრძელდებოდა. ახალგაზრდა მსახიობს გამოცდილებასა და გეგმებზე ვესაუბრეთ:

ნიუ-იორკის კინოაკადემია მსოფლიოს საუკეთესო კინო უნივერსიტეტებს შორისაა. მოწვეულ ლექტორებს შორის არიან: ალ პაჩინო, კევინ სპეისი, სტივენ სპილბერგი და ა.შ. სამაგისტრო პროგრამაზე სწალის თანხმობა მივიღე განაცხადიდან ერთ თვეში, რაც ძალიან იშვიათია, რადგან, ასეთ დიდ რამეს, ჩვეულებრივ, უფრო მეტი დრო სჭირდება. გავგზავნე ინგლისურ ენაზე შესრულებული მონოლოგები და ამონარიდები ნათამაშები როლებდან.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 15 წლის ასაკში მივედი თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“, ბატონ გოგი თოდაძესთან და ორი თვის შემდეგ, მთავარი როლი მანდო, მის დადგმულ სპექტაკლში – „ცენტრალური თავდამსხმელი”. მალევე, ამ სპექტაკლში ნათამაშები როლით, „მაჩაბელას“ ფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ავიღე გრანპრი. შემიძლია ვთქვა, რომ კარიერა წარმატებით დავიწყე. პირველი ნაბიჯები სცენაზე ბატონმა გოგიმ გადამადგმევინა და მასწავლა ყველა ის „საიდუმლო” რაც მსახიობს სჭირდება სცენაზე.
M: რომელ მნიშვნელოვან სპექტაკლებსა თუ ფილმებში მიგიღია მონაწილეობა?თბილისის თითქმის ყველა აკადემიურ თეატრში მაქვს შესრულებული როლი, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემს ცხოვრებაში გოგი თოდაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „პატარა უფლისწული“, რომელიც 18 წლის ასაკში, პირველ კურსზე, რუსთაველის დიდ სცენაზე შევასრულე, რაც, ამ ასაკში, ძალიან იშვიათად ხდება. ვითამაშე მთავარი როლი, რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობებთან ერთად, როგიცაა: ლევან ხურცია, ქეთი სვანიძე, ეკა მოლოდინაშვილი და ა.შ. ასევე, გიორგი მაჭარაშვილის სპექტაკლი „მეტამორფოზა“, რომელიც პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე შევასრულეთ და სადაც, სპეციალურად დამატებული ნომინაცია, მამაკაცის საუკთესო როლისთვის მე მერგო. ჩემ წარმატებაში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვქმნი ნამუშევარს. გარდა ამისა, გიორგი ოვაშვილის ფილმში – „სიმინდის კუნძული“, შევასრულე ეპიზოდური როლი და ეს ფილმი ოსკარის ნომინანტების სიაში მოხვდა, რაც ძალიან სასიხარულოა როგორც ჩემტვის, ასევე, მთელი საქართველოსთვის.

M: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ნიუ-იორკის კინოაკადემიაში შეძლო სწავლა და რა მოლოდინებს გიქმნის იქ სწავლის შესაძლებლობა?
ყველაზე დიდი სირთულე, რასაკვირველია, ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამ ეტაპზე, ამ რესურსის მოძიებას ვცდილობ. ნიუ-იორკის კინოაკადემიისგან მაქვს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმის იმედი და რასაკვირველია, იმედი, რომ ავიმაღლებ ხარისხს და ვიქნები წარმატებული ამ პროფესიაში.









