AI ტექსტებითა თუ ბრძანებებით უკვე რა აღარ არის შესაძლებელი, პრეზენტაციების გაკეთებაო, ვიდეოების გენერირებაო და ახლა ამას თქვენთვის საყვარელი ემოჯების შექმნაც დაემატა. ნუ, თუ რა თქმა უნდა, მსოფლიო მოსახლეობის იმ 92%-ში შედიხართ, რომლებიც ემოჯებს იყენებს…
თუმცა ხშირად იმას, რაც გონებაში წარმოგვიდგენია, ვერ ვპოულობთ და ვერც კონკრეტულ თემას შევუსაბამებთ. სახალისო ახალი iOS აპლიკაცია Newji კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ — საშუალებას მოგცემთ, თქვენი საოცარი აზრები ემოჯად აქციოთ ზუსტად ისე, როგორც ChatGPT-ს სთხოვთ კითხვებზე პასუხის გაცემას. ოღონდ აქ Midjourney-სა და Stable Diffusion-ის დახმარებით ტექსტურ პასუხებს კი არა, ემოჯებს მიიღებთ.
ამისთვის შეგიძლიათ უბრალოდ აპლიკაცია ჩამოტვირთოთ, თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ საჭირო ტევადობა გაქვთ და iOS 17-იც განახლებულია. თუ ასე არ გსურთ, პირდაპირ iMessage ან WhatsApp-იც მოგცემთ ამის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციებს შორის გადართვასაც აარიდებთ თავს. საინტერესოა ისიც, რომ Newji დეველოპერების რაიან მაკლეოდისა და რობერტ ლონგის მიერ შეიქმნა, რომლებმაც აპლიკაცია პირველად 14 ნოემბერს ჩაუშვეს და მას შემდეგ 40 000 ემოჯი შემოგვთავაზეს. მართალია, ამ კუთხით სხვა ვარიანტებიც არსებობს, იქნება ეს AI Emoji Generator თუ EmojiGen, მაგრამ ორივე ბრაუზერს მოითხოვს…
„როცა Newji-ს ვქმნიდი, მინდოდა, სახალისო ყოფილიყო. მრავალი AI აპლიკაცია არსებობს, რომლებიც მსგავს ტექსტებს იყენებს, თუმცა აქ შევქმნით ისეთ გამოცდილებას, რომელიც მეტად სახალისოც იქნება. ამიტომ Newji-ს არ აქვს ტექსტის ველი, საწყისი გვერდი წინადადებისგან შედგება, რომელიც ემოჯებს მოძრავი ბუშტების სახით გაჩვენებთ, შემდეგ კი გაქრება, იქნება ეს კოვბოი კატა, ფლამინგო, რომელიც საქსოფონზე უკრავს თუ სხვა რამ“, — ამბობს მაკლეოდი.
ხოლო, რაც უფრო კონკრეტულები იქნებით მოთხოვნის გაგზავნისას, მით უკეთეს შედეგებს მოგაწვდით აპლიკაცია — „ჩათვალეთ, რომ ვიღაცას იმ სურათს აღუწერთ, რომელსაც ვერ ხედავს. ხანდახან ადამიანებს იმედი უცრუვდებათ, რადგან ეს ის არ არის, რაც გონებაში წარმოედგინათ, მაგრამ მათ გაგზავნილ ტექსტშიც არაფერია ისეთი, რაც ზუსტად აღწერდა იმას, რაც სურდათ“.
მეტიც, AI მოდელს დაასწავლეს სიტყვები, რომლებიც დისკრიმინაციულად შეიძლება ჩაითვალოს, ეს კი მას ამ სიტყვების დაიგნორებაში დაეხმარება… ხოლო მომავალში დეველოპერებს სურთ. ფოტოების ემოჯებად გარდაქმნის საშუალება მოგცეთ ან ემოჯების, რომლებიც Apple-ის კლასიკური სტილის, ყვითელი წრეების შესაბამისი იქნება. თუმცა როგორც ვიგებთ, ეს არც უფასო სიამოვნებაა: 20 მოთხოვნიდან თითოეული 20 ცენტი ეღირება, ხოლო 300-დან თითო 5 ცენტი…