in

სტარტაპი, რომელიც FAKE NEWS-ებთან ბრძოლას იწყებს

თანამედროვე სამყაროში შეთქმულების თეორიები, პროპაგანდა თუ ერთი შეხედვით, უწყინარი უზუსტობები იმდენად დიდი სისწრაფითა და დამაჯერებლობით ვრცელდება, რომ შესაძლოა ნებისმიერი მკითხველი შეცდეს. პრობლემის გადასაჭრელად პროფესიონალი ჟურნალისტები და ახალი ამბების ვეტერანები – ჟურნალ The American Lawyer-ის დამფუძნებელი – სტივენ ბრილი და The Wall Street Journal-ის ყოფილი გამომცემელი – გორდონ კროვიცი გაერთიანდნენ. მათ ინიციატივას NewsGuard ჰქვია. სტარტაპმა, გასულ კვირას, პირველ დიდ პარტნიორთან – Microsoft-თან თანამშრომლობას მოაწერა ხელი.

ამერიკულმა სტარტაპმა შექმნა მარკირების სისტემა მედიასაშუალებებისთვის, რომლის მეშვეობითაც ვებგვერდებს აფასებენ. წითელი ფერის ეტიკეტით არასანდო წყარო ინიშნება, მწვანე ეტიკეტი კი სანდო წყაროს აღმნიშვნელია. შემფასებელი კი 50-მდე ანალიტიკოსი ჟურნალისტისგან შემდგარი გუნდია.

სტარტაპერები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ შემუშავებული შეფასების მექანიზმი ონლაინ მკითხველის ყოველდღიური იარაღი გახდება. მით უფრო, როცა სერვისი მკითხველებისთვის უფასოა. სურვილის შემთხვევაში, ის თქვენს ბრაუზერზე უნდა დააყენოთ, რის შემდეგაც, როდესაც რომელიმე გამოცემის საიტზე შეხვალთ, მწვანე ან წითელ ნიშნულზე დაჭერით, NewsGuard-ის რეიტინგის ნახვასაც შეძლებთ, სადაც ორგანიზაცია გამოცემებს 9 პუნქტით აფასებს.

სტარტაპი სხვადასხვა მსხვილი კომპანიის დარწმუნებას ცდილობს, რომ მოახდინონ მათი რეიტინგების ინტეგრირება საკუთარ სერვისებში. Microsoft პირველი დიდი ტექნოლოგიური მოთამაშეა ბაზარზე, რომელიც სისტემის საკუთარ მობილურ ბრაუზერზე დაინსტალირებას დათანხმდა. Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებს არ მოუწერიათ ხელი NewsGuard-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ბრილი და კროვიცი ვარაუდობენ, რომ ამ კუთხით, რაღაც ტიპის რეიტინგები, სოციალურ ქსელებშიც აუცილებლად გაჩნდება.

წყარო: The New York Times

ინგლისის მისტიკური ტყე ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

სმარტფონი, რომელსაც „ურჩხული“ უწოდეს – Nokia 6.1+