ახალი ამბების თვალყურის დევნება არა მხოლოდ პროფესიული აუცილებლობაა, არამედ თქვენი სოციალური პასუხისმგებლობაც. თუმცა, გადაუდებელი შეტყობინებების, რეაქციებისა და გლობალური რეპორტაჟების დაუსრულებელმა ნაკადმა შესაძლოა თქვენი კეთილგანწყობილი სათაურების მიმოხილვა ემოციურ ნაღმის ველად აქციოს.
ახალი ამბების დანიშნულება სამოქალაქო პერსპექტივიდან არის ის, რომ გაცნობოთ მსოფლიოში და თქვენს თემში მიმდინარე მოვლენები, რათა უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენი ცხოვრების, ოჯახისა და ბიზნესისთვის. თუმცა, ბევრი საინფორმაციო ორგანიზაცია ფოკუსირებულია ემოციური რეაქციების გამოწვევაზე ჩართულობისა და დაწკაპუნების მიზნით, რაც უფრო სენსაციურ ისტორიებს იწვევს, ამბობს ლაინერი. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ამბებში გართობის ელემენტი თავისთავად ცუდი არ არის, ეს მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რამდენად გჭირდებათ მისი მოხმარება, თუ ის თქვენზე უარყოფითად მოქმედებს?
გამოსავალი არ არის ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა. ამის ნაცვლად, თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული მიდგომა. თქვენი მიზანია გაიაზროთ, სად, როდის და როგორ ეცნობით ახალ ამბებს, რათა არ გახდეთ მუდმივად გამაღიზიანებელი სათაურების მსხვერპლი. საქმე ისაა, თუ რას გაძლევთ ესა თუ ის ინფორმაცია თქვენ.
ცხადია, რომ ახალი ამბები უნდა მიიღოთ მხოლოდ ეთიკური ჟურნალისტური სტანდარტების მქონე ორგანიზაციებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ შეცდომაში შეგიყვანონ ან მანიპულირება მოახდინონ. დააკვირდით, თუ რას კითხულობთ, უყურებთ და უსმენთ. იფიქრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაინტერესებთ და იმ თემებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრებისა და სამუშაოსთვის.
იგივე ეხება გამოცემებსა და პროგრამებს. თუ გაინტერესებთ კანონმდებლობა ან თქვენი სფეროს საკითხები, გამოიწერეთ ადგილობრივი გაზეთი. თუ გჭირდებათ გარკვეული ტენდენციების განახლება თქვენი სამსახურისთვის, მოძებნეთ შესაბამისი საინფორმაციო წყაროები, პოდკასტები. ასევე გაიაზრეთ, თუ რამდენად ღრმად შედიხართ კონკრეტულ თემაში. მკვეთრად შეამცირეთ სოციალური მედია. ნუ წაიკითხავთ ხალხის რეაქციებს ახალ ამბებზე.
განავითარეთ უფრო ჯანსაღი ჩვევები
დაკვირვებიხართ, რომ მაგალითად, მაღაზიის რიგში დგომისას ამბების გაცნობას იწყებთ? რა მიზანს ემსახურება ეს ქცევა? რას გაძლევთ ასეთი მოქმედება? თუ ახალი ამბები ძალიან გსტრესავთ, კარგი პრაქტიკაა მიმღებლობა ისეთი საკითხების მიმართ, რაც სტრესს გიქმნით – როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორი მოლოდინიც გქონდათ. აუცილებელია უფრო ჯანსაღი ჩვევების განვითარება. ხშირად ურჩევენ მედიტაციას, დღიურის წერას ან ჯიუ-ჯიცუს პრაქტიკას – აქტივობებს, რომლებსაც შეუძლია გააუმჯობესოს ფოკუსირება, შეამსუბუქოს დაძაბულობა და განავითაროს მედეგობა. გირჩევთ იპოვოთ გზები, რომ შეავსოთ ის სიცარიელე, რის გამოც ტელეფონს იღებთ ახალი ამბების შესამოწმებლად. შეგიძლიათ, მაგალითად, მოუსმინოთ წიგნს ან იმედიტიროთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მისცეთ ამის უფლება.
შფოთვის შესამცირებლად, იმოქმედეთ
ბევრი ადამიანი პოულობს კომფორტს საინფორმაციო ბრენდებსა და გარკვეულ საკაბელო გადაცემებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციუმის ნაწილად ყოფნის კომფორტის გრძნობას. ისინი რთავენ, რომ იგრძნონ თავი თემის ნაწილად. მაგრამ როდესაც ეს ქცევა უკიდურესობამდე მიდის, ის შეიძლება ტოქსიკური გახდეს. საინფორმაციო ორგანიზაციებმა შეიძლება პრიორიტეტად დაისახონ აღშფოთების შეგრძნების გამძაფრება აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების ყურება და პოლიტიკურ საკითხებზე ღელვა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, ამან შეიძლება შექმნას რაღაცის კეთების ილუზია. რეალურ სამყაროში ქცევა არის ის, რაც იწვევს პოლიტიკურ ცვლილებას, და არა ეკრანის წინ შფოთვა. ამის ნაცვლად, ოუენი გირჩევთ ფოკუსირება მოახდინოთ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავების შექმნა, როგორიცაა კონკრეტული კანონმდებლობის ადვოკატირება ან ადგილობრივ ინიციატივებში მონაწილეობა. გააკეთეთ რაღაც მნიშვნელოვანი და იმუშავეთ იმ ცვლილების შექმნაზე, რომლის დანახვაც გსურთ თემის დონეზე. ეს არ ნიშნავს, რომ ის გიცავთ ცუდი ამბებისგან ან გიცავთ დროდადრო შფოთვისგან, მაგრამ ის გიცავთ უძლურების შეგრძნებისგან.
ახალი ამბები ძველი მიდგომით
კვლევები აჩვენებს, რომ ციფრული ახალი ამბების გაცნობა, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით, დაკავშირებულია გაზრდილ წუხილსა და შფოთვასთან, რომ არაფერი ვთქვათ „დამსქროლინგის“ პოტენციურ საფრთხეზე. საპირისპიროდ, გვთავაზობენ ძველებურ მიდგომას: წაიკითხეთ ახალი ამბები ბეჭდურად და არა ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ონლაინ სივრცეში თქვენ მუდმივად გადადიხართ ბმულიდან ბმულზე და გეძლევათ შემოთავაზებული კონტენტი, მაგრამ ბეჭდური გაზეთები და ჟურნალები ნაკლებად არის მიმართული თქვენი ყურადღების მისაპყრობად, რაც იძლევა მეტ კონტროლს იმაზე, თუ რას კითხულობთ. ეს მიდგომა შეიძლება შექმნას უფრო ფოკუსირებული მენტალური მდგომარეობა და შეამციროს ონლაინ ახალი ამბების ზემოქმედების უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა.
წყარო: HBR