ლაშა შრუტე მილორავასა და იორგ სკორობოგატოვის ინსომნიაზე შექმნილი პრინტი პოლონური გამოცემის – Newsweek Polska ყდაზე მოხვდა. პრინტი, ჯერ კიდევ, მაშინ შეიქმნა, ავტორები DDB Betterfly-ში რომ მუშაობდნენ.
„დაიძინე!“ – ასე ერქვა 2018 წელს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრინტ კონკურსს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერი უნდა შეექმნათ და ახალგაზრდებისთვის მოეწოდებინათ, მეტად გაეაზრებინათ ის რისკები, რაც უძილობასა და მოუწესრიგებელ ძილს თან ახლავს და საკუთარი ორგანიზმისთვის კარგად გამოძინების საშუალება მიეცათ.
„შემდეგ, პრინტის ინგლისური ვერსია Ads of the World-ზე გავაგზავნეთ. და აი, აქ მიაგნეს Newsweek-იდან“, – ლაშა შრუტე მილორავა.
დღეს, ლაშა JWT Metro-ს კოპირაიტერია, იორგი კი – House of Comm-შია არტ დირექტორი.
უფრო ზუსტად, როგორ მოიპოვეს Newsweek Polska-ში პრინტის გამოყენების უფლება, DDB Betterfly-ს ექაუნთი, სალომე შამუგია გვიყვება: „მას შემდეგ, რაც პრინტი Ads of the Worlds-ზე განთავსდა, პოლონური გამოცემიდან დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, შეიძლებოდა, თუ არა ამ პრინტის გამოყენება. რომ ვკითხეთ, რატომ აირჩიეს, გვითხრეს, რომ ზოგადად, ამ კონკრეტულ ნომერში ინსომნიის თემის გამოტანა სურდათ და მუშაობა დაიწყეს,მაგრამ მიხვდნენ, რომ მოცემულ დროში ვერაფრის გაკეთებას ვერ ასწრებდნენ. დაიწყეს ძებნა და რომ იპოვეს ეს პრინტი, გადაწყვიტეს, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს იპოვიდნენ. ჩვენ შორის მოლაპარაკება შედგა, პრინტის ავტორებსაც დავუკავშირდით და მათგანაც პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა ამ ამბავს. ზოგადად, ნამუშევარი საერთაშორისო ბაზარზე რომ მოიპოვებს პოპულარობას, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც სააგენტოსთვის, ისე უშუალოდ, პრინტის შემქმნელებისთვის“.