in

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში NextGen Voices, რომელიც ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის  გაზიარებას, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროექტის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ მულტიმედიური შინაარსის  შექმნას.

ხორვატიის დედაქალაქში 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტუდენტებმა სხვა საერთაშორისო მონაწილეებთან და მენტორებთან ერთად იმუშავეს Newsroom-ის პრინციპით, რაც გულისხმობს რეალურ ჟურნალისტურ გარემოში საქმიანობას. ერთი კვირის განმავლობაში მათ შექმნეს მულტიმედიური ჟურნალისტური მასალები უახლესი მიდგომებისა და ამბის თხრობის თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით. მუშაობის პროცესში სტუდენტები უკუკავშირს  მოქმედი ევროპელი ჟურნალისტებისგან იღებდნენ.

ქართველმა სტუდენტებმა ზაგრებში  წარადგინეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შექმნილი პილოტური ვიდეო, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიზაციის პროცესში. ნამუშევარი ასახავდა ახალგაზრდების როლს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ აქტიურ სამოქალაქო ჩართულობაში ეხმარება. ვიდეომ დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია როგორც მონაწილეებში, ასევე საერთაშორისო მენტორებს შორის და წარმოაჩინა საქართველოს სტუდენტების კრეატიულობა და პროფესიონალიზმი.

ამ პროექტში მონაწილეობისგან მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე თავად UG-ის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამების სტუდენტები – ინა ლიკლიკაძე, ეთუკა თავართქილაძე და ანანო ომაძე გვიყვებიან. სტუდენტებს NextGen Voices-ში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტის შიდა შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ მიეცათ.

ეთუკა თავართქილაძე:

„ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი  დიდი სიყვარულის გარდა, ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა შიდა სამზარეულო, თუ რა ეტაპებს გადის ინფორმაცია, სანამ ის საჯარო გახდება, როგორ იკრიბება ფაქტები, მზადდება სიუჟეტები და რა წინააღმდეგობები ახლავს ამ პროცესს – სწორედ ამ ინტერესმა გადამაწყვეტინა მონაწილეობა მიმეღო პროექტში, სადაც   მუშაობის თითოეული ეტაპი იყო საინტერესო გამოწვევა. სფეროს გამოცდილ პროფესიონალებთან და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ცოცხალი თანამშრომლობის  პროცესი იყო უდიდესი გამოცდილება, რაც უამრავი ახალი იდეისა და ინსპირაციის მომტანი იქნება ჩემს მომავალ საქმიანობაში. მადლიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის  მხარდაჭერით მომეცა შესაძლებლობა, რეალურ დროში მიმდინარე სამუშაო პროცესის ნაწილი ვყოფილიყავი. ემოციები, რომლებიც თან ახლდა ამ ფესტივალის ფარგლებში მუშაობის პროცესს, დაუვიწყარია“.

ანანო ომაძე:

პროექტში „NextGen Voices” მონაწილეობით საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. შექმნილი იყო გარემო, სადაც პროექტის მონაწილე სტუდენტები აქტიური მუშაობის  პროცესში  ერთმანეთს ვეხმარებოდით და რჩევებს ვუზიარებდით. ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაცნობის გარდა პირისპირ კომუნიკაცია მქონდა მაღალი დონის ჟურნალისტებთან, რომლებიც მენტორები იყვნენ და მათთან ერთად მიწევდა, როგორც  ჟურნალისტური სტატიის, ასევე რეპორტაჟის, ინტერვიუსა და საინფორმაციო, სოცმედია პოსტების მომზადება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში მე თავს ვგრძნობდი მოქმედ  ჟურნალისტად, რადგან  ჩვენ, ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად ვიმუშავეთ  Newsroom-ის პრინციპით, შევქმენით მულტიმედიური მასალები, მივიღეთ უკუკავშირი და გავიარეთ ვორკშოპები როგორც მედიის თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე, ისეთ აქტუალურ  თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის როლი მედიაში,  დეზინფორმაციის გავრცელება და მასთან ბრძოლა. ჯგუფებში მუშაობა დიდი მოტივაციის მომცემი იყო.  განსაკუთრებით საინტერესო იყო ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორთან, გუნდის მენტორთან  მუშობა, რომელიც მნიშვნელოვან, სასარგებლო და საკვანძო რჩევებს გვაძლევდა ჟურნალისტური რეპორტაჟისა და სტატიის მომზადებისას. მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.“

ინა ლიკლიკაძე:

„პროექტის მიმართ დიდი მოლოდინები მქონდა, მაგრამ შედეგმა, შემიძლია ვთქვა, რომ  გადააჭარბა კიდეც. სწავლის პროცესში პრაქტიკული გამოცდილება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს უზრუნველყო ამ პროექტმა. ნიუსრუმში მუშაობა, სხვადასხვა ვორკშოპზე დასწრება, გაანალიზება, კადრების გადაღება, რესპონდენტის სწორად შერჩევა და შემდეგ დათანხმება, ინტერვიუდან საჭირო მონაკვეთების განსაზღვრა და ამოღება უმოკლეს დროში – ეს იმ ეტაპთა მცირე ჩამონათვალია, რასაც ფესტივალზე გავდიოდით. ამ სასიამოვნო სისწრაფემ და მღელვარებამ ჩემი არაერთი უნარი განავითარა და მაგრძნობინა, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი”.

პროექტმა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცა საერთაშორისო ჟურნალისტურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია  სტუდენტების გლობალურ ჟურნალისტურ და საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრირებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეუძლია ტექნოლოგიას, დაეხმაროს ეკოლოგიას

მიკროპლასტმასა მცენარეების ფოტოსინთეზს აფერხებს — კვლევა