in

კომპანია NextSense-ს ყურსასმენი ტვინის სიგნალებს შეისწავლის

Google-ის შვილობილი კომპანია, სახელად NextSense, მუშაობს ყურსასმენზე, რომელსაც ძილისა და ნევროლოგიური მდგომარეობის შესასწავლად, ტვინის ელექტრული სიგნალების ჩაწერა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ინტრუზიულად ჟღერდეს, მოწყობილობა ტვინის შესწავლის პროცესს ბევრად გაამარტივებს. ამასთან, მკვლევართა გუნდის უფრო დიდ მიზანს ელექტროენცეფალოგრამის (EEG) ჩაწერა წარმოადგენს. შესაბამისად, სტარტაპის თანახმად, ბევრი რამ შეიცვლება მათთვის, ვისაც აწუხებს კრუნჩხვები. კერძოდ, არაინვაზიური მეთოდის გამოყენებით, არა მხოლოდ ამ პრობლემის უკეთ შესწავლა გახდება შესაძლებელი, არამედ მისი პროგნოზირებაც.

სტარტაპის იდეა ნაკლებ ინვაზიური ალტერნატივის ირგვლივ შემუშავდა — ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის სტარტაპების ხედვისგან განსხვავებით, როგორიცაა ილონ მასკის Neuralink. თუმცა ასეთ პაწაწინა მოწყობილობაში საკმარისი ელექტროდების მოთავსება, ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი რაოდენობის დასაფიქსირებლად, ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი ტვინიდან გამომავალი სიგნალების გაგების სირთულეზე…

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ყურსასმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება კი ემორის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შემდეგ შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, ჯენ დუიერმა, NextSense-ის სამედიცინო დირექტორმა, აღმოაჩინა, რომ ყურსასმენები საოცრად ეფექტური იყო კრუნჩხვების პროგნოზირებაში.

წარმატებული ექსპერიმენტების შედეგად, NextSense-მა 5.3 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა და ცდილობს, თავისი მოწყობილობა პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს მიაწოდოს. Wired-ის თანახმად, კომპანია გეგმავს, მიმდინარე წლის ბოლოს მოწყობილობა FDA-ის სტატუსის მისაღებად წარადგინოს.

კომპანია ასევე იმედოვნებს, რომ შეისწავლის მოწყობილობის არასამედიცინო გამოყენებას — როგორიცაა მომხმარებლისთვის ძილის ხარისხის დეტალური სურათის მიწოდება.

Skoda Karoq 2022 – მეტი მიმზიდველობა და აეროდინამიკა

როგორ ადაპტირდეთ ახალ სამსახურში, თუ წინა კომპანიაში დიდი დრო გაატარეთ?