6
Dec
2019

Pokémon Go-ს შემქმნელი კომპანია გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს

6 Dec 2019

Alta
Alta


Niantic – ანუ კომპანია, რომელმაც უკვდავი და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში – Pokémon Go შექმნა, გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ განაცხადა, რომ ამისათვის ტექნოლოგიურ კომპანია Qualcomm-თან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც Facebook და Apple-ია, უკვე მუშაობენ მსგავსი პროდუქტის – AR სათვალის შექმნაზე.

Niantic AR სათველისთვის Qualcomm-ის ახალ, შერეული რეალობის ჩიპს გამოიყენებს, რამაც შესაძლოა, AR სათვალეების ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოსვლა დააჩქაროს. ჯერჯერობით, უცნობია, იქნება, თუ არა AR სათვალის გამოყენება შესაძლებელი Pokémon Go-ს თამაშისას. CNET-ის ცნობით, კომპანიები უფრო სათვალის გამოგონებას აპირებენ, ვიდრე წარმოებას. სავარაუდოდ, მოდელის წარმოების ლიცენზიას ისინი სხვა კომპანიებს მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ Qualcomm-ის ჩიპს იყენებს Microsoft, ჰოლოგრაფიულ კომპიუტერ HoloLens-ში. მაგალითად მოდელ HoloLens 2 Qualcomm-ის ჩიპ – Snapdragon 850-ზე მუშაობს. ზოგადად, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია მეტად სპეციალიზებულ სფეროებში გამოიყენება და ნაკლებადაა ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ბაზარზე. თუმცა, რამდენიმე ტექნოლოგიური გიგანტი, მათ შორის კი უკვე Niantic-იც ცდილობს, ეს ტექნოლოგია იმდენად მარტივად ხელმისაწვდომი გახადონ, რომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.

განხილვა