აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის შეარჩიეთ წიგნი მაღაზიაში? და რის მიხედვით გააკეთეთ არჩევანი? გამოვლინდა, რომ ადამიანებს ახლა სხვა კრიტერიუმები აქვთ, რის გამოც ბევრი საინტერესო ამბავი წაუკითხავი რჩებათ. ანიმაციურ სტუდია Niceshit-ს კი სწორედ ამ ტენდენციასთან სურს გამკლავება, ამიტომ იმგვარი აქტივობები შემოგვთავაზეს, რომლითაც ადამიანებს უბიძგებენ, არჩევანი წიგნის ყდის კი არა, თავად მასში არსებული ისტორიების მიხედვით გააკეთონ.
„ეს კამპანია მიზნად ისახავს მაღაზიაში წიგნის შერჩევის ტენდენციის გააქტიურებას და ადამიანების დახმარებას, აღმოაჩინონ ახალი წიგნები — აღარ არის საჭირო წიგნის ყდით შეფასება“, — აცხადებენ სტუდიაში.
პროექტის შთაგონება შემდგომი სტატისტიკური მონაცემი გახდა: მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად მილიონი ახალი წიგნი გამოდის, თუმცა მათგან მხოლოდ 1% თუ ახერხებს 5000-ზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვას. ამაში ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ წიგნების ნახევარი ონლაინ იყიდება. შესაბამისად, მაღაზიაში წიგნის შერჩევის გამოცდილება გაქრობის საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, რაც Niceshit-ის გუნდს ნამდვილად არ სურს.
ამგვარად, ანიმაციებთან ერთად, ილუსტრაციების სერიას გვთავაზობენ — კამპანია 3 წიგნს აცოცხლებს, მათ შორისაა დოლი ოლდერტონის „მოჩვენებები“, დენიელ სლოსის Everyone You Hate Is Going to Die და კელი ბარნჰილის When Women Were Dragons. ეს სამეული მხოლოდ იმიტომ კი არ შეირჩა, რომ მკითხველს ამაღელვებელ ისტორიებს უზიარებს, არამედ იმიტომაც, რომ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მოკლედ ისინი ცდილობენ, წიგნში არსებული სამყარო ანიმაციებითა და ილუსტრაციებით გააცოცხლონ. ასე კი მკითხველსაც გაუჩინონ ინტერესი წიგნის ყდის მიღმა არსებული სამყაროსადმი.
მიუხედავად წიგნების განსხვავებულობისა, თითოული მაინც მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ერთის ნაწილს წარმოადგენს — „თითოეულ ფილმს განსხვავებულად მივუდექით, რისი შთაგონებაც როგორც ავტორი, ისე ამბავი გახლდათ. ჩვენ ვეძებდით შეგრძნებას, რომელიც დაეხმარებოდა მათ, თავი რაღაც ერთის ნაწილად ეგრძნოთ, მაშინაც კი, როცა ილუსტრაციების სტილი განსხვავებული იყო“.