ნიკა დვალიძე: “გამბედაობას შეცდომად აღვიქვამთ “ცუდად ყოფნის” პერიოდში და გამოცდილებას ვარქმევთ კარგად ყოფნისას. გამბედავი, რისკიანი ნაბიჯები შეცდომაა მაშინ, როდესაც ყოველთვიური შემოსავლის გარეშე ხარ და კრედიტია გადასახდელი, მაგრამ გამოსავლის პოვნისთანავე, ჩვენი ტვინი ამ ნაბიჯს საამაყოდ და წარმატებულად აფასებს და შემდეგ მას სხვებს ვუზიარებთ.
პირველი, დიდი რისკიანი არჩევანის წინაშე, 2010 წელს, ტელეკომპანია Music Box-ში დავდექი: დავრჩენილიყავი სამსახურში, სადაც 5 წელი ვიმუშავე და თავი ამოვწურე, ან ალტერნატივის გარეშე წამოვსულიყავი. დავწერე განცხადება და ნაცნობებში იმის “პიარი” დავიწყე, რომ ალტერნატივას ვეძებდი. გამიმართლა (?), წამოსვლამდე 3 დღით ადრე “იმედში” გადასვლა შემომთავაზეს.
2012 წელს, დასასვენებლად მარტო წასვლა ვერ გავრისკე, პროექტები დავიმატე და ზაფხული მუშაობაში გავატარე პრინციპით “გარისკვა თუ არ გამომდის, გარანტირებულ ფულს მაინც გავაკეთებ”. შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად, გათვლილი ხელფასის მესამედი შემრჩა. გამბედავი ნაბიჯისგან თავის შეკავება შეცდომა იქნებოდა, 2013 წელს რომ არ ამესრულებინა 2012-ის სურვილები. ამ შემთხვევაში, 2012-ის “ჩავარდნის” კომპენსირება მოვახდინე.
ზოგადად, ითვლება, რომ ტელევიზიიდან არ მოდიან. შარშან დავდექი არჩევანის წინაშე: მერბინა სართულ-სართულ და ტელეკომპანია “იმედის” ახალი მენეჯმენტისთვის მემტკიცებინა, რომ საჭირო კადრი ვიყავი, ან წამოვსულიყავი და რამე ახალზე მეფიქრა. საბოლოოდ, წამოვედი. ბევრჯერ მქონია მომენტი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მინანია, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა მის სისწორეში დამარწმუნა.
შემოდგომაზე კარგად ნაცნობი ჟურნალისტიკისა და პიარის ნაცვლად, შეერთებული შტატების ვიზა ავიღე და ერთ თვეში ნიუ-იორკში გავფრინდი, რაც გარშემომყოფებისთვის გაუმართლებელი ნაბიჯი (“ასეთი სივის პარტონი, ვიღაცის მოსამსახურე უნდა იყო?!”) გახლდათ.
როგორ მოულოდნელადაც წავედი, ისევე მოულოდნელად ჩამოვედი. დღეს, ამ ნაბიჯს შეცდომას ვუწოდებ იმ დღეებში, როდესაც აქაური გარემო არ მომწონს და სწორად ვთვლი მაშინ, როდესაც ჩავლილი დღით კმაყოფილი ვარ. ზუსტად როდისაა გამბედავი ნაბიჯი გამართლებული, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ: იმისთვის არ ვცხოვრობ, რომ საკუთარი თავი კომფორტის ზონაში ვამყოფო.