in

ნიკა ხარატი – ადამიანი, რომელმაც მუზეუმში ჩარჩოები გააქრო

სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით ხოლმე ვიდეოებს, რომლებშიც იაპონიის, საფრანგეთისა და ამერიკის ციფრული მუზეუმებია ასახული. ამ ვიდეოებში ჩვენ ვხედავთ, როგორ იძირებიან მუზეუმების ვიზიტორები კლიმტის, ჰუნდერტვასერის, ვან გოგის, შაგალის, მანესა თუ რენუარის ნამუშევრებში. მათ უმეტესობას, ვისაც ეს ვიდეოები უნახავს, უოცნებია კიდეც, რომ საყვარელი მხატვრების შემოქმედებაში მსგავსად შეეძლოს ჩაძირვა. საქართველოში იმერსიული ხელოვნების ხილვა სულ ცოტა ხნის წინ მართლაც ოცნება იყო – შეუიარაღებელი თვალითაც და გონებითაც ჩანს, თუ რამხელა რესურსი სჭირდება მის შექმნას. თუმცა, მოხდა ისე, რომ ადამიანთა კონკრეტულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, გაებედა და ამ ინოვაციურ პროექტზე მუშაობა დაეწყო.

დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ერთგვარ “ინოვაციების კერაში” ბეთლემის 10-ში, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ “დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი” იყო და სადაც დღეს ილუზიების მუზეუმი მდებარეობს, არის იმერსიული ხელოვნების მუზეუმი, სახელად “ჰოლოზეუმი”. ყველამ კარგად იცის-თქო ვამბობთ იმიტომ, რომ მასზე არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური მედიებიც ალაპარაკდნენ და, ფაქტობრივად, მისი გახსნის ამბავი ხალხის უდიდეს მასას მიწვდა. და ვისი შემოქმედება უნდა გამოფენილიყო პირველად ციფრულად საქართველოში, თუ არა ფიროსმანის?! ამჟამად ჰოლოზეუმში სწორედ მისი გაცოცხლებული ნამუშევრების ხილვაა შესაძლებელი.

მთელ ამ ამბავში კი არსებობს ერთი ისეთი ადამიანი, რომელმაც, 2 წლის განმავლობაში უდიდესი რესურსი და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ ჰოლოზეუმი შემდგარიყო. საინტერესო კი ისაა, რომ ეს მუზეუმი მისთვის პირველი გამოცდილებაა და მანამდე მას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. საუბარი ნიკა ხარატზე გვაქვს, რომელიც, დღეს ჰოლოზეუმის არტ-დირექტორია და ახლა, სწორედ მისი ამბავი უნდა მოგიყვეთ..

“ჩემი პროფესიის აღწერა რთულია.. ალბათ ეს გლობალური ფენომენია, რომ თანამედროვე პროფესიების აღწერა უფრო და უფრო რთული ხდება. მე ვარ არტ დირექტორი, ძირითადად, “ციფრულ” და ინტერაქტიულ ხელოვნებას ვქმნი, თუმცა, ტრადიციული დიზაინით და მედიით დავიწყე. ამჟამად ჩემთვის მთავარი ფოკუსი ჰოლოზეუმის და მასთან დაკავშირებული პროექტების განვითარებაა.”

როგორც თვითონ გვიყვება, ბავშვობაში კომპიუტერული თამაშებითა და ზოგადად კომპიუტერებით იყო დაინტერესებული. ცდილობდა, საკუთარი კომპიუტერები ყოველთვის თვითონ აეწყო და უკვე აწყობილ ტექნიკას ერიდებოდა. როცა სკოლას ამთავრებდა, თამაშების შექმნით დაინტერესდა..

“არსებობს ასეთი ცნება, როგორიც არის “მოდინგი”, რაც გულისხმობს, რომ თამაშს თვითონ მომხმარებელი ცვლის და ამოდიფიცირებს მარტივი კოდებით ან თავისი მოდელებით. მე სწორედ ასეთი “მოდერი” ვიყავი. ამ ეტაპზე იმედი მქონდა, რომ თამაშების კონცეპტ არტისტი და დიზაინერი ვიქნებოდი, ცოცხალი სამყაროების შექმნა მინდოდა..”

M: როცა წამოიზარდე, რა მიმართულებით და სად გადაწყვიტე განათლების მიღება?

არ მქონდა იმედი, რომ ისეთ უნივერსისტეტში მოვხვდებოდი, რომელიც ჩემს ინტერესებს დააკმაყოფილებდა. რაღაც მოსაწყენს და სტანდარტულს ველოდი, მაგრამ შემდეგ, უნივერსიტეტების გამოფენაზე შემთხვევით ვნახე ჯიპას მედია ხელოვნების კურსის ბუკლეტი. ეს კურსი იმ პერიოდში იხსნებოდა და გადავწყვიტე, მის პირველ ნაკადში მოვხვედრილიყავი. ამ კურსზე ავითვისე იმ ცოდნის უმეტესობა, რომელსაც დღეს ვიყენებ. ჩვენი ლექტორები ქვეყნაში წამყვანი პროფესიონალები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ეტაპზე ასეთ ცოდნას საქართველოში სხვაგან ვერსად მივიღებდი და მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.

M: როგორც ვიცი, სწორედ ჯიპას უკავშირდება შენი “ჰოლოზეუმის” პროექტში ჩართვაც..

ჯიპაში ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ლევან ბახია იყო. რაღაცნაირი იდეური “კლიკი” მოხდა ჩვენ შორის – ალბათ, ლევანმა დაინახა ჩემში ის, რაც იმ დროს სჭირდებოდა პროექტს. კურსის ბოლო სემესტრი ბელგიაში გაცვლითი პროგრამით დავამთავრე. თუმცა, მოლაპარაკების დონეზე ვიცოდი, რომ ჩამოსვლისთანავე შემეძლო მუშაობის დაწყება ერთ პროექტზე ლევანთან. ეს პროექტი ჰოლოზეუმი აღმოჩნდა. 

ნიკა ამბობს, რომ ყოველთვის იზიდავდა ახალი სამყაროების შექმნა. ყველაზე მეტად კი, ეს ახალი და შთამბეჭდავი ტექნოლოგიებით სურდა. სწორედ ამან მიიზიდა ჯერ კიდევ სტუდენტი ნიკა ჰოლოზეუმის იდეაში.

“არსებობს ასეთი ცნება, იმერსია, რაც ჩაძირულობას ნიშნავს – როდესაც შენ ხელოვნების ნიმუშში, ფილმში ან თამაშში იმდენად ხარ ჩაძირული, რომ ის სამყარო შენთვის ცოტა ხნით მაინც ნამდვილი ხდება. ჰოლოზეუმის ფიროსმანის გამოფენის შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ფიროსმანში და მის სამყაროში ვიძირებით.”

.უნივერსიტეტის მერე ეს იყო ნიკას პირველი სამსახური და პირველი შეხება მსგავსი ტიპის, დიდი მასშტაბის პროექტთან. თანაც ციფრული და ინტერაქტიული ხელოვნება ხომ ისედაც იშვიათია საქართველოში. რაც კი ოდესმე გაუკეთებია, ამ პროექტთან ყველაზე ახლოს მისი საბაკალავრო ნამუშევარია, რომელიც ბელგიაში შექმნა და ის აუგმენტირებული რეალობის აპლიკაციას წარმოადგენს. 

M: როგორ დაიწყო მუზეუმზე მუშაობა და რა როლი დაგეკისრა?

თავიდან კონცეპტ-არტისტი და დიზაინერი ვიყავი, მალევე არტ-დირექტორი გავხდი. ჩემი ფუნქცია თვითონ ინსტალაციების იდეები, შინაარსი და მათი ვიზუალი იყო. მაგრამ ჩვენს გუნდში ხშირად ყველა წევრი ყველანაირ როლს ასრულებდა, ამიტომაც პროექტის დროს კაბელების გაყვანაც მომიწია, პატარა სკრიპტების დაწერაც და თვითონ პროექციის კედელზე დამეპვაც. 

 M: როგორც ვიცით, ეს პროექტი 8 თვეში უნდა შესრულებულიყო, თუმცა ორი წელი დასჭირდა.. მოგვიყევი ეტაპებად, როგორ ვითარდებოდა “ჰოლოზეუმი”..

ჰოლოზეუმის პირველი კონცეფცია დასკანირებული საქართველოს ჰოლოგრაფიული ვერსია იყო. შემდგომ ის გახდა ფიზიკის და სამყაროს გამოფენა, სადაც ჩვენ ვუპასუხებდით სამყაროს სამ ფუნდამენტურ კითხვას – ეს ყველა პროექტი დღესაც არსებობს და მალე დასრულდება ოღონდ სხვა, არა ჰოლოზეუმის ფორმაში. ბოლოს ჩამოვყალიბდით ხელოვნების გამოფენაზე, პარიზის ლუმიერების გამოფენისა და იაპონიის თიმ ლაბის მსგავსად. უკვე ამ ეტაპზე, ჩვენს პროექტში ჩაერთო საქართველოს ბანკი. მათი უდიდესი დახმარების გარეშე ჰოლოზეუმი, სავარაუდოდ, ვერც გაიხსნებოდა. 

M: გვიამბე იმ სირთულეებზეც, რომლებიც ამ მუზეუმის შექმნისას შეგხვდათ..

ბევრი ტექნოლოგია შევქმენით და ბევრი პროგრამა დავწერეთ ჩვენით, რადგანაც არსებული ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ფასი ხშირად მილიონ ევროს აღემატება. საბედნიეროდ, ის ადამიანები ვისთანაც ერთად ვმუშაობდით, ჩემი აზრით, გენიოსები არიან და ყველაფერი გამოგვივიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დეველოპმენტის დროს ძილზე და დასვენებაზე ლაპარაკიც არ იყო და ბევრი ვიწვალეთ. ამას გარდა, ფინანსური პრობლემებიც შეგვხვდა – ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი იყო, რაც მოსალოდნელია, როდესაც რამე ახალს ქმნი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მაინც დიდი ზეგავლენა აქვს გუნდის პროდუქტიულობაზე.

M: ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია საქართველოში ჰოლოზეუმი, რომელშიც, როგორც ვიცი, ძალიან დიდი შრომა ჩადე – რა იყო ის ინსპირაცია, რამაც სხვებთან ერთად ამ პროექტის შექმნა შეგაძლებინა?

ჰოლოზეუმს აქვს სამი აშკარა ინსპირაცია – atelier des lumieres საფრანგეთში, teamlab იაპონიაში და artechouse ამერიკაში. ეს სამი გალერეა არის, ალბათ, ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ციფრული ხელოვნების სამყაროში. ვისაც შანსი გაქვთ, გირჩევთ, თქვენი თვალით ნახოთ, ან ინტერნეტში მაინც დაათვალიეროთ ისინი – მართლა საოცრებაა.

M: დღეს რას საქმიანობ ჰოლოზეუმში და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ჩემთვის ჰოლოზეუმის პროექტი არ მორჩენილა. ჯერ კიდევ ვხვეწავთ და ვაუმჯობესებთ მას. მალე ჰოლოზეუმში მეორე გამოფენაც გაიხსნება და კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად Museum of Out-of-body experience, რომლის ახსნაც ძალიან რთულია, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავთ. ჰოლოზეუმი მხოლოდ დასაწყისია ჩვენთვის, რასაკვირველია, თუ ყველაფერი კარგად წავიდა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ძილში

COVID-19-ის პრევენციისთვის „ევროპაბეთი“ დისტანციურ მუშაობაზე გადადის