in

ნიკოლოზ კუმბარი – #პირველისამსახური

პირველი შემოსავალი 11 წლის ასაკში მივიღე. ჩემს სკოლამდე ფეხით მისასვლელად საათნახევარი მჭირდებოდა. გაკვეთილები 3 საათზე მეწყებოდა. გზად, უნივერმაღი უნდა გამევლო, სადაც ხშირად ვათვალიერებდი ხოლმე სათამაშოებს. იქვე, ქართველ აზერბაიჯანელებს თუ სომხებს სპორტული ფეხსაცმელების მაღაზია ჰქონდათ. ერთხელაც, მკითხეს, რომელ სკოლაში ვსწავლობდი. აღმოჩნდა, რომ იმავე უბანში ჰქონდათ მეორე მაღაზია და ბუღალტრული დოკუმენტები გამატანეს. მოგეხსენებათ, მაშინ მეილი არ იყო, ამიტომ კვირაში ერთხელ მათი საბუთები მე დამქონდა ხოლმე. ფეხსაცმელებიც მაჩუქეს, მოგროვილი ანაზღაურებით კი ხატვაზე დავიწყე სიარული და დედაჩემს აღარ ვთხოვდი ფულს.

სტუდენტობისას, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში მონუმენტურ მხატვრობას ვსწავლობდი. ანიმაციების შექმნით დავინტერესდი. უმაღლესში სწავლას თავი დავანებე და კომპიუტერული პროგრამების სწავლა გადავწყვიტე. მაშინ ასეთ კურსებზე ვამბობდით ხოლმე „კომპიუტერს ვსწავლობო“. ავითვისე გრაფიკული პროგრამები – Photoshop, Macromedia Flash, შედეგად შევძელი შემექმნა ანიმირებული საიტები. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მარტივი იყო, რომ ძალიან კარგად ავითვისე და იმავე სასწავლო ცენტრში შემომთავაზეს მასწავლებლობა. დავთანხმდი და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (2002-2007 წლებში) ვასწავლიდი გრაფიკულ პროგრამებს – Photoshop, Illustrator, Corel, Macromedia Flash, Dreamviewer და სხვა. უამრავმა ადამიანმა გაიარა ჩემ ხელში – ზოგი სააგენტო „სარკეში“ მუშაობდა, ზოგი სტამბაში, აკადემიაში ასწავლიდა.

ამ ყველაფერში რთული ის იყო, რომ ხალხთან ურთიერთობა მიძნელდებოდა. არ მქონდა თავდაჯერებულობა, რომ ვიღაცისთვის შემეძლო მესწავლებინა და ცოდნა რეალურად გადამეცა. სულ ვფიქრობდი, რა კითხვები შეიძლებოდა დაესვათ, რომ ამისთვის მზად ვყოფილიყავი. ასევე, მოსწავლეებს ვეკითხებოდი, რა აინტერესებდათ, რისთვის უნდოდათ კონკრეტული რაღაცის სწავლა. შემდეგ, მე ვაკეთებდი დამოუკიდებლად, თუ ჩემთვისაც სიახლე იყო, კარგად გავერკვეოდი. მაშინ ინტერნეტი ფუფუნება იყო, ამიტომ Help-ში შევდიოდი და იქიდან ვითვისებდი. ინტერნეტი შეზღუდულად გვქონდა და სარგებლობა მხოლოდ 1 გაკვეთილზე შეგვეძლო, როცა შესაბამის საკითხებს გავდიოდით.

სულ მეკითხებოდნენ, მე რატომ არ ვქმნიდი დიზაინს. იმ დროისათვის დიდად არ მაინტერესებდა, უფრო ჩემთვის ვაკეთებდი გასართობად. ტექნიკურად სრულად ვიცოდი, რა როგორ კეთდებოდა. შემდეგ, ისევ ამ კომპანიაში გამოჩნდნენ დამკვეთები – ზოგს საიტი უნდოდა, ზოგს ბროშურა და ნელ-ნელა ჩემს ცხოვრებაშიც შემოვიდა დიზაინში. შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელსაც ვებგვერდები სჭირდებოდა პატარა ონლაინ მაღაზიებისთვის და ამაზე დავიწყე მუშაობა. ასე გადავედი ვებდიზაინში. ეტაპობრივად, ჩემი შეხედულებაც შეიცვალა – ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი ნაწილითაც დავინტერესდი. ამის მერე Behance და Dribbble აღმოვაჩინე, სადაც ნამუშევრის განთავსება მარტივი არ იყო. პორტფოლიო შევკარი და მალევე წამოვიდა დაინტერესება სააგენტოების მხრიდან.

ნიკოლოზ კუმბარი – შემოქმედებითი სააგენტო Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი.

ქეთი ტატიშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

F1-ის მრბოლელმა ლეგოს კუბიკებისგან შექმნილი სუპერ მანქანა გაატარა!