in

„თვალი ინსპირაციის უშრეტი საშუალებაა“ – ნიკოლოზ კუმბარის პროექტი Ophthalmology

„ალბათ, ყველას დაუხატავს თითო თვალი მაინც. ის ხომ ერთ-ერთი პირველადი ვიზუალური ობიექტია და ინტერპრეტაციის უშრეტ საშუალებას გვაძლევს“  

დღეს, დიზაინერის, სააგენტო Holy Motors-ის თანადამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის ნიკოლოზ კუმბარის ახალ პროექტზე Ophthalmology უნდა გიამბოთ. ეს ბოლო პერიოდის ილუსტრაციების ნაკრებია. ნამუშევრების მთავარი იდეა თვალის გარშემო ვიზუალური კონცეფციების შექმნა და სხვადასხვა მიგნების ერთ გრაფიკულ სტილში გაერთიანებაა. 

მიზანდასახულად არ დამიგეგმავს ეს პროექტი. ძირითადად, თავისუფალ დროს დასვენება-შესვენებისას, სხვადასხვა კონცეფციაზე ან სტილის ექსპერიმენტზე ვმუშაობ ხოლმე. ერთ-ერთი ჩანახატისას, მარტივი ანიმაციის იდეა მომივიდა და თანდათან, ამ პატარა სამყაროდ გადაიქცა. ზოგადად, მიყვარს რამე კონცეფციას რომ დავინახავ, მისი რამდენიმე ვიზუალში თემატურად გაშლა, ვიზუალური კოლექციის მსგავსად. ასე მიეწყო რამდენიმე ხილვა და საბოლოოდ, საერთო სახელის ქვეშ გავაერთიანე“, – ამბობს ნიკოლოზ კუმბარი.

პროექტში 8 სხვადასხვა კონცეფცია და კომპოზიცია შედის. თითოეულს თავისი თემატიკა აქვს, ან საკუთარი პერსონაჟები ჰყავს.

ზოგადად, თვალი გარემოს (ინფორმაციის/ვიზუალის) შთამნთქმელი ორგანოა, შემეცნების ინსტრუმენტია, რაც ერთ-ერთ კონცეფციაში Eye Catcher-ში გამოვიყენე. კომპოზიცია Oizys შთაგონებულია ბერძნულ მითოლოგიაში სევდის, მწუხარების, დეპრესიის ქალღმერთით. შესაბამისად, ამ ნამუშევარში ნაწილაკები უზარმაზარ თვალს ეთაყვანებიან, საიდანაც, ასევე, უზარმაზარი ცრემლი ამოდის. Eye Pills ყურადღების დეფიციტის ტაბლეტებია, Eye Floaters – ში კი თვალის ტივტივა ნაწილაკები გადავაქციე პატარა ადამიანების რასად. დანარჩენი ნამუშევრები ან უბრალოდ სიტყვების თამაშით დაიწყო, ან ყველასთვის ნაცნობი შიშებით არის შთაგონებული. მაგალითად, მუდმივი თვალთვალის შიშით“, – ამბობს ნიკოლოზ კუმბარი.

ახლა კი ნახეთ Ophthalmology-ში შესული ნამუშევრები:

Oizys 

EYE PILLS

EYE SEE YOU

Eye’s Cubes

EYE CATCHER

EYE FLOATERS

EYE CATCHER

ALL EYES ON YOU

 

p.s. პროექტი Ophthalmology, სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ნიკოლოზ კუმბარის Behance-გვერდზე.

 

Windows 11-ში Paint-ის აპლიკაციის დიზაინი განახლდება!

„მე მე მე“ – ბავშვივით ლაღი ქართული ბრენდი, რომელიც Yves Saint Laurent-ში მიღებული გამოცდილებით იქმნება