20
აპრ
2018

„ღამის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიის ჩართულობა“ – როგორ განვითარდება თბილისში ღამის ეკონომიკა?!

20 აპრ 2018

„ღამის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამაში კი დიდი როლი სარეკლამო და კრეატიულმა სააგენტოებმა უნდა შეასრულონ“, – აღნიშნა  პრეზენტაციაზე ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

რა არის ღამის ეკონომიკა, როგორ უნდა განვითარდეს ის თბილისში, რა შესაძლებლობებია ამისთვის დედაქალაქში და რა კომპონენტებია აუცილებელი – თბილისის მერმა კახა კალაძემ და ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრეს.

ღამის ეკონომიკა 20:00 საათიდან 08:08 საათამდე მიმდინარე ეკონომიკური აქტივობაა. ბევრ ქვეყანაში უკვე ცალკე პროექტი, დამოუკიდებელი ბრენდია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, მისი შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტებია: სატრანსპორტო სქემისა და ხმაურის დარეგულირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული და გასართობი ობიექტების გარე უბნებში გატანა,  კულტურული აქტივობები და საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

კახა კალაძისა და სერგი გვარჯალაძის თქმით, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ასპარეზზე კომუნიკაცია ღამის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, დღეს საქართველოში კრეატიული ინდუსტრია კი მზარდი და საკმაოდ აქტიური, ამიტომ მათი პროექტში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა. პროექტის მიზანია ზემოხსენებული სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე“.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტზე  მუშაობის საწყის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება კვლევა პერსპექტიული მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე. კვლევის მიზანი, ასევე, იქნება თბილისის ყველა უბნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოტენციალის შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნება სტრატეგია.

„თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინიციატივების განხორციელებისათვის იგეგმება ღამის ტრანსპორტის მოწესრიგება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობის განხორციელება, მათ შორის ღამის ღია კინო – თეატრებისა და ღამის მუზეუმების ამოქმედება. გარდა ამისა, სტარტაპერებს მიეცემათ საშუალება ბიზნეს აქსელერატორებისა და შემოთავაზებული საინვესტიციო პაკეტების მეშვეობით განავითარონ ახალი ბიზნეს პროექტები. აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით“.

განხილვა