in ,

Night Pizza – პიცა მათთვის ვისაც ღამის ცხოვრება და გემრიელი პიცა უყვარს

Startauperi
Startauperi

სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალი და ძალიან საინტერესო Start up-ი გამოჩნდა – NIGHT PIZZA – პიცა და სასმელი ადგილზე მიტანით, ოღონდ მხოლოდ ღამით.

NIGHT PIZZA ძირითადად მათთვისაა,  ვისაც მეგობრული შეკრებები უყვარს. მეგობრებთან ერთად ემზადება გარეთ გასასვლელად, ან საინტერესო ღამის შემდეგ, მშიერი ბრუნდება სახლში.

ბექა მეფარიშვილი NIGHT PIZZA -ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. უცვლელად წარმოგიდგენთ, თუ როგორ გაგვაცნო მან კომპანიის კონცეფცია. აქვე გეტყვით, რომ კომპანიის ბრენდინგზე ძალიან ნიჭიერმა დიზაინერებმა – რუსლან ბერიძემ, ზაზა მეტრეველმა და თენგო ბეგოიძემ იმუშავეს.

 1

იყო დრო, როცა ღამე, ჩვენთვის მხოლოდ დღის ლოგიკურ და გარდაუვალ დასასრულს ნიშნავდა –  მორჩილად მივყვებოდით საჩვენებელ თითს, რომელიც ხან კბილის ჯაგრისისკენ, ხან კიდევ ლოგინისკენ მიგვითითებდა. მერე წიგნს ცხვირწინ დაგვიხურავდნენ, შუბლზე სწრაფად გვაკოცებდნენ და სრულ სიბნელეში დარჩენილები მხოლოდ ერთს თუ წამოვიძახებდით – “კარი ცოტათი ღია დატოვე”…

თავში მაშინ მხოლოდ ის ფიქრი გვიტრიალებდა, რომ ყველაზე საინტერესო, უჩვეულო და განსაკუთრებული სწორედ ახლა იწყება. ღამით… და რომ ჩვენთვის “ჯერ კიდევ ძალიან ადრეა”.

მერე ღამეს გემო გავუსინჯეთ და ეჭვებიც დადასტურდა: ხან საოცრად ტკბილი, ხანაც ცრემლებამდე ცხარე, ზოგჯერ ზომიერად მარილიანი, ზოგჯერ კი, განსაკუთრებულად პიკანტური – თან მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ღამე.

“სამზარეულო აღარ მუშაობს”, “სასმელი გარეთ დატოვეთ”, “ვიკეტებით”… ჩვენს ღამეებს ბევრი “მტერი” აღმოაჩნდა – ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები, რომლებიც ისედაც ხანმოკლე ღამეებს, კიდევ უფრო ამოკლებდნენ.

2

გადავწყვიტეთ, რომ მოქმედების დროა და შევქმენით NIGHT PIZZA – ჩვენთვის და ყველასთვის:

მათთვის, ვისაც მუდმივად ერთმანეთში ერევა  “დღეს” და “ხვალ”,
ვისაც ღამის შიმშილი აწუხებს, ვინც მუდამ გამოუძინებელია,
ვისთვისაც სიბნელის გასანათებლად, მაცივრიდან გამოსული შუქიც კი საკმარისია,
და ვისაც უბრალოდ “ღამის ცხოვრება” კი არა, “ღამით ცხოვრება” უყვარს.

მოვიფიქრეთ ღამის პიცები –  ამერიკულად ნოყიერი, იტალიურად არომატული…

3

პიცის მიტანასთან ერთად დავამატეთ სასმელის და სიგარეტის მიტანის სერვისიც – ყველაფერი რაც ღამით შეიძლება დაგჭირდეს.

4

მოვიგონეთ შესაბამისი ვიზუალური იდენტობა, ისეთი, ღამეს რომ უხდება – უცნაური, აბსურდული პერსონაჟებით, რომელთა მნიშვნელობა და წარმომავლობა, ხანდახან, ჩვენთვისაც გაუგებარია.

რაც მთავარია, სულ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ღამე უფრო საინტერესო გახდეს…

ასე რომ, ღამით ცხოვრების მოყვარულებო, მოვლენების საინტერესოდ განვითარებას და კიდევ უფრო ხანგრძლივ ღამეებს გპირდებით.



ბალანსი „ჩვენ“-სა და „მე“-ს შორის: საუკეთესო სამუშაო სივრცე მარტოობასაც გულისხმობს

“ქალად გაჩენის პრობლემა” – “Care Norway”-ის სოციალური რეკლამა